ავტორი:

"ჩემმა მეუღლემ ნახა სპექტაკლი და ბოლოს უკვე ეცინებოდა..." - თინათინის როლისთვის დაკლებული 10 კილო, "ქუჩაში გასვლის შიში" და პასუხი კრიტიკოსებს: ქეთი სვანიძე სკანდალურ როლზე

"ჩემმა მეუღლემ ნახა სპექტაკლი და ბოლოს უკვე ეცინებოდა..." - თინათინის როლისთვის დაკლებული 10 კილო, "ქუჩაში გასვლის შიში" და პასუხი კრიტიკოსებს: ქეთი სვანიძე სკანდალურ როლზე

რობერტ სტურუას მიერ დადგმულმა „ვეფხისტყაოსანმა“ საზოგადოებაში ნამდვილი ვნებათაღელვა გამოიწვია. განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში თინათინის როლის შემსრულებელი, მსახიობი ქეთი სვანიძე მოხვდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ერთმა კონკრეტულმა სცენამ მაყურებლის ნაწილი აღაშფოთა, რასაც მსახიობის მიმართ ბულინგის ტალღა მოჰყვა. ქეთი სვანიძემ ილია ებიტაშვილის პოდკასტში ამ რთულ პერიოდზე, რობერტ სტურუასთან მუშაობის სპეციფიკასა და იმ ემოციებზე ისაუბრა, რაც სპექტაკლის ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა დაუტოვა

"ღვთის საჩუქარი და 30-წლიანი მოლოდინი"

ქეთი სვანიძისთვის თინათინის როლი არა მხოლოდ პროფესიული გამოწვევა, არამედ დიდი პატივი აღმოჩნდა. როგორც მსახიობი აღნიშნავს, რობერტ სტურუა ამ სპექტაკლის დადგმას თითქმის სამი ათეული წელი აპირებდა.

"ეს ჩემთვის ღვთის საჩუქარია. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ამ ამბავს მოჰყვა, ჩემი სიხარული მაინც დიდია. ბატონი რობიკო 30 წელი ფიქრობდა ამ დადგმაზე და სწორედ ახლა გადაწყვიტა მისი განხორციელება. ჩვენი თეატრი ყოველთვის მოლოდინშია, რომ კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვევით, რადგან სტურუასგან მუდამ მეტს ითხოვენ - ის ხომ ყოველთვის შეუძლებელს აკეთებდა,“ - ამბობს ქეთი.

მისი თქმით, მსახიობისთვის გადამწყვეტია მაყურებლისა და პროფესიონალების რეაქცია, თუმცა ამ შემთხვევაში მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.

"მესამე დღეს ატეხილი ბუმი და დაჭრილი კადრები"

სპექტაკლის პრემიერებმა თავიდან მშვიდად ჩაიარა. სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურებები და ვიდეოკოლაჟებიც ვრცელდებოდა, თუმცა მესამე დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მსახიობი მიიჩნევს, რომ ეს იყო მიზანმიმართული „შავი პიარი“.

"ვიღაცამ გადაწყვიტა, გადაეღო ის სცენა, რომელიც რეალურად სულ სხვანაირია. არ მინდა თავის მართლება დავიწყო, რადგან ნამდვილად არაფერი გვჭირს მაგ სცენაზე თავის გასამართლებელი. უბრალოდ, ვიღაცას მოუნდა ხალხში, მით უმეტეს ქართველებში, აღშფოთება გამოეწვია, რადგან ჩვენთვის “ვეფხისტყაოსანი“ წმინდათა წმინდაა. რეალურად, ეს კადრები ისე იყო ამოჭრილი და დამონტაჟებული, რომ სულ სხვა სახე მიეცა" — განმარტავს მსახიობი.

"ბატონმა რობიკომ თავიდანვე თქვა: ეს ჩემი ვერსიაა, თუ არ მოგეწონებათ, სახლში წაიკითხეთო. თუ ვიღებთ შექსპირის თანამედროვე ინტერპრეტაციებს, რატომ არ შეიძლება მივიღოთ სტურუას ხედვა?“ - ამბობს ქეთი.

"პორნოგრაფიული სცენა? - ამაზე მეცინება“

მსახიობი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს სპექტაკლის უხამსობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის, რაც ვიდეოში ჩანდა, სრულიად აცდენილი იყო სცენაზე არსებულ რეალობას.

