51 წლის ბრიტანელი ქალის ოჯახი, რომელმაც შვილის გარდაცვალების შემდეგ შვეიცარიულ კლინიკაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, აღშფოთებას ვერ მალავს. როგორც ჩანს, მათ მომხდარის შესახებ მოგვიანებით, მხოლოდ ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს.


ენ კანინგი გასული წლის იანვარში, ემბრუკშირში მდებარე სახლიდან ფარულად გაემგზავრა შვეიცარიაში, რათა სადავო რეპუტაციის მქონე კლინიკა “პეგასოსში“ (Pegasos), სიცოცხლე თვითმკვლელობით (შვეიცარიაში ევთანაზიის კაფსულის გამოყენება ლეგალური 2021 წელს გახდა )დაესრულებინა.

54 წლის დელიას თქმით, სუიციდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების გაფრთხილების გარეშე დატოვება კლინიკის მხრიდან “ამაზრზენ საქციელს წარმოადგენს“.

შვეიცარიის სამედიცინო ასოციაციის გაიდლაინების თანახმად, ოჯახს ყოველთვის უნდა ეცნობოს, როდესაც ახლობელი სიცოცხლის ხელყოფას გეგმავს. თუმცა, 2022 წელს მიღებული ეს რეკომენდაციები იურიდიულად სავალდებულო უკვე აღარ არის.
დელიამ დის განზრახვის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მან და მისმა ორმა ძმამ ქალისგან გამოსამშვიდობებელი წერილები მიიღეს. მანამდე ოჯახს ეგონა, რომ ენი შვეიცარიაში შვებულებას ატარებდა. წერილის მიღების შემდეგ, ოჯახმა ენთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, კლინიკიდან ორი სტრიქონის შემცველი წერილი მოვიდა, რომელმაც ენის გარდაცვალება დაადასტურა.
როგორც დელიამ აღნიშნა: "ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ მსგავსი პროცედურის დაგეგმვა და განხორციელება, ოჯახის წევრებისთვის შეუმჩნევლად, ყოველგვარი ალტერნატიული გზების ძიების გარეშე ასეთ მოკლე დროში არის შესაძლებელი".
კანინგის ისტორია ვენდი დაფის შემთხვევას წააგავს, რომელმაც შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, 23 აპრილს, იმავე კლინიკაში დაასრულა სიცოცხლე.

მას შემდეგ, რაც მისი 23 წლის შვილი, მარკუსი, ოთხი წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მიმდინარე თვის დასაწყისში ვენდიმ კლინიკას დახმარებისთვის 10 000 ფუნტი გადაუხადა. მიუხედავად იმისა, რომ “პეგასოსი“ ოფიციალურად არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, კლიენტები ყველა ხარჯს, მათ შორის მედიკამენტებსა და ექიმების მომსახურებას საფასურს, თავად ფარავენ.

კლინიკის დამფუძნებელმა რუდი ჰაბეგერმა “დეილი მეილს“ დაუდასტურა, რომ ვენდი დაფიმ სიცოცხლე საკუთარი სურვილით დაასრულა და პროცედურა მისი ნების შესაბამისად წარიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ ფსიქიატრიულმა შეფასებამ პაციენტი ფსიქიკურად ჯანმრთელად ცნო და მის მიერ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი დაადასტურა.


კლინიკა “პეგასოსი“ უკვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში "სუიციდური ტურიზმის წახალისების" გამო. გასულ აგვისტოს, ირლანდიაში მცხოვრები 58 წლის მორინ სლოუ ასევე გაემგზავრა შვეიცარიაში. მისმა ქალიშვილმა, მეგან როიალმა, კი WhatsApp-ის შეტყობინება მიიღო კლინიკიდან, სადაც ეწერა, რომ დედამისი გარდაიცვალა და ფერფლს ფოსტით გამოუგზავნიან.
კლინიკის პრესსპიკერის თქმით, "ისინი კონკრეტულ საქმეებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ყოველთვის ცდილობენ, მოქმედი კანონმდებლობისა და კონფიდენციალურობის დაცვით გარდაცვლილის ოჯახს ინფორმაცია მიაწოდონ".
კლინიკის წარმომდგენლების ასევე აცხადებენ რომ, პაციენტთა უმეტესობა კლინიკაში ახლობელთან ერთად მიდის, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც გადაწყვეტილების აღსრულების დროს მარტო ყოფნას არჩევენ.