ანი ტყებუჩავას პოდკასტში მსახიობმა ნატა მურვანიძემ და მისმა ქალიშვილმა, მანუ თავაძემ, ღიად ისაუბრეს იმ დეტალებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მათ ოჯახში ხდებოდა.
პოდკასტში მანუს მდგომარეობაზე ისაუბრა ნატა მურვანიძემ. მისი, როგორც დედის, ძალიან მტკივნეული აღიარება – შეცდომებზე, რომლებიც "გაეპარა“, დაგვიანებულ რეაქციასა და იმ საზარელ შიშზე, რომელსაც ექიმების სიტყვები ჰგვრიდა: "არ ვართ დარწმუნებულები, შევძლებთ თუ არა მის მობრუნებას“.
წაიკითხეთ, რატომ არის კვებითი აშლილობა ჩვენი დროის ეპიდემია და როგორ უნდა დავიცვათ შვილები იმ "საშიში ველებისგან“, რომლებიც მათ ყველგან – სოციალურ ქსელებში თუ ყოველდღიურ კომპლიმენტებში ხვდებათ
მანუ თავაძე (შვილი):
- კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა, რატომაც დამეწყო; ბევრმა რაღაცამ იმოქმედა. ძირითადად - საზოგადოებისგან მოხვეულმა აზრმა; ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად ჭარბობს აზრი, რომ ყველანი გამხდრები უნდა ვიყოთ და ყველას უნდა გვქონდეს იდეალური გარეგნობა, რომ მიმზიდველები ან საინტერესოები ვიყოთ. გარდატეხის ასაკში ეს ეპიდემიასავით არის - კვებითი აშლილობა; ძალიან გადამდებია, სოციალურ ქსელში საშიში ველები არსებობს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორ იყენებენ მოზარდები ამას. არსებობს გვერდები, პოსტები, რომლებიც ამას ახალისებენ.
ჩემს შემთხვევაში ბევრმა რაღაცამ იმოქმედა. საბალეტო სტუდიამაც იმოქმედა. იქ კონკრეტული სტანდარტია. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ჩავაბარე ქორეოგრაფიულში, სწორედ ეგ იყო. მაკამ, ბებიაჩემმა, მითხრა - მთელი ცხოვრება დიეტებზე უნდა იყო, უნდა ივარჯიშო, რომ სტანდარტში ჩაჯდე. გარდატეხის ასაკში შეიძლება ეს ძალიან დამანგრეველი აღმოჩნდეს.
აღარ ჩავაბარე, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ შემომიძვრა უარყოფითი აზრები და ფიქრები. პანდემიის დროს დაიწყო ყველაფერი; ჩაკეტილობა, სკოლის დამთავრება, რომელსაც ვერ ვგრძნობდი. არც ბოლო ზარი გვქონია, არც არაფერი. ვერ ვხვდებოდი რა ფაზაში ვიყავი. ერთადერთი, რისი კონტროლიც შემეძლო, იყო ჩემი გარეგნობა და წონა. იქ ვიპოვე წარმატების პატარა მარცვალი.
მერე კოვიდი დამემართა, გემო და ყნოსვა დავკარგე. საჭმლის მიმართ ძალიან უცნაური და რთული დამოკიდებულება გამიჩნდა. კვებითი აშლილობა ზოგადად ისეთი რაღაცაა, რაც რთულად შესამჩნევია სხვებისთვის, ოჯახის წევრებისთვისაც. ვირჩევდი დაბალკალორიულ საკვებს, ამას ამჩნევდნენ და თავიდან შეიძლება ჩათვალო, რომ ბავშვი უბრალოდ ჯანსაღი კვების გზას დაადგა, ბურგერებს არ ჭამს და ძალიან კარგია.