"რომ დაარქვეს პორნოგრაფიული სცენააო, ამაზე მეცინება. სინამდვილეში ეს არის ყველაზე რთული, ემოციური და კულმინაციური სცენა, რომლითაც სპექტაკლი მთავრდება. იქ შეხება არის არა ვულგარული, არამედ წმინდა, სიყვარულის ახსნის შემდგომი ემოცია. ვისაც სპექტაკლი ნანახი აქვს - და ასეთი უკვე 4000-მდე ადამიანია - ყველა აღნიშნავს, რომ სულ სხვა რეალობა დახვდათ. მე ვერ მივიღებ იმ ადამიანის კრიტიკას, ვისაც ნამუშევარი ნანახი არ აქვს და მხოლოდ ერთი ფოტოთი მსჯელობს.“

შიში ქუჩაში გამოსვლის და ოჯახის ფაქტორი

ბულინგის ტალღა მსახიობისთვის ფსიქოლოგიურად მძიმე აღმოჩნდა. ის გამოტყდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან გამოსვლისაც კი ეშინოდა.

"არ ვიცოდი, მოსახლეობა როგორ მიმიღებდა. ცოტა დავიძაბე, მაგრამ ქუჩაში გამოსულს მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა დამხვდა. ხალხი მამშვიდებდა, რომ არ მენერვიულა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. მე მათ არასდროს შევარცხვენ. ძალიან ვინერვიულე ჩემს შვილზე, რომელიც ჯერ პატარაა, და ჩემს ახლობლებზე, რომლებმაც ჩემზე მეტად განიცადეს ეს ყველაფერი. ჩემმა მეუღლემ ნახა სპექტაკლი და ბოლოს უკვე ეცინებოდა იმ კომენტარებზე, რასაც წერდნენ, რადგან იცოდა, სინამდვილეში რა ხდება სცენაზე.“

მზადება როლისთვის: 10 დაკლებული კილოგრამი

საინტერესოა, რომ თინათინის როლის მისაღებად ქეთი სვანიძეს ფიზიკური ტრანსფორმაციაც დასჭირდა. კოვიდის პერიოდში მომატებული წონა სცენაზე მუშაობისას ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.

"ბავშვის გაჩენის შემდეგ 10 კილოთი მეტი ვიყავი. ბატონი რობიკოც და მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რომ ეს წონა ხელს მიშლიდა, რადგან თინათინის როლს გარკვეული “სიფრიფანობა“ სჭირდებოდა. როცა პრემიერა დაინიშნა, მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა. ავიყვანე ტრენერი, დავიცავი მკაცრი კვების რეჟიმი და დიდი შრომის ფასად დავუბრუნდი ძველ ფორმას,“ - იხსენებს მსახიობი.

„სიტყვას დიდი ძალა აქვს - ნუ გავწირავთ ერთმანეთს“

ინტერვიუს დასასრულს ქეთი სვანიძემ საზოგადოებას მეტი დაფიქრებისა და ერთმანეთის გაფრთხილებისკენ მოუწოდა. ის მიიჩნევს, რომ პირადი შეურაცხყოფა და ბულინგი დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიტიკა არაპროფესიულია და მხოლოდ სხვისი ნათქვამითაა ნაკარნახევი.

„ბოლო პერიოდში ადამიანების შემეშინდა - მათი, ვისაც ერთი ხელის მოსმით შეუძლია გაგწიროს. ჩვენ პატარა ერი ვართ და არ უნდა ვხარჯავდეთ ცხოვრებას ერთმანეთის გულის ტკენაში. კრიტიკას ყოველთვის მივიღებ, თუ ის ნანახზეა დაფუძნებული. თუ ვინმე ნახავს სპექტაკლს და იტყვის, რომ თინათინი საშინელება იყო, ამას მივიღებ, რადგან ეს გემოვნების საკითხია. მაგრამ როცა პირადში გადმოდიან, ეს უკვე საშიშია. მე მადლიერი ვარ იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც მაყურებლისგან მივიღე და ერთი სული მაქვს, როდის დადგება 10 მაისი, რომ ისევ შევხვდე მათ სცენიდან.“

წაიკითხეთ ასევე: