40 დღე ახალგარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის საფლავს არ მოსცილებია. ადამიანი, რომელიც პატრიარქს წლების განმავლობაში ემსახურებოდა. სამების და სიონის მრევლი, მორწმუნეები ლევან ჭიქინაშვილს კარგად იცნობენ. ადამიანს, რომელიც პატრიარქს სამებაში მიკროფონით ხელში მუდმივად გვერდით ედგა.

ლევან ჭიქინაშვილი:
- ფეხბურთს ვთამაშობდი. მე და ჩემი გუნდელი ვარჯიშამდე ეკლესიაში შევივლიდით ხოლმე. 16-17 წლისები ვიყავით... ისე მოხდა, იქ დავრჩი და საეკლესიო ცხოვრება გავაგრძელე. მოძღვარმა სტიქარი ჩამაცვა და იქ ვმსახურობდი. თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის პატარა ტაძარი იყო. ისე გამოვიდა, რომ სასულიერო პირის მონდომებით, ტაძარში სტიქაროსანი გავხდი. შემდეგ მთხოვა, მედავითნეობა მესწავლა და ვისწავლე, მედავითნეც გავხდი.
აგრარული უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი, როცა სასულიერო აკადემიაში ჩაბარება შემომთავაზეს. "აგრარულში“ კი დეკანი პარალელურად მთხოვდა, მაგისტრატურა გამეგრძელებინა, გერმანიაში გაგიშვებთო. კარგი თვალით მიყურებდნენ, მაგრამ ვუთხარი, სასულიერო აკადემიაში მივდივარ-მეთქი.
საბუთები მაინც არ წაიღოო. თურმე შეიძლებოდა სწავლა იქაც გამეგრძელებინა, მაგრამ ეს მაშინ არ ვიცოდი. ამიტომ საბუთები წამოვიღე. ფეხბურთს "აგრარულის“ გუნდში ვთამაშობდი. დეკანს ფეხბურთიც უყვარდა და ამითაც პატივს მცემდა.

მერე სადაც შემხვდებოდა, - რა კაცი დავკარგეო - გაიძახოდა.
შემდეგ წლებში კი, საპატრიარქოში უწმინდესთან რომ ვცხოვრობდი, ჩვენი უნივერსიტეტიდან პატრიარქთან სტუმრები მოვიდნენ და მათ შორის, ჩვენი დეკანიც იყო. რომ დამინახა, უწმინდესს უთხრა, ჩემი სტუდენტი იყოო და ჩემი ქება-დიდება დაიწყო.
მოკლედ, სწავლა სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე. მერე მითხრეს, უწმინდესთან სტიქარით უნდა შეიმოსოო. არადა, ჩემს პატარა ტაძარში, მედავითნე გახლდით. მომწონდა სადაც ვმსახურობდი და იქიდან წამოსვლა არ მინდოდა. მთელი მსახურება მიმყავდა. იქიდან წასვლას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ბოლოს ჩემმა მოძღვარმა გამომიცხადა, უნდა წახვიდე, - შენთვის უკეთესიაო (მისთვისაც უთხოვიათ).
მიმიყვანეს პატრიარქთან, სტიქარი მიკურთხა, დავრჩი სიონში და დავიწყე იქ მსახურება. შემდეგ სამება გაიხსნა და სიონიდან სტიქაროსნები სამებაში გადავედით, სადაც მსახურება გავაგრძელე.
მეოთხე კურსის მეორე სემესტრი იყო პატრიარქთან რომ მიმიყვანეს, - უწმინდესს უნდოდა საპატრიარქოში მასთან გადავსულიყავი. გამესაუბრა. იცოდა, აკადემიაში რომ ვსწავლობდი, ჩვენი რექტორი იყო და მასთან სტუდენტებს ხშირი შეხება გვქონდა - კვირაში სამჯერ მოდიოდა და გვერდით ვედექი, მიკროფონი იყო თუ სანთლის ანთება, ვემსახურებოდი. მითხრა, აკადემია უნდა დაამთავროო. მერე პერიოდულად მეკითხებოდა - გამოცდებს, ჩათვლებს ხომ აბარებ? როგორ მიდის საქმეო? ბოლო გამოცდა რომ ჩავაბარე, იმ დღეს წირვა იყო და მაშინაც მკითხა. ჩავაბარე-მეთქი - ვუპასუხე და ჩვენთან ერთად მოდიხარო. ასე დავრჩი საპატრიარქოში, სადაც ვცხოვრობდი.

- ანუ სულ იქ იყავით?
