ჩვენს ფეხქვეშ, პლანეტის გულში, მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ადრე შეუძლებლად მიიჩნეოდა - დედამიწის ბირთვმა თავისი ოქროს მარაგების "გაცემა“ დაიწყო, - წერს Earth.com.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, სქელი ქერქისა და მანტიის გავარვარებული ფენების ქვეშ დამალულია ოქროსა და რუთენიუმის კოლოსალური მარაგი, რომელიც აქამდე დაახლოებით 3000 კილომეტრის სიღრმეზე სამუდამოდ დაბლოკილად ითვლებოდა. თუმცა, ახალი აღმოჩენები ამტკიცებს, რომ ეს სიმდიდრე უკვე ზევით იწევს.
"როდესაც პირველი შედეგები მივიღეთ, მივხვდით, რომ სიტყვასიტყვით ოქრო ვიპოვეთ! ჩვენმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ ბირთვის მასალა, მათ შორის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები, დედამიწის მანტიაში ჟონავს“, - განაცხადა დოქტორმა ნილს მესლინგმა გეტინგენის უნივერსიტეტიდან.
"ოქროს გაჟონვის“ კვალი მეცნიერებმა ჰავაის ლავაში აღმოაჩინეს. არსებული მონაცემებით, სწორედ ვულკანური ამოფრქვევების შედეგად ხვდება პლანეტის ზედა ფენებში ლითონები, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში იზოლაციაში იმყოფებოდნენ.
"ჩვენი შედეგები არა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ დედამიწის ბირთვი არ არის ისე იზოლირებული, როგორც ადრე გვეგონა, არამედ იმასაც, რომ მანტიის გადახურებული მასალის უზარმაზარი მოცულობა (რამდენიმე ასეული კვადრილიონი მეტრული ტონა ქანი) სწორედ ბირთვისა და მანტიის საზღვრიდან მოდის და ზედაპირისკენ იწევს“, - დასძინა მან.ექსპერტების აზრით, ლითონების ეს მოძრაობა ადამიანური საზომებით ძალიან ნელია, თუმცა მილიონობით წლის განმავლობაში მას ოქროს წარმოუდგენელი რაოდენობის გადატანა შეუძლია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ლითონი, რომელიც დღეს სმარტფონებსა და სამედიცინო მოწყობილობებში გამოიყენება, შესაძლოა ოდესღაც დედამიწის გავარვარებული ცენტრის ნაწილი იყო.
აღმოჩენის სენსაციურობის მიუხედავად, მეცნიერები გვაფრთხილებენ: ვულკანებისკენ ვედროებით სირბილი არ ღირს. ლითონის მიმდინარე ნაკადი ზედმეტად მცირეა იმისთვის, რომ ახალი "ოქროს ციებ-ცხელება“ გამოიწვიოს. ეს უფრო უნიკალური გეოლოგიური მოვლენაა, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, როგორ ყალიბდებოდა ჩვენი პლანეტა 4,5 მილიარდი წლის წინ.