ავტორი:

"მყინვარების მასის კლება უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს" - რა აჩვენა უახლესმა კვლევამ და რა ხდება კავკასიონზე?

"მყინვარების მასის კლება უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს" - რა აჩვენა უახლესმა კვლევამ და რა ხდება კავკასიონზე?

თანამედროვე კლიმატის ცვლილების გამო მყინვარებიც იცვლება, რაც გავლენას ახდენს როგორც გლობალურ ოკეანის დონეზე, ასევე რეგიონულ წყლის რესურსებსა და ეკოსისტემებზე. იმისათვის, რომ ამ პროცესების შესახებ განახლებული და მეცნიერულად სწორი ინფორმაცია მიგვეღო, ინტერვიუ ვთხოვეთ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარს და საქართველოს ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, მსოფლიოში ცნობილ გლაციოლოგს, მყინვარების სპეციალისტს ლევან ტიელიძეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა სამი მნიშვნელოვანი გლობალური კვლევა მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. პირველი კვლევა ეხება მსოფლიო მყინვარების მასის ცვლილებას, მეორე - მყინვარულ ტბებს მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მესამე - მყინვარებზე თოვლისა და წონასწორობის ხაზის განსაზღვრას მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში. ეს კვლევები ერთობლივად გვაძლევს სრულ სურათს მყინვარების თანამედროვე დინამიკისა და მათი ცვლილებების მასშტაბის შესახებ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც კლიმატის ცვლილების უკეთ გასაგებად, ისე მისი პროგნოზირებისთვის.

- ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მყინვარების მასის კლება უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს. მხოლოდ 2025 წელს მყინვარებმა დაკარგეს დაახლოებით 408 გიგატონა მასა, რაც პირდაპირ უკავშირდება ოკეანის დონის დაახლოებით 1.1 მმ-ით ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი დაფიქსირდა სწორედ ბოლო ათწლეულში. ეს პროცესის დაჩქარებაზე მიუთითებს... გლობალური მასის დანაკარგი 1975 წლიდან დღემდე უკვე აღწევს დაახლოებით 9 500 გიგატონას, რაც ნიშნავს, რომ მყინვარები კარგავენ თავიანთი მოცულობის მნიშვნელოვან ნაწილს.

მყინვარების რეაქცია კლიმატის ცვლილებაზე შედარებით გვიან აისახება, რაც ნიშნავს, რომ დღეს დაფიქსირებული ტენდენციები წინა წლებში დაგროვილი ტემპერატურული ცვლილებების შედეგია. შესაბამისად, უკვე არსებული კლიმატური პირობების შემთხვევაშიც კი მყინვარების მნიშვნელოვანი ნაწილი განწირულია დნობისთვის. მყინვარების მასის დაკარგვა გაგრძელდება და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც მსოფლიო ოკეანის დონეზე, ისე მტკნარი წყლის რესურსებზე.

- რა იწვევს მყინვარების მასის ასეთ სწრაფ კლებას?

- 1990-იანი წლებიდან მყინვარების მასის დაკარგვა პირდაპირ უკავშირდება სათბური აირების ზრდას და გლობალური ტემპერატურის მატებას. ტემპერატურის მატება ზრდის დნობას, ხოლო ნალექის სახით თოვლის დაგროვება ხშირად ვერ ასწრებს ამ დანაკარგის კომპენსაციას. შედეგად, მყინვარები კარგავენ მასას. გარდა ამისა, მცირე ზომის და შედარებით დაბალ სიმაღლეზე მდებარე მყინვარები უფრო სწრაფად რეაგირებენ კლიმატის ცვლილებაზე. ასევე მნიშვნელოვანია ზედაპირის დახრა და ლოკალური კლიმატური პირობები. კვლევები აჩვენებს, რომ მყინვარების მასის დაკარგვა თითქმის ხაზოვნად არის დაკავშირებული ტემპერატურის ზრდასთან. ეს ნიშნავს, რომ ყოველ დამატებით გრადუსს პირდაპირი გავლენა აქვს დნობაზე. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი კლიმატური ცვალებადობაც როლს თამაშობს, თანამედროვე სწრაფი დნობა უფრო ადამიანის ინდუსტრიული საქმიანობის შედეგია.

