საბერძნეთი, კუნძული ხიოსი - საზოგადოება შოკშია იმ ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, სადაც ასახულია, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად მომვლელი დემენციით დაავადებულ 98 წლის მოხუცს. ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ ძალადობის მსხვერპლი, ბატონი პანაგიოტისი, ამ შემთხვევიდან მალევე გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის ბოლო დღეები არა სიმშვიდეში, არამედ ნამდვილ ჯოჯოხეთში გაილია. მამაკაცი მომვლელის მხილებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ფარული კამერა და მხილებული „მზრუნველობა“
ოჯახმა ეჭვი მას შემდეგ აიღო, რაც კაცს სახეზე სისხლჩაქცევა შეამჩნიეს. მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებული მომვლელი (წარმოშობით რუმინეთიდან) თავდაჯერებულად აცხადებდა, რომ ის თავის საქმეს იდეალურად ასრულებდა და კამერების დაყენება არ აშინებდა, რეალობა გაცილებით სასტიკი აღმოჩნდა.
ერთ საღამოს, მოხუცის შვილიშვილმა შემთხვევით შეამოწმა ჩანაწერი და დაინახა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: 70 წლის მომვლელი ცდილობდა მოხუცისთვის ხელები ხალათის ქამრით დაება, წინააღმდეგობის გაწევისას კი მას თავში გამეტებით სცემდა, თმასა და ყურებს აქაჩავდა.
„მამა ემბრიონის პოზაში დამხვდა, მთელი სხეულით კანკალებდა. მეუბნებოდა: მე არ მყავს ისეთი მეგობრები, ხელებს რომ მიკრავენ და მირტყამენო. იმ მომენტში იმდენად შოკირებული ვიყავი, მხოლოდ მისი ჩახუტება და კოცნა შევძელი,“ - იხსენებს მოხუცის ქალიშვილი ცრემლებით.

ცინიკური უარყოფა და სასამართლოს გადაწყვეტილება
ვიდეომასალაში აღბეჭდილია დიალოგიც, როდესაც ქალიშვილი ოთახში შედის და მომვლელს პირდაპირ სთხოვს პასუხს:
- „შენ მას დაარტყი!“
- „არა, ღმერთო ჩემო, რას ამბობ...“
- „მე ეს კამერით დავინახე!“
- „არა... გეხვეწები...“
მიუხედავად მყარი მტკიცებულებებისა და აღძრული სისხლის სამართლის საქმისა, პროკურორის გადაწყვეტილებამ ოჯახი და საზოგადოება აღაშფოთა - ბრალდებული სასამართლომდე თავისუფალი დატოვეს.
საფრთხე, რომელიც კვლავ არსებობს
ოჯახის წევრები შიშობენ, რომ მოძალადე ქალმა უკვე დატოვა კუნძული და შესაძლოა ათენში ან სხვა ქალაქში კვლავ დაიწყოს მუშაობა სხვა ოჯახში, სადაც ისევ დაუცველი მოხუცები დახვდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მომვლელის მხრიდან აგრესია ვლინდებოდა.
ბატონი პანაგიოტისის ისტორია კიდევ ერთი მწარე გაკვეთილია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონტროლი მათზე, ვისაც ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვანდობთ.