27 აპრილს მედიაში და მათ შორის Ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთი საქართველოს საზღვრისპირა სოფელ ჯილიზას დაუბრუნებს. ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადება საქართველოსთან დელიმიტაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ,
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს უახლოეს მომავალში გააგრძელებს და ასევე, საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულება დღის წესრიგში დგას.
"რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ და გონივრულ ვადებში დავასრულებთ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. ასევე, დღის წესრიგში დგას საქართველოსთან ჩვენი საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებებს უკვე მივაღწიეთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
"რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა "ინფორმაცია“, თითქოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთი ალავერდის გაერთიანებული თემის სოფელ ჯილიზას გადასცემს.
სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ ნებისმიერი განცხადება, აზრი თუ "ინფორმაცია“ თავისთავად ვერ შეესაბამება რეალობას.
შესაბამისად, როგორც ადრე, ისე ახლაც და მომავალშიც, მსგავსი შინაარსის ნებისმიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარვყოფდით, უარვყოფთ ახლა და უარვყოფთ კვლავაც, რადგან ისინი გამოგონილია", - წერს ბაღდასარიანი.
Ambebi.ge ბოდიშს უხდის თავის მკითხველს არასწორად დამუშავებული ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.