ავტორი:

"ხერხემალში გაუტკივარება რომ გაუკეთეს, ბაქტერია შევიდა და დაემართა ბაქტერიული მენინგიტი" - რას ჰყვებიან 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ გართულდა

"ხერხემალში გაუტკივარება რომ გაუკეთეს, ბაქტერია შევიდა და დაემართა ბაქტერიული მენინგიტი" - რას ჰყვებიან 20 წლის გოგოზე, რომლის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ გართულდა

ორი შვილის დედის, 20 წლის ასმათ ბერიძის გადარჩენას ახლა თურქეთის კლინიკაში, კერძოდ სამსუნში ცდილობენ. საქართველოში უამრავი ადამიანი ელოდება ახალგაზრდა გოგოს გამოჯანმრთელებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ასმათ ბერიძემ მეორე შვილზე ბათუმის კლინიკა "ბაოში" იმშობიარა, მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა, დაიბადა ახალშობილი, ალისია. ჰყავს ასევე უფროსი ქალიშვილი, 1 წლის და 2 თვის ანაბელი.

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, მოულოდნელად კლინიკაში ახალნამშობიარევი გოგოს მდგომარეობა დამძიმდა, მან გონება დაკარგა. ამის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გოგონას მენინგიტი ჰქონდა.

პაციენტი ბათუმში, რეანიმაციულ განყოფილებაშია იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავდნენ, საკეისრო კვეთა გართულებების გარეშე ჩატარდა, თუმცა მოგვიანებით პაციენტის მდგომარეობა შეიცვალა. სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების წინასწარი მონაცემებით, ქალს მენინგიტი უფიქსირდება.

მართალია კლინიკაში განმარტავდნენ რომ მდგომარეობა სტაბილური იყო, მაგრამ ოჯახმა ატეხა განგაში და ანალიზები სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში გადააგზავნა. იქაურმა ექიმებმა თქვეს რომ დრო არ უნდა დაკარგულიყო, რადგან ანალიზები ძალიან ცუდი იყო. ოჯახი გამოსავალს ეძებდა, საკმაოდ სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული მისი თურქეთში გადაყვანა, სოციალური ქსელითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ როგორმე გოგონას გადაყვანა თურქეთში მომხდარიყო.

ოპერატიულად მოხერხდა რეანიმობილით უგონო მდგომარეობაში მყოფი 20 წლის გოგოს თურქეთში გადაყვანა. იქ დახვდა მათ ასმათის მეუღლის დეიდა, ქალბატონი მზია ზოიძე, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. ჩვენ სწორედ მას ვესაუბრეთ, ქალბატონი მზია, ამჟამად ის ასმათის მეუღლესთან, გიორგისთან ერთად კლინიკაშია და პაციენტის ნახვის შესაძლებლობაც აქვს. მისი თქმით, მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.

მზია ზოიძე, დეიდა:

- ასმათის და გიორგის გოგონა შეეძინათ, საკეისრო კვეთა გაუკეთდა კლინიკა ბაუ-ში, ოპერაცია რომ გაუკეთეს, ამის შემდეგ ადგა ფეხზე, კარგად იყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ საკეისრომდე მისთვის ანალიზები არ გაუკეთებიათ, მერე უთქვამს ასმათს, თავი მტკივაო, მიუციათ ტკივილგამაყუჩებელი, ღამით კი საწოლში გონებადაკარგული ნახეს. ამის მერე დაურეკეს ოჯახს, ვერ ვაღვიძებთო და რეანიმაციაში გადაიყვანეს, მერე გადაწყდა თურმე მისთვის თავის გადაღება, რადგან იმ კლინიკაში არ იყო შესაბამისი აპარატურა, გადაიყვანეს ჯერ ერთ, მერე მეორე საავადმყოფოში. ახალ ნაოპერაციევი გოგო თურმე ოჯახის წევრებმა რომ ნახეს, სიცივისგან გაყინული იყო, რადგან თბილადაც არ ეფარა. გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, ოჯახის წევრებმა გაიხადეს ქურთუკები და ის გადააფარეს, რომ როგორმე გამთბარიყო. გადაუღეს ტომოგრაფია, დააბრუნეს საავადმყოფოში და მერე გაარკვიეს თურმე, რომ ეს გადაღება კონტრასტით არ იყო გაკეთებული და ამიტომ ისევ დასჭირდათ წაყვანა და თავიდან გადაღება. მოკლედ ძალიან ბევრი აწვალეს.

ვიცით რომ ცუდი ბაქტერია შეეჭრა ორგანიზმში, ცალსახად ამას ექიმები ბუნებრივია არ ამბობენ, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით შეეჭრა სპინალური გაუტკივარების დროს. ეტყობა გაუჭირდათ ნემსის გაკეთება. ამჟამად აქვს მენინგიტი, უგონო მდგომარეობაში იყო თურქეთის კლინიკაში რომ გადმოიყვანეს. ძალიან ოპერატიულად მოხერხდა მისი გადმოყვანა თურქეთში და მისი გადარჩენის იმედად ვართ ყველანი. უფალს შევთხოვთ მის კარგად ყოფნას. ახლა მნიშვნელოვანია რამდენად გამოვა ორგანიზმიდან ეს ბაქტერია. არაფერი არ ახსოვს, ვერც მეტყველებდა, არც მეხსიერება ჰქონდა, საკუთარ დედასაც ვერ ცნობდა აქ რომ ჩამოვიყვანეთ, უკვე მეორე დღეს ცოტა ცნობადობა დაუბრუნდა. ახლა უკვე გვცნობს, ცოტა ლაპარაკიც დაიწყო, დასტაბილურდა მდგომარეობა, ისეთი ექიმები არიან ჩარეულები, რომ ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. რა გამოიარა ამ გოგომ ეს დღეები საქართველოს კლინიკაში რომ მოვყვე, დიდი დრო დამჭირდება. ახლა მთავარია გადარჩეს და დაუბრუნდეს ჯანმრთელი მის მეუღლეს, შვილებს, მშობლებს, ყველას.

