მარნეული-ბოლნისის ავტომაგისტრალის სოფელ ცურტავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 11 წლის ბავშვს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა. როგორც ცნობილია, ავარიაში მონაწილე მძღოლმა მოზარდი კლინიკაში თავად გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"ბავშვს სახლთან დაეჯახა მანქანა, გზაზე გადადიოდა, როცა ეს შემთხვევა მოხდა. 11 წლის იყო. ავარია დღეს 18:00 საათზე მოხდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ვინც დაეჯახა, ის ადგილობრივი არ არის" - გვიყვება ადგილობრივი.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.