"სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ - მხარზე ამოტვიფრული ეს სიტყვები ბედისწერად იქცა ბაჩო ბებიასთვის. სპეციალური დანიშნულების ბატალიონის "ცუნამის“ ქართველი ასმეთაური რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცა,
ბაჩო ბებიას კიდევ ერთ გმირ ქართველთან, დათო გოგაძესთან ერთად ჩამოასვენებენ საქართველოში.
გმირების შესახებ უკრაინაში მებრძოლი ჯგუფი "სარანგის“ მეთაური, მიხეილ ბატურინი გვიამბობს.
- ბაჩო 126-ე ცალკეულ ბრიგადაში, სპეციალური დანიშნულების ბატალიონ "ცუნამიში“ მსახურობდა და ასმეთაური იყო. სამხრეთის მიმართულებაზე იბრძოდა და დაბომბვაში მოჰყვა. ყველა ქართველი მებრძოლი ჩემს გულშია, მაგრამ ბაჩო განსაკუთრებულად მიყვარდა, გამორჩეული მებრძოლი და იშვიათად კარგი ადამიანი იყო. ყველას უყვარდა ვინც იცნობდა.
აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო, უკრაინაში, ოდესაში რომ გადასახლდნენ, ბაჩო 11 წლის იყო. საქართველოს მონატრებაში დალია სული, რომ შევხდებოდი მისი საუბარი იწყებოდა და მთავრდებოდა საქართველოს თემით. როგორც კი ომი დაიწყო, იმ დღიდანვე მოხალისეთა რიგებში ჩაეწერა. რიგითი ჯარისკაცი იყო და ბრძოლის ველზე გახდა ასმეთაური.
ყველა აღტაცებული იყო მისი საბრძოლო უნარ-ჩვევებით და მამაცობით. არასოდეს უკან არ მდგარა, ჯარისკაცებს ყოველთვის წინ მიუძღვებოდა. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, მამაცი მეომარი დავკარგეთ. ბაჩო წარმოუდგენლად დიდი დანაკლისია როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის.
- როგორ და რა ვითარებაში გაიცანით ბაჩო?
- ჩვენ სხვადასხვა დანაყოფებში ვმსახურობდით, ერთად ბრძოლა არ მოგვიწია, თუმცა კავშირი ყოველთვის გვქონდა. 2022 წელი იყო, ხერსონის მიმართულებაზე ვიყავით, ჩვენი დანაყოფი ბაშტანკაში იდგა. გაიგო, რომ ქართველები ვიყავით და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - მოვარდა. ისე ჩაგვეხუტა, ისე მოგვეფერა თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვიყავით.
იმ დროიდან მუდმივად კავშირზე ვიყავით. ერთხელ, ოდესაში ჩავედი საქმეზე. არ ვიცოდი, რომ ბაჩო შვებულებაში იყო და ისიც იქ იყო. ვფიქრობდი, საქმეს მოვაგვარებდი და მალევე კიევში დავბრუნდებოდი. საქმეები რომ დავასრულე და წასვლას ვაპირებდი, მოულოდნელად დამადგა თავზე. მეჩხუბა, - რატომ არ მითხარი, აქ რომ იყავიო. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, შემდეგ ტელეფონით ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ. ყოველთვის როცა ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, ამ სიტყვას ამბობდა - საქართველოში შევხვდებითო.
ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, თავისი ფეხით ვერ ჩავიდა მის საყვარელ საქართველოში. თუმცა ერთი სურვილი კი აუსრულდა, მის გულს საქართველოს მიწას მიაბარებენ.
- დათო გოგაძეს იცნობდით?
- დათოს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრი რამ მსმენია მის შესახებ. "შავი არწივის“ გამორჩეული მებრძოლი იყო. 2024 წლის იანვარში დაიღუპა, ავდეევკის მიმართულებაზე, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში. ერთ-ერთი ძალიან რთული და რისკიანი ოპერაციის დროს, რუსებთან პირისპირ ბრძოლაში თანამებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი დაკარგეს და მის გამოსაყვანად იყო შესული, ჩასაფრებაში რომ მოჰყვა. მაშინ, სამწუხაროდ, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ახლა ის ტერიტორიები უკვე გათავისუფლებულია.
- შეგიძლიათ, ზოგადად გვითხრათ, დღეს რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე?
- რუსებმა გარკვეულწილად დაკარგეს უპირატესობა. რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვინდა, მაგრამ ბოლო პერიოდში რუსები სისტემატურად კარგავენ ტერიტორიებს. სიმართლე რომ გითხრათ, მიწაზე უპირატესობა მათ არც არასდროს ჰქონიათ, მათი მთავარი ძალა ინტენსიური დაბომბვა და დრონები იყო. ამით ცდილობდნენ ვითარების შენარჩუნებას. ახლაც გვბომბავენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა უფრო ეფექტურად მოქმედებს.
- ალბათ უნგრეთში ორბანის მარცხმა უკრაინელები ძალიან გაახარა.
- მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის 90 მილიონი, რომელსაც ორბანი ბლოკავდა, უკრაინელებისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია. ეს ხალხი სხვისი დახმარების იმედად არ არის, იციან რომ თავად უნდა მოიგონ, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დათმონ და იბრძოლონ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური ცვლილებები შეიძლება ზოგადად პროცესებზე დადებითად აისახოს, მაგრამ ფრონტზე მყოფი ხალხისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ არის.
- შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელი ხალხი ომით არ გადაღალა?
- ყველას უნდა მშვიდად ცხოვრება, მეც კაფეში ჯდომა და ლუდის მირთმევა მირჩევნია სანგრებში სირბილს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თუ რუსეთი არ დამარცხდება ჩვენ მომავალი არ გვაქვს.
- უკრაინელების მოტივაცია გასაგებია, მაგრამ უცხოელები რა ფიქრობენ ამ გაჭიანურებულ ომზე?
- ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის არ არის, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს განსაკუთრებით ნათელია, გეოგრაფია არ იცვლება, რუსეთი ჩვენი მტერია და უკრაინის გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებასაც. აქ არიან ადამიანები ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და ყველა ხვდება, რომ თუ ახლა არ შეჩერდა რუსული აგრესია, ხვალ სხვა ქვეყანაც შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი.