ხშირად, სანამ მანქანის მინიდან მძღოლის სახეს დავინახავთ, მისი ავტომობილის ნომერი უკვე გვიყვება მისი შემოსავლის ისტორიას. თბილისის საცობებში "ლამაზი“ სანომრე ნიშანი მხოლოდ ციფრების ერთობლიობა არაა - ეს არის უსიტყვო განაცხადი პრესტიჟზე, გავლენასა და, რა თქმა უნდა, ფინანსურ შესაძლებლობებზე. როდესაც სარკეში ხედავთ ნომერს იდენტური ასოებითა და ციფრებით, ქვეცნობიერად უკვე იცით: ამ საჭესთან ადამიანი ზის, რომელმაც საკუთარ იმიჯში რამდენიმე ათასი ლარი მხოლოდ ერთი "აქსესუარისთვის“ გადაიხადა. ბევრისთვის ეს მაინც და მაინც კარგ ტონად სულაც არ მიიჩნევა, თუმცა, ფაქტია, საქართველოში ხშირად ვხედავთ ავტომობილებს ძვირადღირებული ნომრებით.
მოდით, ვნახოთ, რა ღირს ეს "თვითგამოხატვა“ მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ტარიფებით და როგორ გამოიყურება ქართული ფასები მსოფლიო რეკორდების ფონზე.
საქართველოს კანონმდებლობით, სანომრე ნიშნების ფასი 150 ლარიდან იწყება და 10 000 ლარამდე აღწევს. ფასს განსაზღვრავს როგორც ციფრების თანმიმდევრობა, ისე ლათინური ასოების იდენტურობა.
1. პერსონალური "ბრენდი“ - 10 000 ლარი
თუ ქუჩაში ხედავთ ნომერს, რომელიც მხოლოდ სახელს ან სიტყვას შეიცავს (მაგალითად: DATO1, GIGI ან BOSS), იცოდეთ, რომ მის მფლობელს ეს სიამოვნება 10 000 ლარი დაუჯდა. ეს არის მაქსიმალური ფუფუნება, სადაც ციფრებისა და ასოების კომბინაციას თავად ირჩევთ.

2. ყველაზე ძვირი სტანდარტული კომბინაციებია, როდესაც ოთხივე ლათინური ასო და ციფრებიც იდენტურია.
მაგალითი: AA-111-AA, BB-777-BB.ფასი: 1,000 ლარი.3. საშუალო ფასი (400 - 800 ლარი)
აქ ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ასოა იდენტური.
მაგალითად:
სამი ერთი და იგივე ასო და კომბინაცია 111, 222... - 800 ლარი.
ორი წყვილი განსხვავებული ასო (მაგ: AB-777-AB) - 800 ლარი.
ხოლო თუ კომბინაციაა 100, 200 ან 001, 002 - ფასი 400-დან 600 ლარამდე მერყეობს.
4. ბიუჯეტური ნომრები (150 - 250 ლარი)
თუ გსურთ, რომ ნომერი უბრალოდ დასამახსოვრებელი იყოს, მაგრამ ასოებს მნიშვნელობას არ ანიჭებთ:
ყველა ასო განსხვავებულია, ციფრები კი იდენტური (მაგ: AB-444-CD) — 250 ლარი.ციფრების კომბინაცია 100, 200... განსხვავებული ასოებით - სულ რაღაც 150 ლარად შეიძენთ.
საინტერესოა, რომ ფასიანი ნომერი თქვენი საკუთრებაა. ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში, სააგენტო მას 365 დღის განმავლობაში გინახავთ, რათა მომდევნო ავტომობილზე მისი გადატანა შეძლოთ.
თუ საქართველოში 10 000 ლარი მაქსიმუმია, მსოფლიო არენაზე ეს თანხა სასაცილოდაც კი ჩანს.

აქ ნომერი სიმდიდრის მთავარი ინდიკატორია. რაც უფრო ნაკლები ციფრია ნომერზე, მით უფრო მდიდარია მფლობელი.
მსოფლიო რეკორდი: 2023 წელს დუბაიში ნომერი "P 7" გაიყიდა 15 მილიონ დოლარად. ეს თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდა.
ბრიტანელებს უყვართ სიტყვებით თამაში
ნომერი "25 O" 518,000 ფუნტად გაიყიდა.ნომერი "F1" კი, რომელიც დიზაინერ აფზალ კანის ეკუთვნის, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნევა და მისი ფასი 10 მილიონ ფუნტს აჭარბებს.
აქ ნომრებს ხშირად სიმბოლური ან იღბლიანი მნიშვნელობით ყიდულობენ. მაგალითად, ნომერი "R" აუქციონზე 3.2 მილიონ დოლარად გაიყიდა, რადგან ადგილობრივ კულტურაში ეს ასო წარმატებასთან ასოცირდება.