ოპოზიციის ალიანსი“ ძალიან ტოქსიკურია, ეს არ არის გაერთიანება, ეს არ არის არანაირი ალიანსი - როგორ შეიძლება ასეთ ალიანსებს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის” გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.
გია ხუხაშვილის თქმით, "ოპოზიციის ალიანსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბევრად ადეკვატურია, ვიდრე ზოგიერთი სხვა წევრი.
"მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო ადეკვატურია ახლა, ვიდრე მაგალითად ჩერგოლეიშვილი. განსაკუთრებული შემთხვევაა, ის წყევლაზე გადავიდა ქართულ პოლიტიკაში. ეგეთი ფენომენი არც გამიგია, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ და თან მაღალ მატერიებზე და ინტელექტუალურ განსაკუთრებულ მონაცემებზე აქვს პრეტენზია. ასეთი ფენომენები გაჩნდნენ და მათ უნდათ, რომ დროშა აწიონ, ნახევარი საქართველო ალბათ დასცინის.
რაც შეეხება ამ "ოპოზიციის ალიანსს“, ძალიან ტოქსიკურია, ეს არ არის გაერთიანება, ეს არ არის არანაირი ალიანსი. ხელოვნურად კბილებით რომ რაღაც უჭირავთ რაღაცის გამო[ამას ჰგავს], ცოლ-ქმარი რომ ყოველდღე ერთმანეთს თავში "უთაქუნებს“, შვილებიც რომ არ ჰყავთ, საერთო ანგარიში რომ აქვთ და იმ ანგარიშს ეპოტინება ორივე, დაახლოებით ეს სიტუაციაა და როგორ შეიძლება ასეთ ალიანსებს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილი.
გია ხუხაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციის კრიტიკა ჯანსაღი და ობიექტური კრიტიკაა და მას არაფერი უთქვამს ისეთი, რომ "ისტერიკა მოჰყვეს“.
"სააკაშვილი რას ამბობს არასწორს? თქვენ იცით სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ დღეს რასაც ამბობს, ეს მე რამდენჯერ მითქვამს, რომ ხალხთან კომუნიკაციაა, საუბარია საჭირო. ასევე ხაბეიშვილის რეპლიკა არ არის სწორი რეპლიკა? 10 მაისიდან ხალხში გავალთო, თქვე კაი ადამიანებო, აპრილმა რა დააშავა? გცივათ ბიჭებო და ამიტომ ვერ გადიხარ? პოლიტიკაში ხალხთან კომუნიკაცია არის შედეგის მიღების ერთადერთი საშუალება. სააკაშვილის მხრიდან ეს კრიტიკა ჯანსაღი კრიტიკაა, როდესაც ამბობს, რომ სახალხო ლიდერობაა საჭირო, რა არის ამაში ისეთი, რომ ისტერიკა მოჰყვეს? მე თუ მკითხავთ, ობიექტური კრიტიკაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.