სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი - რიტმი“ ტრადიციას აგრძელებს და მსოფლიო აღიარების არტისტებსა და გამორჩეულ მუსიკალურ პროექტებს ადგილობრივ სცენაზე წარმოადგენს. წელს ფესტივალი მსმენელს ჟანრობრივად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს- ბაროკოს მუსიკიდან ჯაზამდე, ბალკანური ტრადიციებიდან აფრიკული მუსიკის ჟღერადობამდე.
11 მაისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში აზერბაიჯანელი პიანისტი შაინ ნოვრასლი ფრანგულ ტრიოსთან ერთად წარადგენს ალბომებს, რომლებიც მის მენტორთან, ლეგენდარულ აჰმად ჯამალთან ერთად პარიზში ჩაიწერა.
12 მაისს კი თამაზ ყურაშვილის სახელობის ჯაზკლუბში "თათუზა“ შაინ ნოვრასლის ტრიო და სპეციალურად პროექტისთვის მოწვეული ქართველი არტისტი მურმან ჯინორია მუსიკისა და პოეზიის სამყაროში გვამოგზაურებენ
28 მაისს კი კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფრანგი აკორდეონისტი და კომპოზიტორი ვინსენტ პეირანი ახალ ალბომს – "Living Being IV: Time Reflections-ს წარადგენს.
ფესტივალს ასევე დაემატა სიახლე - წელს "თბილისი - რიტმი“ პირველად უმასპინძლებს თეატრალურ წარმოდგენას. 16 მაისს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრში მიხეილ მრევლიშვილის სპექტაკლი, სახელწოდებით "რეპეტიციის შემდეგ“ გაიმართება. ერთმოქმედებიან დრამაში მთავარ როლებს აკაკი ხიდაშელი და მარინა კახიანი ასრულებენ.
ორგანიზატორები პრეს-კონფერენციას 27 აპრილს, 15:00-ზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში” გამართავენ და მედიასთან ფესტივალის დეტალებზე ისაუბრებენ.
"თბილისი – რიტმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, "შემოქმედებითი საქართველოსა“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია საპროდიუსერო კომპანია "თაგის არტი“.