ავტორი:

"ახლების" თევზაძე "ქოცური" სტერეოტიპების აყოლით ტირაჟირებს სიცრუეს, რომ თურმე 2012 წელს პრემიერად გადასვლის საიდუმლო გეგმა მქონდა - ვპასუხობ" - სააკაშვილი

"ახლების" თევზაძე "ქოცური" სტერეოტიპების აყოლით ტირაჟირებს სიცრუეს, რომ თურმე 2012 წელს პრემიერად გადასვლის საიდუმლო გეგმა მქონდა - ვპასუხობ" - სააკაშვილი

„ახლების“ თევზაძე თავისი არაინფორმირებულობით და „ქოცური" სტერეოტიპების აყოლით ტირაჟირებს სიცრუეს იმის თაობაზე, რომ მე თურმე 2012 წელს პრემიერად გადასვლის საიდუმლო გეგმა მქონდა, ვთქვი, რომ არავის არანაირ ტყუილს არ შევარჩენ და ვპასუხობ: ძვირფასო თ. თევზაძე იქნებ და შენი პარტიის ლიდერებთან გაგეკეთებინა Fact Checking, ისინი ყველაფერ ამას მოგიყვებოდნენ, - ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

  • სააკაშვილი განმარტავს, რატომ დაუჭირა თავის დროზე საპარლამენტო მმართველობის სისტემას მხარი და რომ არასდროს აპირებდა პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ყოფნას.

"2010 წელს საპარლამენტო სისტემას მხარი დავუჭირე, იმიტომ რომ ვხედავდი, რომ მთელი პოლიტიკა ქუჩაში იყო გასული და მინდოდა პარლამენტში ხელისუფლების ცენტრის გადატანა, რათა ყველა აქტორი დაგვებრუნებინა ამ ველზე, გვყოლოდა ბევრი Stake-Holder.

ასევე ეს იყო სასარგებლო - აღმასრულებლის ფორმაში ყოფნისთვის, ვინაიდან თუ პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მიდიოდა პარლამენტში, პრემიერს მუდმივად მოუხდებოდა იქ ყოფნა და პოლიტიკური არგუმენტების დახვეწა.

აქვე მინდა ვთქვა, რომ მე არასდროს არ დამიპირებია პრემიერად ყოფნა. როდესაც პარტიის ვრცელ შეკრებაზე 2011 წელს ბობოყვათში ვანო მერაბიშვილს შევთავაზე პრემიერობა და ვკითხე თუ ვის გვთავაზობდა ის თავის შემცვლელად შსს-ში. ვანომ იკითხა - გააჩნია გადავდივარ პრემიერად არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგაც? ჩემი პასუხი იყო მყარი - შენ გადადიხარ მთელი ვადით, თუ რა თქმა უნდა გავიმარჯვეთ (ნუ თვითონ მერაბიშვილის კანდიდატურა არ იყო ალბათ საუკეთესო არჩევანი).

აქედან რამდენიმე თვეში უკვე ამერიკელები დაინტერესდნენ ამ საკითხით. საქმე იმაშია, რომ რაც პუტინმა დაინიშნა თავი პრემიერად, ეს პრეცედენტი დემოკრატიისთვის აქტუალური გახდა, გაჩნდა გამოთქმა To pull Putin - ე.ი. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შემოვლა პრემიერად გადასვლის გზით. 2012 წელის იანვარში ობამამ მიმიწვია ვაშინგტონში. სანამ ოვალურ კაბინეტში შევიდოდით, ჩემმა ძველმა ნაცნობმა, მაშინ ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა (რომელმაც სენატორობის დროს 2007 წელს თბილისის ნოემბრის არეულობებში რუსეთი დაადანაშაულა) მთხოვა მის კაბინეტში დალაპარაკება. გამიშალა იქ საუზმე.

ვხვდებოდი, რომ უნდოდა ჩემი გეგმების გარკვევა - ვაპირებდი თუ არა პრემიერობას, მაგრამ უკვე თითქმის 1 საათი ვსაუბრობდით და აშკარად ბუქსაობდა, არ უნდოდა შეხვედრის ძალიან მეგობრული ტონის ამ კითხვით გაფუჭება, ამიტომ მე თვითონ ვუთხარი - ძვირფასო ჯო, ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ და მიცნობ და არც კი უნდა გაგჩენოდა ეჭვი, რომ მე პუტინს რამეში მივბაძავ, არ ვაპირებ პრემიერობას და გთხოვ ეს ადმინისტრაციას გადასცეთ, როგორც ჩემგან მოცემული გარანტია. სამაგიეროდ თხოვნა მაქვს შენთან, ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თქვენი დაფინანსებულია და გთხოვ რეკომენდაცია გამიწიო პრეზიდენტობის შემდეგ ამ უნივერსიტეტის რექტორად რომ დავინიშნო It is my dream. ბაიდენი გაიბადრა და მითხრა - „უჰ, არ იცი რამხელა პრობლემა მომიხსენი!“

ის, რომ თანამდებობებს არასდროს მივდევდი, უკრაინაშიც გამოჩნდა. 2014 წლის ზაფხულში პოროშენკოს ადმინისტრაციის უფროსმა დამირეკა ნიუ-იორკში და შემომთავაზე მაშინდელი უკრაინის მთავრობის პირველი ვიცე პრემიერობა, მაშინ უკვე ჩემთვის ნათელი იყო ამ მთავრობის კორუფციული ხასიათი, ამიტომაც ამ ძალიან მაღალ პოსტზე უარი ვთქვი. სამ თვეში პოროშენკომ შემომთავაზა უკრაინის გენერალური პროკურორობა (ობამასაც შეუთანხმა ტელეფონით ეს საკითხი) მე არ ჩავთვალე რომ სისხლის სამართლის კუთხით საჭირო კვალიფიკაცია მქონდა და კიდევ ერთხელ ვთქვი უარი.

ოდესის გუბერნატორი რომ გავხდი, ჩემთან რეზიდენციაში მოვიდა ოდესის ყველა მსხვილი ბიზნესმენი და შემომთავაზეს მილიონიან უმაგრეს ქალაქ ოდესის მერად კენჭისყრა, თან მაძლევდნენ 20 მილიონ დოლარს საარჩევნო კამპანიისთვის. მე მაშინ უკვე მთელი უკრაინის მასშტაბით გაშლილი მქონდა ანტიკორუფციული კამპანია, რომელმაც საბოლოოდ დაამხო ჯერ იაცენუკის მთავრობა და შემდეგ დიდწილად განაპირობა პოროშენკოს მარცხიც, ამიტომ უარი ვთქვი (თუმცა არ დაგიმალავთ, რომ ჩემი ოდესისადმი სიყვარულის გამო ამ უარს ხშირად ვნანობ). ასე რომ, არასდროს გამოვკიდებივარ თანამდებობას!

ასე რომ, ძვირფასო თ. თევზაძე, იქნებ და შენი პარტიის ლიდერებთან გაგეკეთებინა Fact Checking, ისინი ყველაფერ ამას მოგიყვებოდნენ“,- აცხადებს სააკაშვილი.