ავტორი:

"ექიმობა მივატოვე, დავტოვე თბილისი, ოჯახი და აქეთ წამოვედი" - ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, რომელიც დიდი წინაპრის "ეზოს მცველად" იქცა

"ექიმობა მივატოვე, დავტოვე თბილისი, ოჯახი და აქეთ წამოვედი" - ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, რომელიც დიდი წინაპრის "ეზოს მცველად" იქცა

პროფესიით ექიმია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდან თავისუფალ დროს სოფელ ლიხაურში, თაყაიშვილების ეზო-კარ-მიდამოში ატარებდა.

"მყავდა საოცარი ბებია - ვერიჩქა თაყაიშვილი-ცეცხლაძისა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. საკმაოდ პატარას თაყაიშვილებზე, წინაპრებზე საინტერესო ამბებს მიყვებოდა, განსაკუთრებით - ექვთიმეზე,“ - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი რევაზ თაყაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, რომელიც დღესდღეობით დიდი წინაპრის მემკვიდრეობას მოწიწებით უფრთხილდება და უვლის.

"60-იანი წლები იყო, როცა ბებიას მოყოლილ ამბებს ვისმენდი და იმ დროს ექვთიმეზე საუბარი, ფაქტობრივად, იკრძალებოდა. მისი რეაბილიტაცია გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, როცა სოფელში ექვთიმეობის დღესასწაული დაწესდა. ბებიამ მცირე ასაკში შემაყვარა ეს საოცარი ადამიანი. მასზე ძალიან დიდი ინფორმაცია მქონდა,“ - აღნიშნავს ბატონი რევაზი.

ის დღესდღეობით ექვთიმე თაყაიშვილის მემკვიდრეობის, მისი ეზო-კარის მცველია, რის გამოც უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს. AMBEBI.GE-მ ბატონ რევაზთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

რევაზ თაყაიშვილი:

- სოფელიც, მთელი თავისი დიდებულებით, ბებიამ შემაყვარა. არასდროს მითქვამს, რომ თბილისელი ვიყავი, სულ ვამბობდი, რომ ლიხაურელი ვარ. ეს ვერიჩქა ბებიას დამსახურება იყო და თავიდანვე საოცრად მიყვარდა აქაურობა... ასეთი ჩვევა მქონდა - ამასაც ალბათ ბებიამ შემაჩვია - სანამ ულმაზეს, საოცრად გამწვანებულ ეზოში შევიდოდი, ფეხზე ფეხსაცმელს ვიხდიდი - ეს რაღაც თავისთავად ხდებოდა. ეზოში ფეხშიშველი შევდიოდი და მიწას ვკოცნიდი. დღემდე ასეა. ესეც ერთგვარი წინაპირობა იყო იმის, რომ სხვა დამოკიდებულება მქონოდა თაყაიშვილებისადმი და თავისთავად ექვთიმეს მიმართ. თაყაიშვილები ლიხაურის მთიან პატარა უბანში, აჭში სახლობდნენ. როდესაც გურიაში თაყა ჩამოვიდა, გურიელმა (გურიის მთავარმა) მას მიწები აჭში მისცა და იქ დასახდა. აჭში გვარი მე-16 საუკუნიდან ფიქსირდება. შემდეგ მე-19 საუკუნის დასაწყისში ოთხი ძმა ბარში დასახლდა. ამ ოთხი ძმიდან ერთ-ერთი - ნიკოლოზ თაყაიშვილი ექვთიმეს ბაბუა გახლდათ.

- ნიკოლოზს რამდენი შვილი ჰყავდა?