- კი, პატრიარქს ვახლდი თავის სართულზე, დაცვის ფუნქციაც მქონდა. მაშინ ორი-სამი ადამიანი ვიყავით. დაცვის გარდა ყველაფერში უნდა მოვხმარებოდით. პარაკლისები იყო, თუ სხვა რამ - 24 საათი პატრიარქის კართან ვიყავი. დილის 6 საათზე სალოცავად რომ გამოვიდოდა, ვხვდებოდი. ლოცვას ერთად ვიტყოდით ხოლმე. მერე ზამთრის ბაღში შევიდოდით, სადაც დედებიც შემოგვემატებოდნენ და ვსაუბრობდით. უწმინდესი სხვადასხვა ისტორიას ჰყვებოდა. მერე მთელი დღე ხან სტუმარი მოდიოდა, ხან სადღაც მივდიოდით, ხან პარაკლისები იყო.
- თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა იმას, რომ სახლში არ მიდიოდით?
- მიჩვეულები იყვნენ. მანამდე, 2000 წელს, სამება რომ გაიხსნა, პირველი ორი წელი იქ ვრჩებოდი. ტაძარს ვაღებდი და ვკეტავდი. საპატრიარქოში კი 3-4 წელი ვიყავი ასე და მერე სამებაში გადამიყვანა, სადაც გავაგრძელე მსახურება.

- სამებიდან მახსოვხართ, სულ მიკროფონი გეჭირათ ხელში და პატრიარქს გვერდით ედექით...
- მე ასე მიკროფონით მსახურება შემხვდა. სამებაში ხმა დიდად არ ისმის და მიკროფონით მივდიოდი მასთან, ვინც ასამაღლებელს ამბობდა.
ასამაღლებლები იერარქიის, ჯილდოების მიხედვით არის განაწილებული და ზუსტად უნდა მიხვიდე, ვისი ჯერიც არის, რომ თქვას. უწმინდესი შემომხედავდა, მანიშნებდა, ვისი ჯერიც იყო. თვალებით მეძებდა ხოლმე.
- ე.ი. გენდობოდათ და ამიტომ გამოგარჩიათ...
- ის ყოველთვის ვიღაცას გამოარჩევდა ხოლმე... ყველა უყვარდა. საოცარი ადამიანი იყო. ამბობდა, ღმერთი მწყალობს და მეც სხვების მიმართ მოწყალე უნდა ვიყოო.
- ფეხბურთელობა გინდოდათ, პროფესიასაც ეუფლებოდით და პირდაპირ კათოლიკოს-პატრიარქის გვერდით აღმოჩნდით... რა იყო ის წლები თქვენთვის?
- ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერი იყო. ფეხბურთით ვიძინებდი და ვიღვიძებდი. თუ რამე გაზეთი გამოდიოდა (სამი გაზეთი იყო) მაშინ, გამორიცხული იყო, მამაჩემს არ მოეტანა. ერთი ნომერიც არ ჩაუგდია.
საფეხბურთო კარიერას გავყვებოდი თუ არა, არ ვიცი, მაგრამ უზომოდ მიყვარდა. მაშინ მძიმე წლები და პირობები იყო. ბურთი, ფორმა და ბევრი რამ არ იშოვებოდა. "აგრარულის“ გუნდში რომ ვთამაშობდი, ნახევარმცველი ვიყავი. უნივერსიტეტში ცხელი წყალი "ატმორით" გვქონდა, მაგრამ თამაშებზე სადაც მივდიოდით, იქ შხაპს ცივი წყლით ვიღებდით. არ ვნანობ, ფეხბურთს თავი რომ დავანებე, იმას თავისი დრო ჰქონდა. თუმცა ახლაც დაინტერესებული ვარ და პერიოდულად ვთამაშობ კიდეც...
აქეთ, ამ სამყაროში რომ გადმოვინაცვლე, ისეთ ადგილს მოვხვდი, იმხელა სკოლაში და ისეთ მწვერვალზე, რომ ჩემთვის ძვირფასი იყო ის ყველაფერი. იმხელა ადამიანთან ვიყავი, მთელი ერი შეხაროდა და მე მის გვერდით ვიდექი, სულ თან დავყვებოდი.

მერე თუ ვინმე ერის გამორჩეული ადამიანი იყო, მასთან მოდიოდა და ყველას მე ვხდებოდი. ხან მე ვრეკავდი მათთან, ხან ტელეფონზე თვითონ რეკავდნენ. მოდიოდნენ მსოფლიო ეკლესიის წარმომადგენლები და ვინ აღარ და სულ წინა ხაზზე, პატრიარქის გვერდით იმხელა ამბებში ვიყავი, ეს როგორ ვინანო, ასე არ მქონია საქმე და არც მაქვს.
სამწუხაროდ, იყვნენ ვიღაცები, ვისაც ჩემი შურდათ. მწვერვალზე რომ ვიყავი, იქიდან ჩემს გადმოგდებას ცდილობდნენ, ჩემი ადგილი რომ დაეკავებინათ.
