XX საუკუნის ქართველ სახელოვან და ღვაწლმოსილ მეცნიერებს შორის შალვა ნუცუბიძეს სერიოზული ადგილი უკავია. შალვა ნუცუბიძე იყო ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი პრორექტორი (1920-1929 წლებში), უნივერსიტეტის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორი, მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
ნუცუბიძე 1888 წლის 14 დეკემბერს ფარცხანაყანევში იყო დაბადებული და გამორჩეული ნიჭით, უნარებით თავისი პატარა სოფლის სახელი ადამიანებს პეტერბურგში, ბერლინსა და ლაიფციგში გააცნო. ეს თავადაც ეამაყებოდა... 1917 წელს პრივატ-დოცენტის წოდება, ხოლო 1927 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. ხელმძღვანელობდა “პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოებასა“ და “სოციალური ფილოსოფიის შემსწავლელ წრეს“.
გერმანიაში მოღვაწეობისას ორიგინალურ ფილოსოფიურ მოძღვრებას, ალეთოლოგიას დაუდო სათავე. 30-იან წლებში ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესწავლას შეუდგა და ქართველოლოგიის ახალ დარგს, ქართული ფილოსოფიის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი. განავითარა აღმოსავლური რენესანსის თეორია. დაამტკიცა პეტრე იბერისა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის იდენტობა, რასაც შემდეგში ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა.
ფლობდა ბერძნულ, ლათინურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მის მიერ 1937-1940 წლებში რუსულ ენაზე თარგმნილი “ვეფხისტყაოსანი“ ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული.
1938 წლის 31 აგვისტოს შალვა ნუცუბიძეც გერმანიის სასარგებლოდ ე.წ. „შპიონაჟის“ ბრალდებით ტაშისკარში დააპატიმრეს (იმჟამინდელი საყოველთაო რეპრესიების მსხვერპლი გახდა). იმავე წლის 1-ელ დეკემბერს, ბადრაგის თანხლებით, თბილისიდან მოსკოვში, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტში გადაიყვანეს. ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური საქმიანობა, პროპაგანდა და კონტრრევოლუციური მთავრობის სასარგებლოდ მშრომელი ხალხისა და რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ აქტიური ქმედება.
ციხეში ყოფნისას, იოსებ ჯუღაშვილის დაკვეთითა და ხელშეწყობით, „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნა დაევალა. შალვა ნუცუბიძეს პოემის თარგმნა ჯერ კიდევ 1937 წლიდან ჰქონდა დაწყებული და ნაწყვეტებს აუდიტორიაშიც კითხულობდა. მოკლედ, სიკვდილის მოლოდინში, ციხის საკანში „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნა დაიწყო... თარგმნის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.1939 წლის 1-ელ მაისს შალვა ნუცუბიძემ რუსულ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ რიგით მეოთხე სრული თარგმანი დაასრულა, რომელიც სტალინს გაუგზავნეს.
1940 წლის 20 ოქტომბერს შალვა ნუცუბიძე სერგო ქავთარაძესთან ერთად, სტალინს პირადად შეხვდა. იოსებ ჯუღაშვილმა პოემაში შესწორებები შეიტანა, მთარგმნელს თავისი თარგმნილი ერთი სტროფიც გადასცა და მომდევნო წელს პოემა დაიბეჭდა ს. გოროდეცკის ლიტერატურული რედაქციით, სერგო ქავთარაძის წინასიტყვაობითა და მიხაი ზიჩის, სერგო ქობულაძისა და ირაკლი თოიძის ილუსტრაციებით . “გოსლიტიზდატმა“ თარგმანის პირველი და მეორე გამოცემა მასობრივი ტირაჟით გამოსცა, თუმცა ჰონორარი მთარგმნელს არ მიუღია. შალვა ნუცუბიძეს განცხადება დააწერინეს, რომ ჰონორარს მთლიანად თავდაცვის ფონდში რიცხავდა.
1960 წლამდე შალვა ნუცუბიძის ნაშრომები: “ქართული ფილოსოფიის ისტორია“ და “რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ დაიბეჭდა, თუმცა სრულფასოვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას უზღუდავდნენ. 1956 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, 1960 წელს კი სსრკ-ის პროკურატურისაგან სრული რეაბილიტაცია მიიღო და მეცნიერის სტატუსიც აღუდგინეს.
შალვა ნუცუბიძის მიერ, 1937-1940 წლებში შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ რუსული თარგმანი ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული. ალექსეი ტოლსტოის შეფასებით, “ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი “არა მხოლოდ მეცნიერული შრომა, არამედ პოეტური შემოქმედებაა“ და რითმების მორიგეობით, მთარგმნელმა დაქტილური სტრიქონების რუსულად გადათარგმნის პრობლემა გადაჭრა.
ტოლსტოი წერდა: “ძნელია გამოცნობა, როგორ მოახერხა მთარგმნელმა გადმოეცა ცალკეული ბგერებისა და სიტყვების - ომონიმების ჰარმონიულობა. ნუცუბიძის თარგმანამდე ძნელი იყო წარმოდგენა, რომ რუსულ ენაში არსებობს ესოდენ ფართო შესაძლებლობა ომონიმური რითმების გამოყენებისა. მისმა თარგმანმა დამარწმუნა რუსული ლექსის კოლოსალურ სიფართოვეში“.
შალვა ნუცუბიძის თარგმანი შემდეგში სხვაენოვანი თარგმანების შესრულებისას დედნად გამოიყენეს: ვიქტორ კერბახმა რუმინულ ენაზე თარგმნისას, იგორ სიკირიმ - პოლონურ ენაზე თარგმნისას, იპეი ფუკურომ - იაპონურ ენაზე თარგმნისას, სერგი წულაძემ - ფრანგულად თარგმნისას (რომელიც ფრანგულენოვან თარგმანებს შორის საუკეთესოდაა მიჩნეული). შალვა ნუცუბიძის ხელი ატყვია მარია პრიტვიცის მიერ გერმანულ ენაზე და ავსტრიელი პოეტის, ჰუგო ჰუპერტის მიერ გერმანულად შესრულებულ თარგმანებსაც.
შალვა ნუცუბიძის ცალკეულ სტატიებში როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ზოგადი, ისე ცალკეული დეტალებია განხილული. მისი კვლევა-ძიების მთავარი დებულების მიხედვით, „ვეფხისტყაოსანი“ ორგანულადაა დაკავშირებულ ქართულ სინამდვილესთან. პირველივე ნაშრომში მან პოემის ძირითადი, სამყაროს მთლიანობის იდეა მიმოიხილა, რომელიც რენესანსულ იდეას წარმოადგენს. შალვა ნუცუბიძემ დაასკვნა, რომ ეს იდეა ნეოპლატონური წარმომავლობისაა.
1958 წელს რუსულ ენაზე გამოიცა შალვა ნუცუბიძის მონოგრაფია „რუსთაველის შემოქმედება,“ რომელშიც პოემა ღრმადაა გაანალიზებული. მასში „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის გარემო, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები და პოემის ხალხური, ლიტერატურული და ფილოსოფიური წყაროებია მიმოხილული. შალვა ნუცუბიძის კვლევა-ძიებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჰუმანიზმთან.
იხილეთ ასევე: