მკვლევრები გვირჩევენ, რომ სპორტდარბაზში ვარჯიშის, ფიტნეს-კლასების ან სირბილისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, საჭიროა აქტივობა დღის იმ მონაკვეთში დაგეგმოთ, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ბუნებრივ შინაგან ბიოლოგიურ საათს.
ჟურნალ Open Heart-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ვარჯიშის ასეთმა სინქრონიზაციამ თქვენს ბუნებრივ ბიოლოგიურ საათთან შეიძლება დადებითად იმოქმედოს გულის ჯანმრთელობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან.
იმ მოხალისეებში, რომლებმაც ეს მეთოდი გამოცადეს, დაფიქსირდა ძილის გაუმჯობესება, არტერიული წნევის შემცირება და სისხლში შაქრის დონის ნორმასთან უფრო მეტი შესაბამისობა.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-დან 50 წლამდე ასაკის 134-მა ადამიანმა. არცერთი მათგანი არ იმყოფებოდა საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში და თითოეულ მათგანს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი - მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა ან ჭარბი წონა. მათ შესთავაზეს, ინსტრუქტორის მეთვალყურეობის ქვეშ კვირაში ხუთჯერ, 40 წუთის განმავლობაში სწრაფად ევლოთ.
ექსპერიმენტი სამ თვეს გაგრძელდა. 70 ადამიანი მიაკუთვნეს „ტოროლებს“, ხოლო 64 - „ბუებს“. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი პერიოდი შეირჩა აქტივობისთვის, ორივე ჯგუფმა აჩვენა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება.
იმ ჯგუფის მონაწილეებში, რომლებიც თავიანთი ქრონოტიპის შესაბამისად ვარჯიშობდნენ, ვარჯიშების ეფექტურობა უფრო მაღალი აღმოჩნდა: მათ უფრო მეტად გაუუმჯობესდათ არტერიული წნევა, აერობული გამძლეობა, მეტაბოლური მაჩვენებლები და ძილის ხარისხი.
“შინაგანი ბიოლოგიური საათი გავლენას ახდენს ძილისა და ღვიძილის რეჟიმზე, ასევე ჰორმონების დონესა და ენერგიაზე დღის განმავლობაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვარჯიშის ეფექტურობასა და სპორტით დაკავების გაგრძელების სურვილზე“, - განმარტავენ მკვლევრები.
იხილეთ ასევე: