უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ჯული დევისი, რომელიც კიევში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას გასული წლის მაისიდან იკავებს, იმედგაცრუებულია თავისი ფუნქციებით.
გასული წლის აპრილში მსგავსი მიზეზით თანამდებობა კიევში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკსმაც დატოვა.
როგორც გამოცემა წერს, დევისი, რომელიც კიევში მუშაობის პარალელურად ამ დრომდე კვიპროსში აშშ-ის ელჩად რჩება, დიპლომატიური კარიერის დასრულებას გეგმავს. ასევე, წყაროების ცნობით, დევისი გაოცებული დარჩა, როდესაც გასული წლის ოქტომბერში მედიის მეშვეობით გაიგო, რომ დონალდ ტრამპმა კვიპროსში ელჩის თანამდებობაზე ბიზნესმენი ჯონ ბრესლოუ წარადგინა. წყაროების ცნობით, დევისს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონია.
დევისის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ტომი პიგოტმაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მიზეზი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უთანხმოება არ არის.
ტომი პიგოტის ცნობით, ჯული დევისი თანამდებობას 2026 წლის ივნისში დატოვებს.