ავტორი:

"რუსეთი არ დაინტერესებულა, როცა თავისი მოქალაქე, ლევან ჯანგველაძე მოკლეს, მაგრამ დაინტერესდა ოთარ ფარცხალაძის განცხადებით" - ლევან ვეფხვაძე

"რუსეთი არ დაინტერესებულა, როცა თავისი მოქალაქე, ლევან ჯანგველაძე მოკლეს, მაგრამ დაინტერესდა ოთარ ფარცხალაძის განცხადებით" - ლევან ვეფხვაძე

რუსეთის ფედერაცია არ დაინტერესებულა, როცა თავისი მოქალაქე, ლევან ჯანგველაძე მოკლეს, მაგრამ დაინტერესდა ოთარ ფარცხალაძის განცხადებით, თითქოს ილია მიკულსკიმ და როზა ნარცისოვამ ცრუ ჩვენება მისცეს, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • ვეფხვაძემ დღევანდელ სხდომაზე რეპლიკის უფლებით ისარგებლა. პროკურორმა მის სიტყვაში ვრცლად ისაუბრა მოპოვებულ მტკიცებულებებსა და მკვლელობის მოტივზე.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ირაკლი უსოიანს პირადი ინტერესი ჰქონდა ლევან ჯანგველაძის მიმართ, მას სჯეროდა, რომ მისი ბაბუის მკვლელობაში ჯანგველაძეების ხელი ერია. აღნიშნულის გამო, მასთან ბიზნესდაპირისპირებაში მყოფ ოთარ ფარცხალაძეს და მიქაძეებს დაუკავშირდა და მკვლელობა შეუკვეთა, თავის მხრივ კი, მიქაძეები დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს.

პროკურორის თქმით, ამ ყველაფერს ერთობლიობად ასაბუთებს მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის ჩვენება და მისი პატაკი, რომ ირაკლი უსოიანმა ჯანგველაძე-ფარცხალაძის დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხდა ირაკლი უსოიანის გამოკითხვა, პროკურორი აცხადებს, რომ ეს ბრალდების მხარის გადასაწყვეტია, რომელ საგამოძიებო მოქმედებას და როდის ჩაატარებს.

პროკურორმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტზეც, რომ გიორგი მიქაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა.

„ბრალდებულის ჩვენება აქ არ მომისმენია. თუ გვსაყვედურობს, რომ ბრალდების მხარემ არ გამომკითხა, არ დამისვა შეკითხვები, იქნებ რას გეუბნებოდითო, ამაზე კარგი საშუალება სად იყო, სასამართლო პროცესზე რატომ არ მისცა ჩვენება წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით? მე არ ვერევი მის უფლებაში, მისი კონსტიტუციური უფლებაა, სასამართლოში ჩვენებას მისცემს თუ არა, მაგრამ ჩვენ გვისაყვედურა, რატომ არ დამიბარეთ გამოკითხვაზეო. ჩვენ დიდი მოლოდინი გვქონდა სასამართლოს პროცესზე ჩვენებას მისცემდით და კითხვებს დაგისვამდით, მაგრამ კონსტიტუციური უფლება გამოიყენეთ.

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა სრულად დაუსაბუთებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ბრალდებულების მიერ ჩადენილ ქმედებას ადასტურებს. მოლოდინი გვაქვს, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და სამართლიანი სასჯელი“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.