ბევრისთვის დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა მეცნიერები გვირჩევენ, ხანდახან საკუთარ ორგანიზმს მცირე "ექსპერიმენტი“ მოვუწყოთ. კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყავაზე დროებითი უარის თქმა ტვინის მუშაობასა და ემოციურ მდგომარეობაზე რადიკალურად მოქმედებს.
კვლევამ, რომელშიც 62 მოხალისე მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ყავას, უფრო მაღალი იმპულსურობითა და ემოციური რეაქტიულობით გამოირჩევიან. თუმცა, საკმარისია მხოლოდ ორი კვირა ამ სასმელზე უარის თქმა, რომ სტრესის დონე საგრძნობლად იკლებს, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გაწონასწორებული ხდება.
საინტერესოა, რომ კოფეინისგან "დასვენების“ შემდეგ, როდესაც მონაწილეებმა უკოფეინო ყავაზე გადაინაცვლეს, მათი მეხსიერების ტესტების შედეგები გაუმჯობესდა, ძილი კი - გაღრმავდა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყავა მხოლოდ ენერგიაზე კი არა, ჩვენს კუჭ-ნაწლავის მიკრობიომზეც ახდენს გავლენას. ყავის მოყვარულებსა და მათ შორის, ვინც მას საერთოდ არ სვამს, ბაქტერიული ფონი განსხვავებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყავაზე უარის თქმისას ორგანიზმში ანთებითი პროცესების მარკერები იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ყავა თავდაპირველად ამცირებს ანთებას, მისი მკვეთრი შეწყვეტა ორგანიზმისთვის გარკვეულ "შოკს“ წარმოადგენს, რომელიც მოგვიანებით ისევ დაბალანსდება.
თუ ყავაზე სამუდამოდ უარის თქმა არ გსურთ, ბრიტანული ბიობანკის (UK Biobank) მასშტაბური კვლევა, რომელშიც 460 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, გამოსავალს გვთავაზობს.
იდეალური დოზა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დღეში 2-3 ფინჯანია. ზომიერება ამცირებს დეპრესიისა და შფოთვის რისკს. 5 და მეტი ფინჯანი, პირიქით, ზრდის ფსიქიკური აშლილობის ალბათობას.
როგორც აღმოჩნდა, სრული უარი ყოველთვის არ არის საუკეთესო გამოსავალი - ზომიერი მოხმარება ტვინისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე კოფეინისგან სრული იზოლაცია.
მკვლევრები გვირჩევენ, რომ თუ გრძნობთ, რომ ზედმეტად შფოთავთ ან ძილი დაგერღვათ, სცადეთ 14-დღიანი პაუზა. ეს თქვენს ტვინს "გადატვირთვის“ საშუალებას მისცემს, შემდეგ კი ისევ დაუბრუნდით საყვარელ რიტუალს, ოღონდ ამჯერად - ზომიერების ფარგლებში. წყარო