მიუხედავად ამ სტრატეგიულ მარშრუტზე დაწესებული ბლოკადისა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მთავარ მოკავშირის სახელთან დაკავშირებულმა სუპერ იახტამ ჰორმუზის სრუტეში გაიარა.
გასულ უქმეებზე მან დუბაიდან ომანის დედაქალაქ მასკატისკენ აიღო გეზი და იმ კერძო ხომალდების მცირე რიცხვში მოხვდა, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში სრუტეში ტრანზიტით გავლა მოახერხეს.
მორდაშოვი, რომელსაც პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის ოფიციალურ მფლობელად არ ფიქსირდება. თუმცა, მონაცემების მიხედვით, “Nord“ 2022 წელს მისი მეუღლის მფლობელობაში არსებულ ფირმაზე არის დარეგისტრირებული.

პლატფორმა Marine Traffic-ის მონაცემებით, 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების იახტამ დუბაი გასულ პარასკევ ღამით დატოვა და კვირა დილას ომანის პორტ “ალ-მუჯში“ შევიდა. როგორც წესი, ამ დროისთვის ჰორმუზის გავლით მხოლოდ ის გემები გადაადგილდებიან, რომლებსაც ირანისგან ამის ოფიციალური ნებართვა აქვთ მიღებული. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ჰქონდა თუ არა რაიმე შეთანხმებას ადგილი “Nord“-ის შემთხვევაში.
ამავე მონაცემებით იახტა ირანში არ გაჩერებულა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) განმარტებით, ბლოკადის საწყისი წერტილი ბევრად უფრო აღმოსავლეთით მდებარეობს, ვიდრე გემის ბოლო დაფიქსირებული ლოკაციაა.

მორდაშოვმა ქონება ძირითადად ფოლადისა და სამთო-მოპოვებითი კომპანია "სევერსტალის“ მეშვეობით დააგროვა. დაახლოებით 37 მილიარდი დოლარის მფლობელი მილიარდერი, ჟურნალ “Forbes“-ის მიხედვით, რუსეთის უმდიდრეს მოქალაქედ ითვლება.
ჟურნალ 'Superyacht Times" -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “Nord“-ი საცურაო აუზით, წყალქვეშა ნავითა და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით არის აღჭურვილი. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მორდაშოვი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.
მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, გაეყინათ მისი აქტივები, ჰონგ-კონგმა და მალდივებმა იახტის დაკავებაზე უარი განაცხადეს. თუმცა, 2022 წლის მარტში იტალიის პოლიციამ “იმპერიას“ პორტში მორდაშოვის შედარებით მცირე ზომის გემი 65-მეტრიანი Lady M დააკავა.

სანქციების თავიდან ასაცილებლად, რუსმა ოლიგარქებმა თავიანთი გემები ევროპული პორტებიდან ახლო აღმოსავლეთისა და აზიის იმ რეგიონებში გადაიყვანეს, სადაც დასავლური სანქციების იურიდიული ძალა არ ვრცელდება.
რუსეთ-ირანის სტრატეგიული ალიანსი
აშშ-სთან ჩიხში შესული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, თეირანს დიპლომატიური აქცენტი რუსეთთან კავშირების გამტკიცებაზე გადააქვს. ორშაბათს, 27 აპრილს ვლადიმერ პუტინმა ირანის დელეგაციას სანქტ-პეტერბურგში უმასპინძლა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, მოსკოვ-თეირანის ურთიერთობებს "მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა" უწოდა. სააგენტო "Tass’ -ის ცნობით, შეხვედრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ, "ამერიკისა და ისრაელის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფონზე ირანელი ხალხი საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად “მამაცურად იბრძვის".