ავტორი:

არნახული ფუფუნება და მილიონიანი ჰონორარები: ქართული წარმოშობის ნიკისა და უკრაინელი ნიკას ქორწილი კანში - სტუმრებს შორის: რიკი მარტინი, კახა კალაძე, მაქსიმ გალკინი და სხვები

არნახული ფუფუნება და მილიონიანი ჰონორარები: ქართული წარმოშობის ნიკისა და უკრაინელი ნიკას ქორწილი კანში - სტუმრებს შორის: რიკი მარტინი, კახა კალაძე, მაქსიმ გალკინი და სხვები

კანში, საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, წლის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ხმაურიანი კერძო წვეულება გაიმართა. ქართველი IT-ბიზნესმენის, ნიკი ლომიასა და 24 წლის უკრაინელი მოდელის, ნიკას ქორწილს უკვე შეარქვეს "წლის ყველაზე ძვირადღირებული დღესასწაული". გრანდიოზული ღონისძიება 1919 წელს აშენებულ ისტორიულ მამულში, ხმელთაშუა ზღვის ხედების ფონზე ჩატარდა.

  • ვარსკვლავური სტუმრები და მილიონიანი ჰონორარები

საღამოს წამყვანი მაქსიმ გალკინი იყო. ის არა მხოლოდ წამყვანი იყო ცერემონიის, არამედ რამდენიმე სიმღერაც შეასრულა, მათ შორის უკრაინულ ენაზეც. გალკინმა ივო ბობულის რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტი "Розмова з тобою" იმღერა. გავრცელებული ინფორმაციით, შოუმენის ჰონორარმა ერთ საღამოში 100 000 ევროზე მეტი შეადგინა. მოგვიანებით გალკინმა "ინსტაგრამზე" ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს თავისი პროფესია.

სცენაზე გამოჩნდა ვალერი მელაძეც, რომელმაც თავისი უკვდავი ჰიტები - "Самба белого мотылька“ და "Салют, Вера!“ შეასრულა. წყაროების ცნობით, მომღერალმა გამოსვლისთვის 170 ათას დოლარზე მეტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მელაძე, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს, ამ გამოსვლით, ფაქტობრივად, გამოეხმაურა თავის პოზიციას ომთან დაკავშირებით, რადგან წვეულებაზე უკრაინული და რუსული ენა თანაბრად ისმოდა.

ქორწილის სტუმრებს შორის ჩანს, თბილისის მერი, კახა კალაძეც.

საღამოს მთავარი "ჰედლაინერი"კი პუერტორიკოელი ვარსკვლავი რიკი მარტინი გახდა. Livin' La Vida Loca-ს შემსრულებლის მოწვევა ორგანიზატორებს, სავარაუდოდ, 1.5 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

  • ფუფუნება და მენიუ

სტუმრებს მაღალი სამზარეულოს კერძებით უმასპინძლდებოდნენ, მათ შორის იყო ცნობილი "შატობრიანის" სტეიკი და უძვირფასესი შამპანური. ღონისძიების მთელი პროგრამა რუსულ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა, რაც პატარძლის მიერ გამოქვეყნებულ "სთორებშიც" კარგად ისმოდა.

  • ვინ არიან ნეფე-პატარძალი?

სიძე, ნიკი ლომია, წარმოშობით საქართველოდანაა. მან პარტნიორებთან ერთად კიევში დააფუძნა IT-კომპანია, რომელიც აზარტული თამაშების პროგრამულ უზრუნველყოფაზეა სპეციალიზებული. მისი ბიზნესი ევროპის მასშტაბითაც ოპერირებს. ცნობილია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიზნესმენი რუსულად საუბრობს.

პატარძალი ნიკა - ხარკოველი მოდელია, რომელიც წარსულში "მის უკრაინის" კონკურსში მონაწილეობდა. ამჟამად ის მონაკოში ცხოვრობს და მოდელობას აგრძელებს. მან უკრაინა ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

საინტერესოა პატარძლის მოგონება მათი ურთიერთობის დასაწყისზე. ნიკამ "ინსტაგრამზე" გაამხილა, რომ მათი პირველი პაემანი "მაკდონალდსში" შედგა:

"ჩემი პირველი პაემანი ჩემს მამაკაცთან სწორედ იქ შედგა. მე ძალიან უპრეტენზიო ვარ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან ერთად ხარ და არა გარემოზე. ყველაზე უბრალო რამეც კი შეიძლება გახდეს ძალიან რომანტიკული, თუ გვერდით სწორი ადამიანი გყავს", - დაწერა მოდელმა.