მერე უკვე იწყება ციკლის დაკარგვა, სულ გცივა, კანი გიშრება, თმა გცვივა; ბევრი ასეთი სიმპტომია. ცდილობ, რომ ეს დამალო. მალევე დავკარგე ძალიან დიდი წონა, ორი წლის განმავლობაში რთულ პერიოდში ვიყავი, როცა ფსიქოლოგიურად ჯურღმულებში ჩავედი. მთავარი ამ კვებითი აშლილობის არის, რომ უნდა დამალო, რომ რამე გაქვს. სულ ცდილობ, რომ თუ ვინმე კითხვის ნიშანს გისვამს უნდა გაექცე. სულ ვიტყუებოდი, კოვიდის შემდგომ გემოსა და ყნოსვის დაკარგვას ვაბრალებდი ყველაფერს. ეს რაღაც მომენტამდე მოქმედებდა სხვებზე. რეალურად ძალიან რთულ მდგომარეობამდე მივედი. ბოლოს აღმოჩნდა ისე, რომ კლინიკაში დაწოლა დამჭირდა; ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ჩემში კარგმა ექიმებმა. ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში სპეციალიზებული კლინიკა კვებითი აშლილობების არ გვაქვს. ბიჭებშიც არის ძალიან გავრცელებული.
ეს საშინელი, ტაბუირებული თემაა. მე მჭირდებოდა, რომ ვიღაცას თავის გამოცდილებაზე ელაპარაკა და არავინ ლაპარაკობდა. ჩემი მთავარი მიზანი იყო, ამაზე ავლაპარაკებულიყავი, როცა გამოჯანმრთელების პროცესს დავამთავრებდი.
მე რაც გამოვიარე, ნერვული ანორექსია, ეს ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს. დიახ, ნერვული ანორექსია მთავრდება ფატალურად, თუ არ გაიარე გამოჯანმრთელების პროცესი.
ნატა მურვანიძე (დედა):
- არის რაღაცები, რასაც შეიძლება ვნანობ; გამეპარა და შეიძლებოდა ასე არ ყოფილიყო. ვინაიდან ახლა ეს შედეგია, ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს საჭიროც იყო, რომ მანუს ცხოვრებაში რაღაც ისეთ მოხდა და გაუმკლავდა, რაც შემდგომ მის ცხოვრებას სხვანაირად წარმართავს. რა თქმა უნდა, ჯობია რომ ეს არ დაგემართოს, სახიფათო რამ არის. არ იცი შეძლებ თუ არა ამასთან გამკლავებას.
ექიმები სულ ამბობდნენ - არ ვიცით, როდის დადგება ის მომენტი, როცა ვეღარ მობრუნდებაო.
სულ ამ მდგომარეობაში ხარ, რომ არ იცი, დადგა თუ არა ეს მომენტი, რომელიც ვეღარ მოგაბრუნებს უკან. ძალიან რთულია ამის მოსმენა როცა ამას გეუბნებიან. ჯერ იყო ბრეკეტები, რომლის გამოც ცოტა დაიკლო, რაც თავადაც არ მოსწონდა და განიცდიდა, დაკლების შემდეგ კომპლიმენტებიც მიიღო, ჩვენგანაც. არაფრით არ განვსხვავდებით მათგან, გამარჯობა, უი, გახდი, ჩვენც ასეთები ვართ.
მაკამ შეამჩნია პირველმა. მე არ მივიღე ეს, ვამბობდი - ბებოები ხომ იცით-თქო. ცოტა დამაგვიანდა ამასთან დაკავშირებით. მანუმაც გააკეთა რაღაც ტესტი და მითხრა - მე მგონი ანორექსია მაქვსო. მეთქი, რა სისულელეა, კაი რა, ყველა ვხდებით, კოსტიუმში უნდა ჩავეტიო, ხაჭაპურს არ ვჭამ-თქო. მერე პანდემია იყო, ზამთარი, თბილად ეცვა, ვიზუალურად ვიწრო სახიანი ადამიანები ვართ და გახდომა, გასუქება არ გვეტყობა. ვიზუალურად ვერ შევამჩნიე; ეს სულ მაქვს, რომ ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო. ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს უნდა ერთ ხაზზე დაჯდე და ენდო ექიმებს.
შენი ჩარევა მანდ ზედმეტია. უნდა იყო მხოლოდ მძღოლი და ტექნიკური შემსრულებელი; არ უნდა ჩაერიო მათ კომპეტენციაში. კარგი მშობლობა არის ის, რაც არ იცი, იქ არ ჩაერიო. სასწაული ექიმების ხელში აღმოვჩნდით. გაგვიმართლა რომ აღმოვჩნდით, ნინო ზავრაშვილთან, ქეთი ჭანტურიშვილთან, გიორგი ბერულავასა და ნინო პატურაშვილთან; მადლობა მათ, რომ ამ ქვეყანაში არიან და ჩვენ გვმკურნალობენ".