პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პოსტზე პარლამენტს გელა (გეკა) გელაძის კანდიდატურა წარედგინება. გელაძემ, რომელიც მანამდე შს მინისტრის პოსტს იკავებდა, ახალ პოზიციაზე მამუკა მდინარაძე უნდა შეცვალოს.
გეკა გელაძის ბიოგრაფია მრავალწლიან მუშაობას მოიცავს. როგორც ძალოვან უწყებებში, ისე სხვადასხვა სამინისტროს მაღალ პოზიციებზე. პროფესიით იურისტმა (თსუ-ს მაგისტრი) კარიერა 1999 წელს პროკურატურაში სტაჟირებით დაიწყო. ეს იყო პირველი ნაბიჯი კარიერისკენ, რომელიც შემდგომში გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით, მათ შორის გამომძიებლად და სამმართველოს უფროსის მოადგილედაც.
2010-2012 წლებში, ის უკვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავიდა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მისი კარიერული გზიდან ჩანს, რომ გელაძე "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაშიც მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა.

მცირე ხნით კერძო სექტორში მუშაობის შემდეგ, 2012-2016 წლებში, იგი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გახდა.
2016-2018 წლებში კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
2018 წელს კი, კვლავ განათლების სფეროში გააგრძელა მოღვაწეობა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის რანგში, ხოლო 2023 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2024 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. 2025 წლის 5 აპრილიდან შსს მინისტრობამდე სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
გელაძეს მინისტრის პორტფელი 1 წლის განმავლობაში ებარა.
2026 წლის 20 თებერვალს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატი და მისი მეუღლე, ნათია ელიზბარაშვილი, საკმაოდ სოლიდურ უძრავ ქონებას ფლობენ.
როგორც მის მიერ შევსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, გელა გელაძის საკუთრებაშია:
1468 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 2009 წელს ჩუქებით გადაეცა;
7350 კვ.მ ფართს მიწის ნაკვეთი, ახმეტის რაიონში, კერძოდ, მაღრაანში, რომელიც 2021 წელს 5500 აშშ დოლარად შეიძინა.
გარდა ამისა, გელა გელაძის მეუღლის სახელზეა:

60 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 2007 წელს ჩუქებით გადაეცა;
60,9 კვ.მ ბინა ბაკურიანში, 2017 წელს 72 820 ლარად არის შეძენილი;
44,7 კვ.მ ბინა ბაკურიანში, 2017 წელს 55 650 ლარად არის შეძენილი;
27 კვ.მ ბინა ბაკურიანში, 2017 წელს 37 350 ლარად არის შეძენილი;
46, 9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, თბილისში, ჭავჭავაძეზე, 2007 წელს ჩუქებით გადაეცა;
817 კვ.მ მიწის ნაკვეთი კოჯორში, 2017 წელს 11 000 ლარია გადახდილი;
94 კვ.მ მიწის ნაკვეთის (თბილისში), 50%, 2024 წელს 7552 ლარია გადახდილი;
ცნობისთვის: გეკა გელაძე 43 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მის ნაცვლად შსს-ს სულხან თამაზაშვილი უხელმძღვანელებს.
ქონებრივი დეკლარაცია ვრცლად წაიკითხეთ bpn.ge