- ოთხი ვაჟი და ოთხი ქალი, მათ შორის იყო ექვთიმეს მამა - სვიმონი. მათგან უმცროსი ერდიშელი გახლდათ. ვინაიდან გურული ტრადიციის მიხედვით, მამაპაპეული სახლი ვაჟებში უმცროსს რჩება, ეს სახლი უმცროსს, ერდიშელს დარჩა. ეს იყო სახლი, სადაც ექვთიმეს მამა, ექვთიმეს ბიძები, მამიდები, თვითონ ექვთიმე და მთელი ჩვენი წინაპრები დაიბადნენ. ერდიშელის შვილი იყო მოსე თაყაიშვილი, შემდეგ იყო მამაჩემი - გივი და ეს საოცარი განძი ჩემამდე ასე მოვიდა. ნიკოლოზ თაყაიშვილის მთელი ეზო-კარმიდამოში, მამულსა და რაც მთავარია, ორი საუკუნის შენობაში ახლა მუზეუმია განთავსებული. ცნობილია, რომ ექვთიმეს მამა, ექვთიმეს დაბადებამდე ოსმალებთან შეტაკებისას რუსეთ-ოსმალეთის იმპერიების საზღვარზე მდინარე ჩოლოქთან დაიჭრა. სვიმონი საზღვრის მცველი, კორდონის ნაჩალნიკი იყოო, - ასე წერს ექვთიმე მამაზე. დაჭრილი კი სეფსისით გარდაიცვალა, ოთხი თვის შემდეგ ექვთიმე გაჩნდა. დედაც რომ გარდაეცვალა, მისი გაზრდა მამიდა მაკამ ითავა (დაქვრივდა და მაკვანეთიდან, სადაც გათხოვილი იყო, ოჯახში დაბრუნდა) და ბიძია ერდიშელმა.

რევაზ თაყაიშვილი

- მოკლედ, ერდიშელის შვილთაშვილი - ექვთიმეს გამზრდელი ბიძის შთამომავალი ხართ. როდის დაიწყეთ ამ ეზო-კარ-მიდამოზე ზრუნვა?

- 2002 წლამდე აქაურობას ვეფერებოდით, მაგრამ 2002 წლის 17 ოქტომბერს ექვთიმე წმინდანად რომ შეირაცხა, მივხვდით, რაღაც უნდა შეცვლილიყო. ჩვენი მოძღვრისგან საჩხერე-ჭიათურის ეპისკოპოსის მიტროპოლიტი დანიელის (დათუაშვილი) კურთხევა მივიღეთ, აქაურობა სამუზეუმო სივრცედ გვექცია. თქვენთვის იქნებ საცხოვრებელი სახლი ეზოში აიშენოთ და დანარჩენი სამუზეუმო სივრცედ აქციოთო. ასეც მოვიქეცით - ავიშენეთ ცალკე სახლი და დავიწყეთ სამუზეუმო სივრცის მოწყობა. აქაურობა აზნაურის ეზოს დავამსგავსეთ - დიდი მინდვრითა და წინ დიდი ხეებით. დავიცავით წესები, სად უნდა მდგარიყო სახლი, „ქუხნა“, ბეღელი, ნალია. ამაში ჩემი მოძღვარი - ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე დამეხმარა, რომელიც პროფესიით არქიტექტორია. არქიტექტორთა მცირე ჯგუფი მომამაგრა.

შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ მე-19 საუკუნის 60-70-იანი წლებისთვის დამახასიათებელი გარემოს შექმნილიყო. მოვაგროვეთ იმ დროისთვის დამახასიათებელი ხელსაწყო-ინსტრუმენტები, ავეჯი, ჭურჭელი და ეთნოგრაფიული სივრცე შეიქმნა. ამის პარალელურად სოფელში ექვთიმეს სახელმწიფო მუზეუმიც არის, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ექსპონატი - მათ შორის, ფოტოები, ჩანაწერები, ქსეროკოპიები... ჩვენი მუზეუმი კი განსხვავებული მიდგომის შედეგია...

- კერძო საკუთრება, ოღონდ, მუზეუმის სტატუსით?

