ავტორი:

ტერორისტული აქტი კოლუმბიაში - ავტომაგისტრალზე აფეთქებას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა: ინციდენტები დაფიქსირდა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში

ტერორისტული აქტი კოლუმბიაში - ავტომაგისტრალზე აფეთქებას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა: ინციდენტები დაფიქსირდა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთში, პანამერიკულ გზატკეცილზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება კახიბიოს ელ ტუნელის მონაკვეთში მოხდა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას წარმოადგენდა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს ინციდენტი ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმების “ტალღის“ ნაწილია.

კაუკას გუბერნატორის განცხადებით, აფეთქების ადგილზე უკვე ჩავიდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს სამაშველო და საგანგებო ოპერაციებს. მისივე თქმით, ვითარების გამწვავების გამო ხელისუფლება ეროვნული დონის უსაფრთხოების საბჭოს შექმნას გეგმავს.

  • კოლუმბიის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ავტომაგისტრალზე მომხდარ აფეთქებაში პასუხისმგებლობა ეკისრება კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების (FARC) დისიდენტურ დაჯგუფებებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში აფეთქების მძიმე შედეგებია ასახული - გზის ცენტრში დიდი კრატერია წარმოქმნილი, ხოლო მის გარშემო მტვრითა და ნამსხვრევებით დაფარული მანქანები, სატვირთოები და ავტობუსები ჩანს.

“ჩვენ ტერორისტული ესკალაციის წინაშე ვდგავართ, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს,“ - განაცხადა გუბერნატორმა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ძალადობრივი ინციდენტები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზეც დაფიქსირდა: ელ ტუნელში, ელ ტამბოში, კალოტოში, პოპაიანში, გუაჩენეში, მერკადერესსა და მირანდაში.

კოლუმბიის სამხედრო ძალების გენერალურმა მეთაურმა ჰუგო ალეხანდრო ლოპეს ბარეტომ ამ მოვლენებს “თავდასხმების ტალღა“ უწოდა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს.

წყარო