ჩემი საქმე, რაც მევალებოდა ზედმიწევნით ვიცოდი და ის გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. დიდი შრომა უნდოდა, რომ ის ყველაფერი შეგენარჩუნებინა, დაგეცვა. პატრიარქის გვერდით ყოფნა მარტივი არ არის, მაგრამ რაც იყო, ის ყველაფერს აღემატებოდა.
- როგორი იყო პატრიარქი ცხოვრების ეპიზოდები საპატრიარქოში?
- ეზოში ჩამოსვლა უყვარდა და საპატრიარქოს შენობას წრეებს ვურტყამდით. მაშინ ასეთი შეზღუდვები არ იყო. ეზოში ხალხი მოძრაობდა. ერთხელ გალავნის გარეთ გავედით, სადაც პატარა სკვერი იყო, რომელსაც ათვალიერებდა, მცენარეებს უყურებდა. მეორე მხარეს მაგიდა იყო და ეტყობა, უბნელები სვამდნენ... მოკლედ, იმ ჯგუფიდან ერთ-ერთი ადგა და სწრაფად გამოეშურა ჩვენკენ. პატრიარქს მარჯვენა მხარეს ვედექი, ის მარცხნიდან მოდიოდა. დავიძაბე, ნეტავ, რა უნდა-მეთქი?! პატრიარქს ხელი ჩემთვის მაჯაზე ეკიდა. გავაშვებინე და უცებ მარცხნივ გადმოვინაცვლე, რომ გამეკონტროლებინა ან დამეჭირა, თუ რაიმეს გაბედავდა. ის ბიჭი უცბად მოვიდა, დაიჩოქა, ფეხებში ჩაუვარდა და ეამბორა.
მერე ადგა და უკან თავის ჯგუფთან გაბრუნდა. ბაღი დავათვალიერეთ და საპატრიარქოში წამოვედით. მესამე სართულზე ავედით, ოთახის კარი გავუღე, რომ შევიდა, კარი მივუხურე, მაგრამ მალევე გამოვიდა და ხელზე გასაკეთებელი სამაჯური - "ღმერთმა დაგლოცოთ“ გამოიტანა. ჩადი და ეს იმ ბიჭს ჩაუტანეო. წავედი, მივედი, მაგრამ ის ბიჭი იქ არ დამხვდა, მაღაზიაში გავიდაო. მოკლედ, ვიპოვე და სამაჯური ხელზე გავუკეთე. უწმინდესმა გამოგიგზავნა-მეთქი. იმ ბიჭებთან გაიქცა და აჩვენა, - პატრიარქმა გამომიგზავნაო.

მერე ეზოში ასე რომ დავდიოდით ხოლმე, ხან ვინ შეგვხდებოდა, ხან - ვინ და ძირითადად ეუბნებოდნენ - დაგვლოცე უწმინდესო. მერე მეტყოდა - წამოიყვანე. ჩაულაგებდა შოკოლადებს, ღვინოს, ფულს აჩუქებდა და გამოუშვებდა.
დავდიოდით ციხეშიც, პატიმრებისთვის პროდუქტები მიჰქონდა, პირადად ხვდებოდა, ჯვრებს, სამაჯურებს ჩუქნიდა. დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე, საუფლო დღესასწაულებზე სამებაში სტიქაროსნებს 10-ლარიანს ჩუქნიდა. 50 სტიქაროსანი თუ იყო, უცებ 100 სტიქაროსანი გაჩნდებოდა, რადგან პატრიარქის საჩუქარი ყველას უნდოდა.
საჩუქრების ჩუქება ძალიან უყვარდა. მასთან მისულ ადამიანებს უსაჩუქროდ არ გამოუშვებდა. ყველას ხელით ეხებოდა, ლოცავდა. სამება სავსე იყო და თითოეულს უნდოდა, მათთვის ხელი დაედო. თუ ვინმეს გასცდებოდა, გამოიქცეოდა ის ვიღაც და წინ დახვდებოდა. ვისაც ეგონა, რომ გასცდა, იმასთან მიტრიალდებოდა და მაინცდამაინც ხელს მას დაადებდა. ჩვენც ასე ზოლად მოვყვებოდით. მაგ დროს ადამიანები წერილებსაც გვაძლევდნენ, სადაც პრობლემები ჰქონდათ ჩამოწერილი. ვინც გვაწვდიდა, ყველას ვართმევდი. მერე იმ წერილებს პატრიარქი მაკითხებდა. თუ ვინმე დახმარებას ითხოვდა, აბა, დავურეკოთ, გავარკვიოთ, რა უჭირს? ყველასთვის უნდოდა, რომ დახმარება გაეწია.
მაშინ პატრიარქი საუკეთესო ფორმაში იყო და მისგან ყველა სიკეთე-სათნოებები შესრუტული და შეგროვებული მაქვს... სხვების აზრი ყოველთვის აინტერესებდა, ასევე ადამიანების მდგომარეობა, ყველას მოიკითხავდა ხოლმე.