მთის მყინვარების დნობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოკეანის დონის მატებაში. კვლევების მიხედვით, ის მეორე ადგილზეა ოკეანის თერმული გაფართოების შემდეგ და ზოგ შემთხვევაში აღემატება გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულის ფენების წვლილსაც. ეს პროცესი უკვე იწვევს სანაპირო ზონების დატბორვის რისკის ზრდას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთის მყინვარებს დამატებით კიდევ აქვთ მსოფლიო ოკეანის დონის ათობით სანტიმეტრით მატების პოტენციალი. შესაბამისად, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მომავალში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს სანაპირო ეკოსისტემები და ადამიანთა საცხოვრებელი ზონები. ამიტომ მყინვარების დნობა არა მხოლოდ გეოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემაცაა.

- რომელ რეგიონებშია მყინვარების დნობა ყველაზე ინტენსიური?

- 2025 წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი მასის დანაკარგი დაფიქსირდა დასავლეთ კანადასა და აშშ-ში, ისლანდიასა და ცენტრალურ ევროპაში, გლობალური მასშტაბით კი ყველაზე დიდი წვლილი მოდის ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა აზიის მაღალმთიანეთი, ალასკა და რუსეთის არქტიკა.

ბოლო წლებში მასის კლება პრაქტიკულად ყველა რეგიონში ფიქსირდება. ეს უკვე გლობალური და სისტემური პროცესია. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, სკანდინავიაში, დროებით შეიძლება დაფიქსირდეს მასის მატებაც ძლიერი თოვლის დაგროვების გამო, თუმცა გრძელვადიანი ტენდენცია მაინც უარყოფითია. ეს აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილება არ არის ლოკალური მოვლენა, ის ერთდროულად მოქმედებს მთელ პლანეტაზე.

...

- როგორია კავკასიონის მყინვარების თანამედროვე მდგომარეობა და რამდენად განსხვავდება ის გლობალური ტენდენციებისგან?

- კავკასიონის მყინვარები სრულად ეხმიანება გლობალურ ტენდენციებს, თუმცა გარკვეული რეგიონული თავისებურებებიც აქვს. აქაც ფიქსირდება მყინვარების ფართობისა და მოცულობის სტაბილური შემცირება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საშუალო ზომის მყინვარებზე. ამავე დროს, კავკასიონი კლიმატურად კომპლექსური რეგიონია, სადაც შავი ზღვის გავლენა და ატმოსფერული ცირკულაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დასავლეთ კავკასიონის ზოგიერთ მონაკვეთში ნალექის სიუხვემ შესაძლოა ნაწილობრივ შეანელოს მყინვარების შემცირება, თუმცა ეს ეფექტი ვერ აბალანსებს ტემპერატურის ზრდით გამოწვეულ ინტენსიურ დნობას.

კავკასიონის მყინვარები მტკნარი წყლის მნიშვნელოვანი რესურსია. მათი შემცირება პირდაპირ აისახება მდინარეულ ჩამონადენზე, რაც გავლენას ახდენს ჰიდროენერგეტიკაზე. კავკასიონის მყინვარები არა მხოლოდ კლიმატის ინდიკატორი, სტრატეგიული ბუნებრივი რესურსიცაა.

კავკასიონში მყინვარული ტბების რაოდენობა და ფართობი ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია მყინვარების დნობასთან. ეს თავისთავად ზრდის გლაციალური ღვარცოფების და უეცარი წყალმოვარდნების რისკებს. კავკასიონზე უკვე დაფიქსირებულია მსგავსი მაგალითები, რაც მიუთითებს, რომ მომავალში ეს რისკები უფრო გაიზრდება. ამიტომ აუცილებელია მყინვარული ტბების სისტემატური მონიტორინგი თანამედროვე სატელიტური და გეოდეზიური მეთოდებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც მთიანი რეგიონები დასახლებულია და ბუნებრივი პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს მთის მოსახლეობაზე. წაიკითხეთ სრულად

ნანა ფიცხელაური