ავტორი:

"არ შეგეშინდეს, კარგად ვარ“ - როგორ გადაურჩა სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ვაშინგტონში მომხდარ სროლას და რა მისწერა დედას?

"არ შეგეშინდეს, კარგად ვარ“ - როგორ გადაურჩა სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ვაშინგტონში მომხდარ სროლას და რა მისწერა დედას?

ვაშინგტონში, ყოველწლიური "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამი“, რომელიც ამერიკული მედიისა და პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოვლენაა, წელს მძიმე ინციდენტის ეპიცენტრად იქცა. 25 აპრილს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:40 საათზე, სასტუმრო Washington Hilton-ში, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი იმყოფებოდნენ, სროლის ხმა გაისმა.

  • მყისიერი ევაკუაცია და დაკავება

სროლის დაწყებისთანავე, საიდუმლო სამსახურმა უსაფრთხოების უმაღლესი ზომები მიიღო. პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია შენობიდან მყისიერად განხორციელდა. ანალოგიური ზომები გატარდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისა და ადმინისტრაციის სხვა წევრების მიმართ.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელმა ცეცხლი უსაფრთხოების შემოწმების მთავარ ზონასთან გახსნა. სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენი. დაკავებულს თან ჰქონდა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენიმე დანა. სროლის შედეგად დაიჭრა საიდუმლო სამსახურის ერთი ოფიცერი, რომელიც ამჟამად კლინიკაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა მომხდარს "მკვლელობის მცდელობა“ უწოდა, თავდამსხმელი კი "ძალიან ავადმყოფ ადამიანად“ მოიხსენია.

  • "არ შეგეშინდეს, კარგად ვარ“ - სალომე ზურაბიშვილის ემოციური პოსტი

ამ შემზარავი ფაქტის ეპიცენტრში აღმოჩნდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი, ქეთევან გორჯესტანი, რომელიც FRANCE 24-ის საერთაშორისო მიმომხილველი და ვაშინგტონის ყოფილი კორესპონდენტია.

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

"ქეთევანი ესწრებოდა ვაშინგტონში მედია კორესპონდენტების ვახშამს. ამ დილით დამხვდა შეტყობინება "არ შეგეშინდეს! კარგად ვარო!“ მერე და მერე გავიგე თუ რა მოხდა და … შემეშინდა!“

  • ქეთევან გორჯესტანის ამერიკული კარიერა

თავად ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში მომხდარიდან რამდენიმე საათში "ინსტაგრამზე" ორი ფოტო (Story) გამოაქვეყნა, რომელშიც ის თავის ემოციებს უზიარებს გამომწერებს.

ერთ ფოტოზე, სადაც იატაკზე დაგდებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გადასაღები აპარატურა ჩანს, ქეთევანი წერს:

"ევაკუაციის შემდეგ, რეპორტაჟს სასტუმროს გარედან ვამზადებდი. ვიღაცამ ჩაიარა, დაინახა ჩემი მიკროფონი France 24-ის ლოგოთი და მითხრა: "შენ ახლახან ძალიან უნიკალური ამერიკული გამოცდილება მიიღე“. ეს წინადადება გუშინდელი ღამის შემდეგ თავში მიტრიალებს".

მეორე ფოტოზე კი, სადაც ღონისძიების სააკრედიტაციო ბარათი ჩანს, ვკითხულობთ:

"სამუდამოდ მემახსოვრება ჩემი მე-6 WHCD (თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამი). მადლიერი ვარ საიდუმლო სამსახურის აგენტების, რომლებმაც ყველა დაგვიცვეს და ვაფასებ ჩემს კოლეგებს, რომლებმაც სწრაფად დაძლიეს შოკი ამ ამბის გასაშუქებლად".