ვცდილობდი, ოთახში მარტო ყოფილიყო და მოესვენა, ტელევიზორს ჩავურთავდი. მერე ტრაპეზსაც მორიგე დედები გაუმზადებდნენ და რომ შევუტანდით, კარს გამოვკეტავდი, თავისთვის თავისუფლად რომ ყოფილიყო, მაგრამ ასე მაინც ვერ ძლებდა. ხალხი და მათთან ყოფნა, ურთიერთობა უყვარდა. იყო დღე, რომ მიღება არ ჰქონდა და მეტყოდა, იმას დაურეკე, მოვიდეს, ან სამებაში წავიდეთ - საქმეს აუცილებლად გამოიჩენდა. პერიოდულად სხვადასხვა შეხვედრებს აწყობდა პოეტებთან, მეცნიერებთან, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.
- 40 დღეა მის საფლავთან, სიონში დგახართ და მრევლს, მის საფლავთან მიახლებაში ეხმარებით...
- კი, მის საფლავზე შეხება ყველას უნდა. ვიღაცებს კანფეტები, შოკოლადები მოაქვთ. დედებს მონასტრიდან საკვები, ტკბილეული და ამ ყველაფერს ისევ ხალხს ურიგებენ. როგორც პატრიარქს უყვარდა ისე. ვიღაცებს სპეციალურად იმისთვის მოაქვთ, რომ ხალხს დაურიგონ.
40 დღეა, აქ ვარ და ისევ იმ მდგომარეობაში ვარ, რომ არ მგონია, თუ პატრიარქი აღარ არის, თან დილიდან საღამომდე სულ ჩართული ვარ აქ.
მართლა საოცარი ადამიანი იყო - კეთილი, უბრალო, სულ ამბობდა, რომ მოსმენის კულტურა ისწავლეთ, ყველას მოუსმინეთ. თვითონ ნებისმიერს უსმენდა და ცდილობდა დახმარებოდა. საეკლესიო მსახურებაში ლიტურგიკაში დახვეწილი მოქმედებები ჰქონდა.
ზედმეტ მოძრაობას არ გააკეთებდა. ყველაფერს სწორად და დიდი სიზუსტით. წირვას დილის 9:00 საათზე ვიწყებდით და 14:00 საათზე ვასრულებდით. ლიტურგიკა ხომ ისედაც ძალიან მიყვარს და ამ მსახურებაში ყველაფერი გამორჩეულად ლამაზად მიჰყავდა და საოცარ მაგალითს იძლეოდა. ერთხელ სამებაში ცოტა სწრაფად ვკითხულობდი. ვიღაც გამოგზავნა - ცოტა ნელა წაიკითხოს... ყველაფერში მივყვებოდით უწმინდესს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება ცხოვრება კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარეშე...
- დღეს ვინც ეკლიესიაშია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პატრიარქის გარეშე აქ არ მოხვედრილა - მასთან შეხება ყველას ჰქონდა. ეპისკოპოსი, დიაკვანი, სტიქაროსანი, მედავითნე, მგალობელი, მრევლი - ყველა მისი ნაკურთხია. თაობები მისი დალოცვილია.
საზოგადოებრივი ადამიანი იყო, ბევრს ჰქონდა მასთან თავისი ურთიერთობა. ამის გარდა, პატრიარქის ინტერვიუებიდან, ქადაგებებიდან თითოეულს რაღაც უსწავლია და იციან, როგორი იყო, ხალხი როგორ უყვარდა და მათზე როგორ ზრუნავდა.
თუ დღეს მას ვაქებთ, ვადიდებთ და ვამბობთ, რომ მისი პატრიარქობისას ყველაფერი საუკეთესოდ იყო, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. თუ ასე არ მოხდა, ე.ი. საქმეში ვიღაც მოიკოჭლებს და იმ ყველაფრის წაშლა ხდება. თუ ჩვენი დევნა დაიწყება, ე.ი. რაღაც სხვა ეტაპი იწყება - ყველაფერი იცვლება... მოკლედ, რა და როგორ იქნება, ეს გამოჩნდება. ერთიც არის - ჩვენ, ვინც ეკლესიაში ვართ, თუ რაიმე მსგავსი მოხდა, არ უნდა დავთმოთ და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს თავლწინ შენდებოდა. პატრიარქის ნაშენების დაცვა და შენარჩუნება უნდა შევძლოთ.
"მე რაც შევძელი, გავაკეთე და ჩემზე კარგად თუ ვინმე შეძლებს, გააგრძელოს“ - ეს მისი სიტყვებია, რომელიც ერთგვარი სამოქმედო გეგმაა. უწმინდესის საქმეები უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც ეს მან იცოდა, უყვარდა და აკეთებდა.