უკრაინაში მიმდინარე ომში, ფრონტის ხაზზე შემორჩენილი კატა სახელად ბარსიკი და ძაღლი - ზაგიბლუკი, დრონის საშუალებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
როგორც CNN World News იტყობინება, უკრაინის მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა ომში შეძენილი გამოცდილება, ბარსიკის და ზაგიბლუკის ბრძოლის ველიდან საჰაერო გზით გადასაყვანად გამოიყენეს.

ოთხფეხა მებრძოლები ბოლო 2 წლის მანძილზე ჯარისკაცების გვერდით იყვნენ და დროთა განმავლობაში დაუმეგობრდნენ, ამიტომ, როცა მათი ევაკუაცია გახდა საჭირო, სამხედროები მოქმედებაში ჩაერთნენ:
"ბიჭებმა ისინი სპეციალურ "სუნთქვად" ჩანთებში ჩასვეს, ფრთხილად მიაბეს დრონზე და ასე მოახდინეს მათი ევაკუაცია",- განუცხადა CNN-ს ბრიგადის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნადია ზამრიგამ.

დრონის პილოტს ცხოველები დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე უნდა ეფრინა, სანამ მათ მიწაზე დაუშვებდა. საბედნიეროდ, ჯარისკაცების ოთხფეხა მეგობრები უვნებლად მიიყვანეს დანიშნულების ადგილამდე და მათ ახალი ოჯახებიც კი იპოვეს. ბარსიკი ჯარისკაცმა წაიყვანა, რომელიც ომში დაიჭრა და ამჟამად გამოჯანმრთელების ეტაპზეა, რაც შეეხება ზაგიბლუკს, ის ჯარისკაცებთან დარჩა, რომლებიც უკანა პოზიციებზე არიან განლაგებული.
"დრონით ფრენის სტრესმა მალე გაიარა. ეს ცხოველები უკვე ორი წელია ბიჭებთან ერთად არიან და თავიანთი თანამებრძოლების დათმობა არ სურთ",- თქვა ზამრიგამ.

ინგა სეკადამ, უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, UAnimals-ის ოპერაციების დირექტორმა განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მათ 10 000-ზე მეტი ცხოველის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის კატების, ძაღლების, ვეფხვების, აქლემების, ცხენების, ძროხების, ენოტების, მგლების, ვირების, ლემურების, ცხვრების და ფუტკრებისაც კი.
"თვეში ორჯერ, ჩვენი ვეტერინარების გუნდი ფრონტის ხაზზე მიემგზავრება და შეუჩერებლად მუშაობს, ზოგჯერ დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე, ვმკურნალობთ, ვცრით და კასტრაციას ვუკეთებთ ყველა ჩვენთან მოყვანილ ცხოველს", - ამბობს ინგა სეკადა.
წყარო: nypost.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა