40 წელი ჩერნობილის ატომური კატასტროფიდან - სიმართლე, რომელსაც საბჭოთა კავშირი მალავდა

40 წელი ჩერნობილის ატომური კატასტროფიდან - სიმართლე, რომელსაც საბჭოთა კავშირი მალავდა

40 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არაფერი ჩანდა უჩვეულო. ინჟინრები რეაქტორ 4-ზე უსაფრთხოების ტესტებს ატარებდნენ და არ იცოდნენ, რომ მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფა უნდა მომხდარიყო, რომელიც ჰიროშიმას ატომურ ბომბზე 400-ჯერ მეტ რადიაციას გამოყოფდა.

რეაქტორზე მომუშავე ოპერატორები ამოწმებდნენ, შეიძლებოდა თუ არა მისი გაგრილება ელექტროენერგიის გათიშვის დროს. მათ გამორთეს კრიტიკული უსაფრთხოების სისტემები და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ დაახლოებით ღამის 1:23 საათზე დენის მკვეთრმა მატებამ აფეთქება გამოიწვია, რადგან რეაქტორს გამაგრილებელი საშუალება აღარ ჰქონდა.

ძლიერმა აფეთქებამ რეაქტორს სახურავი ააგლიჯა, შედეგად კი 500 ბირთვული ბომბის ეკვივალენტური რადიოაქტიური მასალა გარეთ გამოიფრქვა. მას მოჰყვა უშველებელი ხანძარი, რომელიც პირველი აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც მძვინვარებდა და შედეგად რადიოაქტიური ნაწილაკები ევროპისა და საბჭოთა კავშირის ცაზე გაიბნა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა და მეხანძრეებმა არ იცოდნენ, რომ მათ გარშემო, ჰაერში, რადიაციის უკიდურესი დონე ფიქსირდებოდა. მოგვიანებით, ათობით მათგანი ტოქსიკური ტალღების ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა.

ახლომდებარე ქალაქი პრიპიატი პირველი აფეთქებიდან დიდი დროის - 36 საათის შემდეგ იქნა ევაკუირებული, რის გამოც ათიათასობით ადამიანი რადიაციის ზემოქმედების ქვეშ მოექცა.

წვიმამ რადიოაქტიური მასალა 3 000 კმ-ის მოშორებით, უელსშიც კი გადაიტანა.

  • როგორც ვარაუდობენ, უკრაინაში, ბელარუსსა და რუსეთში 5 მილიონამდე ადამიანი რადიაციის უკიდურესი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

  • აფეთქებისთანავე 31 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის ორი ადგილზე და 29 მეხანძრე, თუმცა რადიაციული მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გრძელვადიან პერსპექტივაში 500 000-ს აღწევს.

1986 წლის ავარია შეიძლებოდა კიდევ უფრო კატასტროფული ყოფილიყო, რომ არ გამოჩენილიყო სამი გმირი მოხალისე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, რათა კიდევ ერთი აფეთქება თავიდან აეცილებინათ.

აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ აფეთქებული რეაქტორის ბირთვი დნობას განაგრძობდა და მალე წყალს მიუახლოვდებოდა, რაც, მათი შერევის შემთხვევაში, მეორე აფეთქებას გამოიწვევდა. შეფასებების მიხედვით, შედეგად, ევროპის ნახევარი განადგურდებოდა, მილიონობით ადამიანი დაიღუპებოდა და მთელი ტერიტორია 500 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუსახლებელი გახდებოდა.

მეხანძრეებმა უშედეგოდ სცადეს სპეციალიზებული შლანგებით 20 მილიონი ლიტრი წყლით სავსე ავზის სრულად დაცლა. ბოლოს, სამი მოხალისისგან შემდგარი გუნდი ჩავიდა წყლის ავზთან და სარქველი გახსნა წყლის გამოსაშვებად, რაც დოკუმენტებში აღწერილია, როგორც "თივის ზვინში ნემსის პოვნა".

