ავტორი:

"კახელი" იაპონელის გზა კიოტოდან სოფელ შალაურამდე - "სულ მინდოდა ჩემი ღვინის დაყენება... საფერავის ვენახი შევიძინე“

"კახელი" იაპონელის გზა კიოტოდან სოფელ შალაურამდე - "სულ მინდოდა ჩემი ღვინის დაყენება... საფერავის ვენახი შევიძინე“

კანჯი საკემი იაპონიაში, ქალაქ კიოტოში დაიბადა, სკოლა და უნივერსიტეტიც იქ დაამთავრა და 2018 წელს საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში, გაცვლითი პროგრამით სწავლობდა მევენახეობა-მეღვინეობას. ერთხელ ლექცია ჰქონდა ქართული ღვინის ისტორიაზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იყო ლექტორი ჩასული და პირველად სწორედ მაშინ შეიტყო საქართველოს შესახებ. შემდეგ ქართველმა მეგობარმა დაბადების დღეზე ქართული ღვინო აჩუქა - ქვევრში დაყენებული რქაწითელი, რომელსაც მისთვის სხვანაირი, საინტერესო გემო ჰქონდა. მერე გადაწყვიტა ქართული შეესწავლა და საქართველოში ჩამოვიდა. თავიდან სენაკში ცხოვრობდა, შემდეგ აჭარაში, ახლახან კი თელავის მუნიციპალიტეტში,სოფელ შალაურში შეიძინა ვენახი. თავის საინტერესო ყოფაზე კანჯი საკემი გვიამბობს.

- საქართველოში ექვს წელიწადზე მეტია ვცხოვრობ და სულ მინდოდა ჩემი ღვინის დაყენება, თან ქართული ღვინისადმი ინტერესია საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზეზი. კარგა ხანია აქა ვარ და ვიფიქრე, უკვე დროა დავიწყო-მეთქი. ჯერ ახალი დაწყებული მაქვს და ყველაფერი უნდა ვისწავლო მევენახეობაზე, აქაური ვაზის მოვლის წესებზე. 15-20 წლის საფერავის ვენახი შევიძინე, ყოფილი მესაკუთრე თვითონ მეღვინეა და ვაზის მოვლას მასწავლის. ეგ დიდი დახმარებაა, რადგან პრაქტიკული მევენახეობის გამოცდილება ჯერ არ მქონდა.

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეგხვდათ?

- უდიდესი სირთულე ქართული ენაა. დასაწყისში ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვაგრძელებ სწავლას, რომ აქაურ ხალხთან კომუნიკაცია შემეძლოს.

- როგორია დღეს თქვენი ყოველდღიურობა სოფლად?

- ჩემს საყვარელ ძაღლთან ერთად ვცხოვრობ, დილით ვასეირნებ ხოლმე, შემდეგ ვსაუზმობ. თუ ამინდია, ვენახში ელექტროველოსიპედით მივდივარ, მაგრამ იაპონურ ენას დისტანციურად ვასწავლი და გაკვეთილამდე სახლში ვბრუნდები. საღამოს კიდევ ვასეირნებ, ვათამაშებ ძაღლს. ახლა ქათმები მოვიყვანე და მათაც ვუვლი. საჭმელს ჩემით ვიკეთებ. ბოსტანიც მაქვს და იმედია, კარგი მოსავალი მექნება.

- მეზობლები გყავთ?

- დიახ, და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მეხმარებიან. უკვე სუფრებზეც მეპატიჟებიან. სახლის მესაკუთრეც გვერდით ცხოვრობს და ძალიან კეთილია, ბევრ რამეში მეხმარება.

გააგრძელეთ კითხვა