- დიახ. მუზეუმის სტატუსი ორი წლის წინ მივიღეთ, რაშიც კულტურის სამინისტრო დაგვეხმარა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპ) ფორმა შეირჩა. კერძო მუზეუმი - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალური სახლი, ეზო-კარმიდამო. ძალიან სასიამოვნოა, როცა აქ მრევლი მოძღვართან ერთად მოდის, მოჰყავთ მგალობლები და სასიამოვნოდ გალობენ. მოწყობილი გვაქვს ღია ტიპის სამლოცველო, სადაც ტრაპეზის ქვის ადგილას ექვთიმეს ქვაა დაბრძანებული. ეს ცნობილი ქვაა, რომელსაც ექვთიმე ჩანაწერებში იგონებს, - დედა რომ მომენატრებოდა, მამიდას ქუხნიდან გავეპარებოდი. ქუხნის წინ ერთი ქვა-ლოდი იდვა და იმაზე რომ გულთაღმა ვწვებოდი, მეგონა, დედა იყო ჩემი... იმ ქვას ვკოცნიდი, ვეფერებოდიო... როგორც მის ემოციებთან ნაზიარები ქვა სიწმინდედ იკურთხა და როგორც ტრაპეზის ქვა ისე დაიდო... ამ ფაქტმა ჩვენს სამუზეუმო სივრცეში სხვა დატვირთვა შეიძინა.

- ე.ი. ექიმობა მიატოვეთ და სულ ლიხაურში ხართ?

- ჩემი პროფესია - ექიმობა 2012 წელს მივატოვე, რადგან ყველაფერი ყურადღებას მოითხოვდა. დავტოვე თბილისი, ოჯახი და აქეთ წამოვედი... მადლობელი ვარ თქვენი ჟურნალისტის, რომელმაც ''ექვთიმეს ეზოს მცველი'' შემარქვა. მართლაც აქაურობის მცველი ვარ.

- ბატონო რევაზ, ცოტა ხნის წინ თქვენი ავტორობით წიგნი „ჩემი ექვთიმე“ გამოეცით... როგორც ვიცი, ამ წიგნზე დიდი სამუშაო გასწიეთ...

- როდესაც ამ სამუზეუმო სივრცეს ვაწყობდით, საქმეში ჩართულები იყვნენ ასევე ადგილობრივი ისტორიკოსები, ეთნოლოგები, რომელთა რეკომენდაციასაც ვითვალისწინებდი, მაგრამ ყველაზე კარგი გზამკვლევი ექვთიმეს ავტობიოგრაფია აღმოჩნდა. ის 1968 წელსაა გამოსული და ექვთიმეს რჩეული ნაშრომების პირველ ერთადერთ ტომში იყო დაბეჭდილი. ამ წიგნის ავტორი, რედაქტორი გიორგი ლომთათიძეა. ექვთიმეს მოგონებებში ცოცხლდებოდა ყველაფერი - წერდა, სად რა იყო მოწყობილი. ეს ავტობიოგრაფია უამრავ ადამიანს აქვს წაკითხული და ალბათ ეჭვიც არ შეჰპარვიათ, რომ ეს მის ხელნაწერთან ავთენტური იყო, მაგრამ ბებიისგან ვიცოდი, რომ ექვთიმე სუფთა გურულ დიალექტზე ლაპარაკობდა და წერდა.

ლიტერატურული ენა არ ეხერხებოდა. ამას თავის მიზეზი ჰქონდა - 14 წელი ქართულ სასწავლებლებში ჯერ ოზურგეთში, ფოთში და მერე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში კი ისწავლა, მაგრამ ქართულ ენაში არცერთი გაკვეთილი არ ჩასტარებია. ლიტერატურული ქართული არ იცოდა. ამიტომ ქართულად საუბარს თავს არიდებდა, თუმცა 5 ენაზე ლაპარაკობდა. ამიტომ მივხვდი, რომ ის ტექსტი, რედაქტირებული, ჩასწორებული, გალიტერატურებული იყო. ექვთიმე საუზმეზე არასოდეს იტყოდა - საუზმეს, ამბობდა „ზაკუსკას“. სამზარეულოზე ამბობდა - „ქუხნას“, გურულები სამზარეულოს დღესაც ''ქუხნას'' ეძახიან. სამწუხაროდ ეს რუსული სლენგია, მაგრამ ფაქტია, რომ მე-19 საუკუნეში რუსული გავლენის გამო ქართული ენა ძალიან დამახინჯდა.

