აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს კანიბალიზმში ადანაშაულებენ. ბრიტანული გამოცემა The Sunday Times წერს, რომ უკრაინულმა მხარემ მტკიცებულებების სახით ფოტოები და აუდიოჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერებში, სავარაუდოდ, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ერთმანეთს შორის საუბრობენ. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, მათ საკუთარი თანამებრძოლების ცხედრები შეჭამეს.
რუსეთის მხარე მსგავს ბრალდებებს უარყოფს და მათ „ყალბ ინფორმაციას“ უწოდებს.

2025 წლის ნოემბერში, რუსი ქვეითი ჯარისკაცი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, აღნიშნულმა სამხედრო მოსამსახურემ ორი თანამებრძოლი მოკლა და ერთ-ერთი მათგანის სხეულის ნაწილის შეჭმა სცადა. რუსეთის მხარეს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
აუდიოჩანაწერში, რომელიც The Sunday Times-ს გაუზიარეს, უცნობი ოფიცერი დეტალურად აღწერს ინციდენტს, რომელიც, მისი თქმით, დონეცკის რეგიონში მოხდა. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
2025 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებულ ჩანაწერში რაზმის მეთაური თავის ხელქვეითს ეუბნება:
"რამე რომ გეთქვა, მითითებას მოგცემდი, სად წასულიყავი, ხორცი სად გეშოვა... რატომ ჭამ მათ... შეწყვიტე ადამიანების ჭამა“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მასალები უკრაინული დაზვერვის მიერ არის გავრცელებული და მათი დამოუკიდებლად გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია. რუსეთის მხარე მსგავს ჩანაწერებს ყალბს უწოდებს.
ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთების საფუძველს ვერ ხედავს. პრესსპიკერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვის პროპაგანდას წარმოადგენს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ომის დროს კანიბალიზმის შესახებ ბრალდებები ხშირად გამოიყენება, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, მტრის დეჰუმანიზაციის მიზნით.

სხვა ცნობების მიხედვით, რუსი სამხედროები უჩივიან არასაკმარის ან ვადაგასულ საკვებს. გამოცემა The New York Times ადრე წერდა, რომ ომის დასაწყისში ზოგიერთ ჯარისკაცს წლების წინ ვადაგასული რაციონი მიეწოდებოდა.
ამასთან, Security Service of Ukraine-ს მიერ 2023 წელს გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ეძებენ რუსი ჯარისკაცები საკვებს მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებში.