ავტორი:

"ნატომ რუსული საფრთხე პირდაპირ ჰაერში გაანეიტრალა... დაიწყო მესამე მსოფლიო ომი?!" - რა მოხდა რუმინეთის თავზე, ვინ ვის უწყობს გამოცდას და რა გეგმა აქვს რუსეთს

"ნატომ რუსული საფრთხე პირდაპირ ჰაერში გაანეიტრალა...  დაიწყო მესამე მსოფლიო ომი?!" - რა მოხდა რუმინეთის თავზე, ვინ ვის უწყობს გამოცდას და რა გეგმა აქვს რუსეთს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

  • რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რადარებმა დააფიქსირეს დრონები, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ, შედეგად, საჰაერო სივრცეში დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ორი ავიაგამანადგურებელი, Eurofighter Typhoon-ი განლაგდა.

"Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავებმა სამიზნესთან კონტაქტი რადარზე დააფიქსირეს, რენიდან 1.5 კმ-ში, უკრაინის ტერიტორიის თავზე. პილოტებს დრონების მიმართულებით ცეცხლის გახსნის უფლება მიეცათ“, - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ გალაცის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაზიანდა.

თუკი აქამდე ნატოს ტერიტორიაზე დრონების შეფრენისა და ჩამოვარდნის ფაქტებზე დასავლეთი მხოლოდ "ღრმა აღშფოთებით" შემოიფარგლებოდა, ახლა საფრთხის განეიტრალება პირდაპირ ჰაერში მოხდა. რა გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, ამ საკითხზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე.

"პირველ რიგში, უკრაინის საჰაერო სივრცეში, რუმინეთის საზღვრის სიახლოვეს, ბრიტანულმა ავიაციამ რუსული დრონი ჩამოაგდო. თუკი აქამდე ნატოს ტერიტორიაზე დრონების შეფრენისა და ჩამოვარდნის ფაქტებზე დასავლეთი მხოლოდ "ღრმა აღშფოთებით" შემოიფარგლებოდა, ახლა საფრთხის განეიტრალება პირდაპირ ჰაერში მოხდა. ეს სამხედრო აქტზე მეტად, უმძიმესი პოლიტიკური სიგნალია. რუსული ტროლ-ბოტობა წლებია გაჰკიოდა მთელი ინტერნეტის მასშტაბით, ნატომ ჩვენი საფრენი აპარატი რომ ჩამოაგდოს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყებაო. ვხედავთ - ჩამოაგდეს. დაიწყო ომი?!ერთჯერადი აქტია ეს თუ ტენდენცია, ახლო მომავალში გამოჩნდება. რუსეთს გადამოწმება უყვარს, ახლა კი ეს ხაზები თავად დასავლეთმა გადაუმოწმა.

- პარალელურად, ტექნოლოგიურად ომი სრულიად სხვა განზომილებაში გადავიდა, განსაკუთრებით უკრაინელთა მხრიდან. შორიდან მართვადი, მოძრავი საბრძოლო მასალით, ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონებითა და FPV აპარატებით, მოწინააღმდეგის ბევრად მეტი ცოცხალი ძალა ნადგურდება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტრადიციული იარაღით. პრაქტიკულად, უკრაინა გადასულია მაღალტექნოლოგიურ, თუმცა შედარებით იაფ და მასობრივ ომზე. რუსული დანაკარგების მატება ამით კარგად აიხსნება. ნატოს ძალები და არაბული სახელმწიფოები თანამედროვე ომის ამ ნიუანსებს, ახლა სწორედ უკრაინელებისგან სწავლობენ.

- ღიად დაიწყო საუბარი რუსეთის მხრიდან ნატოზე თავდასხმისა და მისი ერთიანობის გადამოწმების შესახებ. ტრამპის ხელისუფლებამ ბევრი კითხვისნიშანი გააჩინა ნატოსთან დაკავშირებით. პლუს ევროპის შეიარაღების დაწყება მაინც ადრეულ ეტაპზეა. ამიტომ, ევროპელმა ლიდერებმა არაორაზროვნად განაცხადეს: რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებზე ლიმიტირებული თავდასხმით ალიანსის სიძლიერის გადამოწმება გამორიცხული არ არისო. ყველაზე უარესი სცენარისთვის მომზადება ერთადერთი სწორი ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, მართლა მოხდება თუ არა რაიმე".

რუსეთის გეგმები ბელარუსთან დაკავშირებით

"უკრაინა ბელარუსის მხრიდან რუსული შეტევის განახლებას არ გამორიცხავს. უშუალოდ პრეზიდენტმა ზელენსკიმაც ღიად აღნიშნა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვრის მილიტარიზაციამ ახალ მასშტაბს მიაღწია და იქ რუსული სამხედრო ნაწილების თავმოყრა გრძელდება. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთში სოციალური ქსელები და საკომუნიკაციო არხები თითქმის სრულად შეიზღუდა. საუბარია ფარულ მობილიზაციაზე, რომელიც სრულმასშტაბიან მობილიზაციად, რომ გადაიქცეს არაა გამორიცხული. გარდა ამისა, ბელარუსის ტერიტორიაზე არმიის თავმოყრა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უკრაინის, ისე უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნების (პოლონეთ-ლიეტუვას საზღვრის) წინააღმდეგ.

ხოლო ნებისმიერი წარმატების ან წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია ბელარუსის სრული ანექსიით დაასრულოს პროცესი, რისი გეგმაც კრემლს ისედაც გაწერილი ჰქონდა. გავრცელებული ვერსიით, 2030 წლის ბოლომდე სურს რუსეთს ამ პროცესის დასრულება. სწორედ ამ მზარდ საფრთხეზე ჩივიან დღეს თავისი ქვეყნიდან გაქცეული ბელარუსი დისიდენტები" - წერს კობერიძე.