- და დაიწყეთ ავტობიოგრაფიის პირველწყაროს მოძებნა?

- დიახ და მივაგენი ექვთიმეს არქივს, რომელიც განთავსებულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ვნახე საოცრება - სამი რვეული და 100-მდე გაყვითლებული, დაჭმუნიჭლი, გადახეული გვერდი - ექვთიმეს ხელნაწერები. ჩემს აღფრთოვანებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ჩიხში შევედი, რადგან ამ ავტობიოგრაფიას, თავის მოგონებებს 83 წლის ექვთიმე წერდა და უამრავი ჩასწორება, გადასწორება აღმოჩნდა. ვერაფრით ვკითხულობდი. აქ კეთილი ქალბატონი, ესმა მანია მომეხმარა, რომელსაც „ექვთიმეს ანგელოზს“ ვეძახი. ხელნაწერთა ცენტრში მუშაობს, ცნობილი პიროვნებაა და ძალიან უყვარს ექვთიმე. ეს ხელნაწერები რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული. მან გულისხმიერება გამოიჩინა, ამ ხელნაწერებს კითხულობდა და მე ვბეჭდავდი.

- შეძლო ავთენტური ტექსტის წაკითხვა?

- დიახ. ეს ტექსტი განსხვავდებოდა იმ წიგნში დაბეჭდილი ტექსტისგან, რომელიც პირველად ჯერ კიდევ პარიზში ყოფნისას მისმა მოსწავლემ მედეა ღამბაშიძე-ნიკოლაძისამ ჩაასწორა. შემდეგ თბილისში ტექსტი ექვთიმეს საყვარელმა მოსწავლემ იროდიონ სონღულაშვილმა გაარედაქტირა და გაასწორა. იროდიონის ტექსტი ვიღაცამ გადაბეჭდა და ამ ნაბეჭდით უკვე გიორგი ლომთათიძემ ისარგებლა, მან ექვთიმეს ენა კიდევ ერთხელ გაალიტერატურულა. ეს გალიტერატურებული სამ-ოთხჯერ რედაქტირებული ტექსტი წიგნად დაიბეჭდა და რომლითაც უამრავი ისტორიკოსი, მეცნიერი, ექვთიმოლოგი დღემდე სარგებლობს... როდესაც წიგნზე ვმუშაობდი, ქალბატონმა ესმამ მითხრა, - ეს ნაშრომი უნიკალური იქნება, რადგან ქართველი წმინდანის საკუთარი ხელით დაწერილი ერთადერთი ბიოგრაფია იქნებაო.

- ასეც არის...

- მერე დავინტერესდი იმით, როდის და როგორ დაიწყო ექვთიმემ ამ ბიოგრაფიის წერა და ასეთ ფაქტს მივადექი: 1945 წელის იანვარში უკვე გადაწყვეტილი იყო ქართული განძის საბჭოთა კავშირში და საქართველოში დაბრუნება. ამიტომ საფრანგეთში საბჭოთა კავშირიდან გარკვეული დელეგაცია ჩავიდა და განძი ვერსალის სასახლის ეროვნული ბიბლიოთეკიდან საბჭოთა კავშირის საელჩოში გადაჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმე 83 წლის იყო, საკმაოდ მხნედ გახლდათ. კატეგორიულად მოითხოვა, ამ პროცესს მე უნდა დავესწროო. 1921 წლის შემდეგ (როცა ექვთიმემ განძი საფრანგეთში გასაგზავნ ყუთებში ჩააწყო და შემდეგ მარსელის ბანკს შესანახად ჩააბარეს, რასაც პირადად ესწრებოდა) 1945 წელს, 24 წლის შემდეგ, ექვთიმეს პირველად მიეცა საშუალება, განძი ენახა თუ რა მდგომარეობაში იყო. ვფიქრობ, რაღაცნაირად ემშვიდობებოდა კიდეც, რადგან 1945 წლის იანვარში ექვთიმეს ემიგრაციიდან დაბრუნება ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. განძის გადმოტანას ესწრებოდა პიერ ჟოდონი, ცნობილი ფრანგი მოხელე, რომელიც განძს იცავდა, ორი საბჭოთა ტყვე ოფიცერი - კოლია მელაძე და თეიმურაზ შავდია და ექვთიმე.

