ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პროსტატის კიბო დაუდგინდა და მკურნალობა ფარულად ჩაიტარა. მისივე თქმით, ყოველწლიური სამედიცინო ანგარიშის გამოქვეყნება ორი თვით გადადო, რათა ინფორმაცია ირანს პროპაგანდისთვის არ გამოეყენებინა.
ნეთანიაჰუს 2024 წლის დეკემბერში გადიდებული პროსტატის ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით ჩატარებულმა შემოწმებამ მის პროსტატაში მცირე ზომის ავთვისებიანი სიმსივნე გამოავლინა.
ექიმების განცხადებით, სიმსივნე ადრეულ ეტაპზეა აღმოჩენილი და მეტასტაზები არ ფიქსირდება.
ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, როდის ჩატარდა ბოლო შემოწმება, თუმცა წყარომ CNN-ს უთხრა, რომ დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ დაუსვეს. იმავე წყაროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა სხივური თერაპია დაახლოებით ორნახევარი თვის წინ დაიწყო და მკურნალობა ცოტა ხნის წინ დაასრულა.
2023 წლის ივლისში ნეთანიაჰუს კარდიოსტიმულატორი დაუმონტაჟეს. ოპერაციის დროს, სედაციის გამო, დროებით საკუთარი მოვალეობა მინისტრს გადააბარა.
2024 წლის მარტში მას თიაქრის ოპერაციაც ჩაუტარდა — მსგავსი პროცედურა მას დაახლოებით 11 წლის წინაც ჰქონდა ჩატარებული.