სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე, თეონა თავართქილაძე, ქეთო ანთიძის პოდკასტს ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი თავდაპირველად სილამაზის სფეროს დაეთმო, დასასრულს თეონამ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ თემაზე - ოჯახზე ისაუბრა. ის უკვე 32 წელია რეზი არველაძესთან ქორწინებაშია.
ორი ვაჟის, ნიკასა და ვატოს მშობლები ახლა უკვე ახალ ამპლუას - ბებია-ბაბუობას ეჩვევიან. თეონასა და რეზის პირველი შვილიშვილი, სოფია არველაძე, უმცროსი ვაჟის, ვატო არველაძისა და მაკუნა ზედაშიძის ოჯახში დაიბადა. 2025 წლის სექტემბერში კი მათ მეორე შვილიშვილიც შეემატათ - უფროს ვაჟს, ნიკა არველაძესა და მსახიობ ქეთი წიქვაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ბაბუის პატივსაცემად რეზი დაარქვეს.
თეონა თავართქილაძე ასაკის მატებასა და იმ ახალ სიყვარულებზე საუბრობს, რომლებმაც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა:
"იცი რა, შიშს ვერ დავარქმევ. ამ მატებას ვგრძნობ ბევრ რამეში, მაგრამ ასაკის მატებას იმდენი რაღაც ახალი, თავისი გასაგიჟებელი რაღაცები აქვს... აი, თუნდაც ბავშვები, პატარები... ისეთი ახალი სიყვარულები ჩნდება, რომ ერთადერთი, რისიც გეშინია ის არის, რომ ეს ყველაფერი მალე არ მორჩეს. როგორც ახლა ვარ ამ ბავშვებთან - თუნდაც ბებიის როლში - მინდა, რომ ამის ენერგია და თავი კიდევ დიდი ხანი მქონდეს.
აი, ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე, ეს შეგრძნება... ყოვლად მოულოდნელი! აი, ხომ გაგიგია, სხვებს უყურებ, მაგრამ დაუჯერებელი რაღაც გრძნობაა. იმიტომ კი არა, რომ ხვდები, შენი შვილის შვილია და იმიტომ გიყვარს... არავითარ შემთხვევაში! პერსონალურად ის გიყვარს რაღაც დაუჯერებელი სიყვარულით.

რეზიც... მოსალოდნელი იყო ჩემთვის. რეზი ისეთი მამაა, რომ ვიცოდი, ასეთივე ბაბუაც იქნებოდა. თუმცა ახლა პატარა რეზი ჯერ ძალიან პატარაა, თვეების არის. სოფია კი, რომელიც ორი წლისაა, თვითონ ისეთ სიყვარულს აჩვენებს რეზიკოს, რომ ჭკუიდან ჰყავს გადაყვანილი. "აბუს“ ეძახის - ბაბუს არა, აბუს. ხან "აბუკუნას“, ხან "აბუსკინოს“... რაღაც ფორმებს უძებნის.
ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ორივე ძალიან ჰგავს ჩემს შვილებს. იმ დღეს ვატოს ვეუბნებოდი: ისე მენატრებიან ის პატარები, სულ ვფიქრობ კიდევ უფრო მეტი დრო რატომ არ გავატარე მათთან-მეთქი. იმ დროში, ვფიქრობ, ძალიან მეგობრული დედა ვიყავი. თუმცა თვითონ მახსენებენ, რომ "შენ რასაც სწავლაზე გვიშვებოდიო...“. მე ეს ასე მძაფრად არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, სხვა გზა არ მქონდა - მაგ კუთხით მკაცრი უნდა ვყოფილიყავი. თუმცა, მგონი, აზვიადებენ. დღეს ძალიან ვმეგობრობთ და ეს მეგობრობა ყველანაირად სასარგებლოა. როცა შვილს აქვს საშუალება, თავისუფლად გაგიზიაროს ყველაფერი, შენც გაქვს შანსი, დაიცვა რაღაცებისგან და სწორი რჩევები მისცე. ალბათ, აქედან გაიგებენ ახლა - მე ასე ვგრძნობ, რომ რაც თვითონ გაუჩნდათ შვილები, უფრო შევუყვარდით. სხვანაირად შეხედეს ამ ურთიერთობას.
ჩვენი საყვარელი პერიოდია ზაფხული, როცა ყველა ვიკრიბებით ბუკნარში, ზღვაზე. იმდენი ვართ, რომ შეკრება რთულია, მაგრამ იქ ვახერხებთ. 13 საძინებელი გვაქვს და მაინც ვერ ვეტევით ხოლმე - ვიღაცას აივანზე სძინავს, ვიღაცას სხვაგან... დილას ოთახებიდან სულ ახალ-ახალი ადამიანები გამოდიან. არასდროს გვბეზრდება ერთად ყოფნა".