ავტორი:

ბრძოლები მალიში: მოკლულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, “ვაგნერის“ რუსულ ქვედანაყოფებს ამბოხებულები უტევენ, დაცლილია ქალაქები - უახლესი ინფორმაცია

ბრძოლები მალიში: მოკლულია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, “ვაგნერის“ რუსულ ქვედანაყოფებს ამბოხებულები უტევენ, დაცლილია ქალაქები - უახლესი ინფორმაცია

მალიში, რომელსაც რუსეთის მოკავშირე ხუნტა მართავს, რამდენიმე დღეა არეულობაა. როგორც მედია წერს, რამდენიმე ქალაქზე განხორციელებული ტუარეგი ამბოხებულებისა და ჯიჰადისტების კოორდინირებული თავდასხმის შედეგად, მოკლულია თავდაცვის მინისტრი.

ამბოხებულები ამტკიცებენ, რომ რუსული “აფრიკული კორპუსის“ რაზმმა დატოვა ბაზა ქალაქ კიდალში; თავად კორპუსი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

  • თავდაცვის მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ სადიო კამარას სიკვდილი კვირას ოფიციალურად დაადასტურა მალის სამხედრო მთავრობამ.

კამარა შაბათს ქალაქ კატიში მოკლეს. ქალაქი დედაქალაქ ბამაკოდან ჩრდილოეთით 15 კილომეტრში მდებარეობს და ხუნტას მთავარი სამხედრო ბაზაა განთავსებული.

  • თავდასხმის დეტალები

“ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულმა ავტომობილმა იერიში მიიტანა მინისტრის რეზიდენციაზე, სადაც ის თავდამსხმელებთან ორმხრივ სროლაში ჩაება... მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მინისტრი კი მძიმედ დაიჭრა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ჭრილობებისგან გარდაიცვალა“, - განაცხადა ხუნტას წევრმა, ბრიგადის გენერალმა ისა უსმან კულიბალიმ.

გენერალ კამარასთან ერთად დაიღუპნენ მისი მეუღლე და ორი შვილიშვილი, ხოლო აფეთქების შედეგად ჩამოინგრა მისი სახლის გვერდით მდებარე მეჩეთი, სადაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ტუარეგთა “აზავადის განთავისუფლების ფრონტის“ (FLA) და ჯიჰადისტური დაჯგუფება “ჯამაათ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის“ (JNIM) მებრძოლებმა შაბათს დილით ერთდროულად შეუტიეს სამხედრო ბაზებსა და სხვა ობიექტებს ბამაკოში, კიდალში, გაოსა და სევარეში.

ხუნტას ხელმძღვანელი, გენერალი ასიმი გოიტა, შაბათი დილის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა; გავრცელებული ინფორმაციით, ის კატიდან უსაფრთხო ადგილას იქნა ევაკუირებული.

ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები მალის დაზვერვის უფროსისა და გენერალური შტაბის უფროსის დაჭრის შესახებ.

  • ვითარება კიდალში და რუსული ძალები

კვირას FLA-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული “აფრიკული კორპუსის“ ქვედანაყოფმა მათთან შეთანხმებით დატოვა ბაზა კიდალში და ახლა ქალაქი მათ კონტროლქვეშაა.

“აფრიკული კორპუსი“ არის “ვაგნერის“ ქვედანაყოფების მემკვიდრე აფრიკაში, რომელიც ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ პირდაპირ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე თავდასხმების მოგერიებაზე საუბრობს, თვითმხილველები და ჟურნალისტები ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ქალაქს სამხედრო კოლონა, ქუჩებში კი ამბოხებულები გადაადგილდებიან.

მალის გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ არმიამ კიდალში უბრალოდ “პოზიციების ტაქტიკური ცვლა“ განახორციელა.

  • ოქრო და სამხედრო ხუნტა

აღსანიშნავია, რომ მალი ოქროს მოპოვებისა და ექსპორტის მოცულობით აფრიკაში მესამე ადგილზეა.

ქვეყანას მართავს სამხედრო ხუნტა, რომელმაც ხელისუფლება 2020 წელს გადატრიალების გზით ჩაიგდო ხელში. ცენტრალური ხელისუფლებისთვის მთავარ საფრთხეს ეთნიკური ტუარეგების სეპარატისტული მოძრაობა და ჯიჰადისტები წარმოადგენენ.

ამბოხებულებთან საბრძოლველად ხუნტამ ქვეყნიდან გააძევა გაეროს მისია და ფრანგული ჯარები, მათ ნაცვლად კი რუსი დაქირავებულები მოიწვია.

2024 წელს მალიმ, ბურკინა-ფასომ და ნიგერმა, რომლებსაც ასევე სამხედრო ხუნტები მართავენ, შექმნეს სამხედრო ალიანსი - “საჰელის სახელმწიფოთა კონფედერაცია“. მიუხედავად ამისა, ჯიჰადისტური მოძრაობა არ სუსტდება და ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილების მნიშვნელოვანი ტერიტორიები მთავრობის კონტროლს მიღმა რჩება.

წყარო