ავტორი:

"ვიცოდი, რომ საკუთარ თავზე მუშაობა ერთ დღეს შედეგს მოიტანდა" - ახალგაზრდა მომღერალი დიდი გეგმებით: 22 წლის ნინა შეყრილაძის ისტორია

"ვიცოდი, რომ საკუთარ თავზე მუშაობა ერთ დღეს შედეგს მოიტანდა" - ახალგაზრდა მომღერალი დიდი გეგმებით: 22 წლის ნინა შეყრილაძის ისტორია

სიმღერა მისი სამყაროა, ხმა რომელსაც გულიდან ჰყვება. 22 წლის ნინა შეყრილაძე უკვე ქმნის საკუთარ მუსიკალურ გზას და ეს მხოლოდ დასაწყისია. ახალგაზრდა მომღერალი AMBEBI.GE-ს უყვება, როგორ დაიწყო მუსიკალური კარიერა და რა გეგმები აქვს.

- მე ვარ ნინა შეყრილაძე, 22 წლის. ჩემი რეალური მოწოდება ყოველთვის მუსიკა იყო, დღეს ვარ ბენდის სოლისტი და სცენა არის ის ადგილი, სადაც საკუთარ თავს ყველაზე სრულად და თავისუფლად გამოვხატავ.

- როდის და როგორ აღმოაჩინე მუსიკალური მონაცემები?

- მუსიკა ჩემთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ ჰობი. ის ყოველთვის იყო ჩემი შინაგანი ხმა. ბავშვობიდანვე ბუნებრივად მოდიოდა სიმღერა, თითქოს ეს იყო ენა, რომლითაც საკუთარ ემოციებს ვამბობდი. დროთა განმავლობაში ეს გრძნობა უფრო გაძლიერდა და მივხვდი, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო.

- შენი პირველი სიმღერა თუ გახსოვს?

- პირველი სიმღერები, რა თქმა უნდა, ყოველთვის განსაკუთრებულად გვამახსოვრდება, რადგან სწორედ იქ იბადება სცენის პირველი ემოცია. ჩემთვისაც ასე იყო - იმ მომენტიდან, როცა პირველად ვიმღერე, მივხვდი, რომ ეს გრძნობა მჭირდებოდა და ეს იყო ის რაც არასოდეს დამტოვებდა.

- როგორ მოხვედი აქამდე, რა გზა გაიარე?

- ეს გზა მარტივი არ იყო, თუმცა საკუთარი თავის ძიებას, ზრდას და მუდმივ განვითარებას ვცდილობდი. თითოეული ნაბიჯი პატარა თუ დიდი ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახდა. არასოდეს შემიწყვეტია საკუთარ თავზე მუშაობა და ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი შედეგს მოიტანდა. სწორედ ამ რწმენამ და სიყვარულმა მუსიკის მიმართ მომიყვანა იქ, სადაც დღეს ვარ.

- ახლა სად მღერი და რა არის შენის გეგმები?

- დღეს ვმღერი ბენდთან (stageband) ერთად, რაც ჩემთვის განსაკუთრებული ეტაპია ეს არის ენერგია, ცოცხალი ემოცია და აუდიტორიასთან პირდაპირი კავშირი. რაც შეეხება გეგმებს მინდა, ჩემი მუსიკა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო, გავაცნო ჩემი ხმა ფართო აუდიტორიას და გავიდე საერთაშორისო სცენაზეც. ჩემთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, მუსიკა ჩემთვის უბრალოდ კარიერა არ არის, ეს არის ჩემი ენერგია და ჩემი გზა, ეს არის ის რასაც ბოლომდე მივყვები.