- მოკლედ, მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა - ვერსალის საცავებიდან განძი საბჭოთა კავშირის საელჩოში გადმოჰქონდათ...

- უეცრად ექვთიმე ფილტვების ანთებით ავად გახდა და ამ პროცესზე დასწრება ვეღარ შეძლო. ის ვერსალიდან პარიზში წაიყვანეს და საკონსულოში, კონსულთან, ალექსანდრე გუზოვსკისთან ცხოვრობდა, სადაც გუზოვსკის ცოლი უვლიდა. განძი უკვე ჩაიტანეს საკონსულოს შენობაში და ექვთიმე მის ჩალაგებას პერიოდულად ესწრებოდა და პირველი 8 თუ 10 ყუთი საკუთარი ხელით ჩაალაგა. შემდეგ ეს ვერ შეძლო და მხოლოდ ესწრებოდა ხოლმე. მერე დრო რომ არ დაეკარგა, თავისი მოგონებების წერა დაიწყო. ამისთვის რაღაც ქაღალდები, რვეულები მოიმარაგა. ეს არ არის მწყობრი ბიოგრაფია - რაც ახსენდებოდა, იმ ეპიზოდებს წერდა, ფილმის კადრებივითაა - ბავშვობის, გაჭირვების, მერე კადრი გადადის სწავლის, ნადირობის და თევზაობის პერიოდებზე, წერს პირველი ბლუზა და შარვალი როდის შეუკერეს, ჩანს როგორ იკვებებოდა, სკოლაში სიარული რომ დაიწყო, წიგნის ფული რომ არ ჰქონდა და წიგნებს კლასელებისგან თხოულობდა, სასწრაფოდ ისწავლიდა და მერე მათ ასწავლიდა.

სწავლის ქირა რომ ვერ გადაიხადა და სკოლიდან რიცხავდნენ, ბიძა ერდიშელმა, ჩემმა დიდმა ბაბუამ კი ხელწერილი გაატანა: საშუალება არ გვაქვსო... სემესტრის გადასახადი სამი მანეთი იყო, სხვათა შორის, მაშინ რუსულმა მმართველობამ გაითვალისწინა და შემდგომ სამივე სასწავლებელი უფასოდ დაამთვრა. ალექსანდრე სტოიანოვმა, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა პეტერბურგში წასვლის წინ ექვთიმეს სარეკომენდაციო წერილი გაატანა. უნივერსიტეტის რექტორს სთხოვდა, გაეთვალისწინებინა ექვთიმეს ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, სადაც შეღავათით მართლაც სარგებლობდა... მოკლედ, ჰქონდა, მცდელობა, რაღაცნაირად ეს ამბები დაელაგებინა... ხელნაწერში იგრძნობა, რომ რაღაც ეტაპზე ხელი ეღლება და კარნახს იწყებს. ამ ნაკარნახევს მედეა ღამბაშიძე-ნიკოლაძისა წერს. შემდეგ თავისი ხელით წერას ისევ აგრძელებს. ზოგი ფურცელი გადახეულია და მერე დაწებებული. ზოგან საჭმლის წვეთია დაწვეთებული, ალბათ ჩაის სვამდა. საოცრად საინტერესო რამ არის...