ქარხნის ორ ინჟინერს, ალექსეი ანანენკოს და ვალერი ბეზპალოვს, ასევე ცვლის ხელმძღვანელს, ბორის ბარანოვს, უთხრეს, რომ შეეძლოთ უარი ეთქვათ მისიის შესრულებაზე - რომელიც "თვითმკვლელობის მისიის" სახელით გახდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე რამდენიმე კვირაში მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, მამაკაცებმა მილიონობით ადამიანის გადასარჩენად თავიანთი სიცოცხლის გაწირვა ამჯობინეს.

ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ, მიხეილ გორბაჩოვის ხელმძღვანელობით, კატასტროფის დაფარვა სცადა. მაგრამ ეს მალევე შეუძლებელი გახდა, რადგან ევროპის ქალაქებში რადიაციის დონის მატება დაფიქსირდა.

  • რადიაციული ზემოქმედების მასშტაბის შესახებ დოკუმენტები მხოლოდ 1991 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.

1991 წელს ჩატარებულმა გამოძიებამ კომუნისტი ლიდერები დაადანაშაულა "მასიური კრიმინალურ გადაფარვაში, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია". ერთ-ერთ შოკისმომგვრელ ჩანაწერში აღნიშნულია, რომ პრიპიატში რადიოაქტიური წვიმის მიუხედავად ქორწილების ჩატარება ავარიის დღესვე დაუშვეს, რათა ხალხი დაერწმუნებინათ, რომ არაფერი იყო საშიში.

კომისიის თავმჯდომარემ, ვოლოდიმირ იავორივსკიმ, განაცხადა, რომ აფეთქებიდან 12 საათზე ნაკლებ დროში "ხელისუფლების ზედა ეშელონებში ყველამ ყველაფერი იცოდა".

კატასტროფის შემდგომ კვირებში რადიოაქტიური ნარჩენების კვალი ბელარუსში აღმოაჩინეს, სადაც შხამიანმა წვიმამ მცენარეები დააზიანა და ცხოველებში მუტაციები გამოიწვია. დამანგრეველი ზემოქმედება ასევე იგრძნობოდა სკანდინავიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

მოხალისეებს, რომლებსაც შემთხვევის ადგილზე ტერიტორიის გასაწმენდად გზავნიდნენ, აღენიშნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, სისხლდენა და ყელში მუდმივად მეტალის გემოს შეგრძნება. რუსი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2005 წლისთვის 125 000-მდე მოხალისე დაიღუპა, თუმცა ხელისუფლება კვლავ უარყოფს სიკვდილიანობის მაჩვენებელსა და რადიაციის ზემოქმედებას შორის პირდაპირ კავშირს.

2000 წელს ჩერნობილის ბოლო რეაქტორი დაიხურა და სადგურის გარშემო არსებული "გაუცხოების ზონა" საზარელ ტურისტულ ადგილად იქცა. ამ ტერიტორიაზე და მეზობელ ქალაქ პრიპიატში მცხოვრებმა ადამიანებმა გაქცევა ამჯობინეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ აფეთქების შედეგად ტერიტორიაზე კიბოს გამომწვევი რადიაცია გავრცელდა.

  • მაგრამ ჯანმრთელობაზე რადიაციული ზემოქმედებისგან გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედება თაობებს შორის გადადიოდა, რის შედეგადაც ადგილობრივებისა და მოხალისეების შვილები იტანჯებოდნენ. 2025 წელს მკვლევარებმა დნმ-ის მუტაციები აღმოაჩინეს იმ ადამიანების შვილებში, რომლებიც კატასტროფის შემდეგ რადიაციის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

დღესდღეობით, კიდევ ერთი ბირთვული კატასტროფის რისკი იზრდება, რადგან უკვე მეოთხე წელი გადის, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - პუტინის სამხედროებმა მიტოვებულ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე 35-მდე რაკეტა გადააგდეს. ჩერნობილის გარდა, უკრაინაში კიდევ ოთხი ატომური ელექტროსადგურია, მათ შორის ზაპოროჟიე - ევროპაში ყველაზე დიდი - რომელიც ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

წყარო: thesun.co.uk/

მოამზადა: ანა სიბოშვილმა