ავტორი:

"ჯაშუშური თამაშები" თბილისში - რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები უპირისპირდებიან ერთმანეთს "ქართულ ფრონტზე"?

"ჯაშუშური თამაშები" თბილისში - რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები უპირისპირდებიან ერთმანეთს "ქართულ ფრონტზე"?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

უკანასკნელი დღეებია საქართველოში განსჯა/საუბრის თემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იქ მიმდინარე პროცესებია. ეს კარგია თუ ცუდი? კარგია იმ თვალსაზრისით, რომ სუსიც ის სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ვაფინანსებთ და უნდა გვქონდეს სარწმუნო ინფორმაცია, რამდენად შედეგიანად და ეფექტიანად იხარჯება, უკანასკნელ წლებში სუს-ის სულ უფრო და უფრო მზარდი ბიუჯეტი. სუსიც საჯარო (!!!) სამსახურია, თუმცა - სპეციალური. ამიტომ მისი საქმიანობის შესახებ იმ მოცულობის ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები არ დაზიანდეს.ცუდი კი ის გარემოებაა, რომლის გამოც იქცა სუსი განხილვებისა და ჭორ-მართლის მთავარ თემად. 21 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ძირითადი სპეცსამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძეს, შსს-ს მოქმედი მინისტრი გეკა გელაძე ჩაანაცვლებს. 2025 წლის 4 აპრილიდან ეს უკვე მესამე (!!!) ცვლილება იქნება: 2025 წლის 4 აპრილს ანრი ოხანაშვილმა გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა, ოთხი თვის შემდეგ, 2025 წლის 3 სექტემბერს ოხანაშვილი მდინარაძემ ჩაანაცვლა, რვა თვის შემდეგ კი მდინარაძეს გელაძე შეცვლის. ვერ ვიტყვი რეკორდიაო, იმიტომ რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში უარესი ხდებოდა. თუმცა რაღა მაინც და მაინც ცუდი უნდა გავიმეოროთ? ამგვარ საკადრო ციებ-ცხელებას ვისთვის მოუტანია დადებით შედეგი?

ნამდვილად არ ვიცი, ეს შემთხვევითობაა თუ რაიმე ობიექტური საფუძველი გააჩნია, დამთხვევა თუ კანონზომიერება გამოიკვეთა, მაგრამ ფაქტია: ლილუაშვილ-ოხანაშვილ-მდინარაძის ტრიო მას შემდეგ შეიცვალა... რაც მათ პარლამენტში სუს-ის მუშაობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინეს. ბოლოს ეს 2026 წლის 15 აპრილს მოხდა, ექვსი დღის შემდეგ კი სუს-ის უფროსი კვლავ შეიცვალა. ამ მხრივ რეკორდსმენი ლილუაშვილი იყო: ის ექვსი წელი ხელმძღვანელობდა სუს-ს და 5 ანგარიში აქვს პარლამენტში წარდგენილი. თუმცა დღეს სადაცაა და რა ბრალდებებზე უწევს პასუხის გაცემა, კარგად იცით.

სუს-ის ანგარიშების სტრუქტურა არ შეცვლილა: ოკუპირებული ტერიტორიები; კონტრდაზვერვითი საქმიანობა; ტერორიზმთან ბრძოლა; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ანალიტიკური საქმიანობა; პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; სამართლებრივი ბაზა და სასამართლოებთან ურთიერთობა; ადამიანური რესურსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობა. დღეს, ჩემი აზრით, სამ უმთავრეს საკითხზე ვისაუბრებთ: ოკუპირებული ტერიტორიები; კონტრდაზვერვითი საქმიანობა და ტერორიზმთან ბრძოლა. გააგრძელეთ კითხვა