- ამ ხელნაწერების გაცნობის მერე ექვთიმეს როგორი პორტრეტი დაინახეთ?

- ექვთიმეს ყველა როგორც აკადემიურს, დიდ აკადემიკოსს, ისტორიკოსს, მკაცრს პიროვნებას - ასე უყურებდა... ხელნაწერიდან ჩანს, როგორი იყო ნამდვილი ექვთიმე. ეს იყო გურული კაცი თავისი „რეიზა“, „იმიზა“, „საცხა“, „რაცხა“, „ზაკუსკა“, - უამრავი სკარპეზული ისტორიით, იუმორით, ანცობით. საერთოდ სხვანაირი ექვთიმეა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, მასზე წარმოდგენა შეეცვლება. ეს არის ნამდვილი ადამიანი თავისი სისუსტეებით, სიხარულით, გულისტკენით, სიმართლით, გულწრფელობით... წიგნს ამიტომაც დავარქვი „ჩემი ქევთიმე“. ის ჩვენია, ყველასი, მაგრამ ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, ექვთიმე უკვე მისი ხდება.

- ექვთიმეს, როგორც წმინდანის, შემწეობას თუ გრძნობთ...

- ახლა აქ საცხოვრებლად უკვე ჩემი მეუღლეც გადმოვიდა, 12 წელი მარტო ვიყავი, მაგრამ მარტო არასდროს ვყოფილვარ. ეზოში ყოფნისას ერთ მხარეს ბებია მომყვებოდა და მეორე მხარეს, ყველა ნაბიჯზე - ექვთიმე. ამიტომ ვცდილობდი, აქაურობის მოვლისას რამე შეცდომა არ დამეშვა. დღემდე ეს შეგრძნება მაქვს. ეს ერთგვარი მისტიკაა. შეიძლება ამაზე ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ ამ ეზოში საოცრად იგრძნობა ეს ორი ადამიანი - ექვთიმე და ჩემი ბებია...

- რა კითხვას დაუსვამდით ექვთიმეს ახლა?

- ექვთიმე მხოლოდ აღფთოვარებას, აღტაცებას იმსახურებს და ვერანაირ კითხვას ვერ დავუსვამ. რა უნდა ვკითხო? მას ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული აქვს. ცხოვრებაში უქმად ერთი წამი არ დაუკარგავს. სულ მუშაობდა, თვითონ ის ფაქტი, რომ ფილტვების ანთებით დაიწყო თავისი მოგონებების წერა, იმაზე მიუთითებს, რომ ის დროს არ კარგავდა. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგაც, მისი ცხოვრება ბოლომდე შრომისუნარიანი და ნაყოფიერი იყო. გამოსაქვეყნებელია უამრავი წერილი და რაც მთავარია, არსებობს მისი დღიური - ერთგვარი უბის წიგნაკი და მისი შესწავლა-გამოქვეყნება კიდევ ერთი საოცრებაა. იქ უკვე სულ სხვა სამყარო ჩანს. საუბრობს თავის ოჯახზე, ნათესავებზე. იმ დღიურიდან და წერილებიდან შეიძლება იმდროინდელ საქართველოზე მსჯელობა და წარმოდგენის შექმნა. თუ კიდევ მეყოფა ენერგია და წლები, შევისწავლი ამ ყველაფერს და თუ არადა, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამას ხორცს შეასხამს.

- ვფიქრობ, თქვენ ამას შეძლებთ, ამაში დარწმუნებული ვარ...

- ამაში აუცილებლად უნდა დამეხმაროს ხელნაწერთა ცენტრი და უსასყიდლოდ გადმომცეს ქსეროკოპიები, რომ აქ, ლიხაურში ვიმუშაო, რადგან მე გურიაში ვცხოვრობ და თბილისში არქივში ხშირად მისვლას ვერ შევძლებ...

- წარმატებებს გისურვებთ.