- რთული ფეხმძიმობა ჰქონდა?

- ჩვეულებრივად, არაფერი არ სჭირდა საერთოდ, პირველ ბავშვზეც კარგად იმშობიარა, მეორე შვილზე რომ იმშობიარა,უთხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო. მერე გახდა ცუდად. კრუნჩხვებიც ჰქონდა თურმე და ოჯახს ეუბნებოდნენ ეპილეფსიააო. გაგიჟდნენ, რა ეპილეფსია, გოგოს არაფერი სჭირდაო. მეან გინეკოლოგი წინასწარ აყვანილი ჰყავდა. მე ვცხოვრობ თურქეთში და ჩემმა დისშვილმა გადმომიგზავნა ასმათის ანალიზები, აქ ვაჩვენე ექიმს, მან პირდაპირ მითხრა, კატასტროფულად ცუდი ანალიზები აქვს და დროზე მიხედონო. ბათუმში, კლინიკაში მკურნალ ექიმს რომ ვურეკავდი ანალიზები ძალიან ცუდი აქვს მეთქი, მითხრა, თქვენ ვინ ხართ, რა იცით, მედიცინის მუშაკი ხართო? არა, მაგრამ ჩახედული ვარ და თურქი ექიმები ამბობენ ერთი წუთიც არ არის დასაკარგი- მეთქი, ეს არ მოსწონდათ, არადა უგონოდ იყო გოგო, ეუბნებოდნენ, ჯერ გამოსაკვლევია და გამოკვლევებს ვუტარებთო. ძალიან განვიცდიდით, გვეშინოდა კომაში არ ჩავარდნილიყო, მერე უფრო რთული იქნებოდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. მაშინ რატომ არის ასე მეთქი, ჩვენ რა ვიცითო. არადა ოჯახის წევრებსაც ვერ ცნობდა. ჩემს დას დავურეკე, სასწრაფოდ წამოიყვანეთ, არ გააჩეროთ, დრო არ დავკარგოთ- მეთქი, უკვე ვიცოდი, რომ იქ ამ გოგოს დაღუპავდნენ, ისეთი სიტუაცია იყო, ისეთი ცუდი ანალიზები.

რომ დავაპირეთ გადმოყვანა და სასწრაფო გავაგზავნეთ, მერე ღამით გვითხრეს, რომ სინჯი აუღეს ხერხემლიდან და აქვს ბაქტერიული მენინგიტიო, მანამდე 13-14 საათმა ისე ჩაიარა, რომ არაფერი უთხრეს ოჯახს, გადმოვიყვანეთ შაბათი იყო. დასვენების დღის მიუხედავად, ყველა ექიმი მოვიდა და დაიწყო კვლევა თურქეთში. სისხლის მაჩვენებლები აქვს ისეთი, ნამდვილად არის ბაქტერიული მენინგიტიო, ეს არის წამოსული ანესთეზიიდან, ხერხემალში რომ გაუკეთეს, ბაქტერია შევიდა და სწრაფად განვითარდა, წავიდა თავში და დაემართა ბაქტერიული მენინგიტი. ახლა აქ ბიოფსიის პასუხს ველოდებით, კონკრეტულად რომ გაირკვეს რა ბაქტერიაა. ბიოფსია აღებული აქვს ხერხემალზე, უნდა გაირკვეს რამდენად გამოვა ორგანიზმიდან ეს ბაქტერია.

ამჟამად პალატაში გადმოიყვანეს, რადგან რეანიმაციაში უზარმაზარი გადასახადია. მეუღლე ადგას თავზე, მეც მათთან ვარ. იმედი გვაქვს, რომ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება და ეს პატარა, 20 წლის გოგო დაუბრუნდება თავის პატარებს, რომლებიც ელოდებიან საქართველოში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომელმაც გულთან მიიტანა ჩვენი გასაჭირი და რიცხავს თანხებს.

ცოტა კონტაქტში რომ შემოვიდა, დავარეკინეთ უფროსი ბავშვი რომ დაინახა, იტირა. მერე მეორე შვილიც. პატარაა წონით, 2 კილო და 200 გრამი, ინკუბატორში ყავდათ და ახლა ჭამა დაიწყო. ალბათ რამდენიმე დღეში გამოიყვანენ სახლში. ექიმების თქმით, საკმაო ხანს მოუწევს კლინიკაში ყოფნა ასმათის. ჯერ რა თანხა დაგვჭირდება. არ ვიცით, ამიტომ ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვართ. მთავარია გამოძვრა, ახლა ბიოფსიის პასუხია მთავარი. გადარჩენით გადარჩება, ამის იმედი მოგვეცა ექიმმა, მაგრამ ერთადერთი ახლა იმისთვის ვიბრძვით, რომ რამე პარალიზება არ დაუტოვოს. მთავარია დროულად გვყავს მოყვანილი. ხალხის იმედით და ხალხის დახმარებით წამოვედით, თორემ ოჯახს მართლა არა აქვს საშუალება.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი - GE24BG0000000499051604, მიმღები - გიორგი პაპიძე, მეუღლე,

თიბისი ბანკი - GE45TB7555245164300004, მიმღები - დავით ქოქოლაძე