ავტორი:

ცუკერბერი, მასკი, ბეზოსი და სხვა მილიარდერები რობოტი ძაღლების ამპლუაში - უჩვეულო გამოფენა ბერლინის მუზეუმში, სადაც უკონტროლო ძალაუფლებას აპროტესტებენ

ცუკერბერი, მასკი, ბეზოსი და სხვა მილიარდერები რობოტი ძაღლების ამპლუაში - უჩვეულო გამოფენა ბერლინის მუზეუმში, სადაც უკონტროლო ძალაუფლებას აპროტესტებენ

ბერლინის მუზეუმი უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. მის ტერიტორიაზე რობოტი ძაღლები დასეირნობენ, რომლებსაც მსოფლიოში ცნობილი ადამიანების - ელონ მასკის, მარკ ცუკერბერგის, ჯეფ ბეზოსის, ენდი უორჰოლისა და პაბლო პიკასოს რეალისტური სილიკონის თავები აქვთ მორგებული.

  • დროდადრო “ცხოველები“ მუზეუმის გარემოს ფოტოებს იღებენ და მათ “ფეკალიების“ სახით ბეჭდავენ.

ეს უჩვეულო მექანიზმები ამერიკელი ხელოვნის , “Beeple“-ის (მაიკ ვინკელმანი) იმ ინტერაქტიური ინსტალაციის ნაწილია, რომელიც ამჟამად ბერლინის ახალ ეროვნულ გალერეაში არის წარმოდგენილი.

თითოეული ამობეჭდილი ფოტო რეალობის იმ ფრაგმენტს ასახავს, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა კონკრეტული პერსონაჟის სტილში გადაამუშავა. მაგალითად: “პიკასო-ძაღლი“ გარემოს კუბისტურ სტილში ხედავს, “უორჰოლის ძაღლი“ კი პოპ-არტის სტილის გამოსახულებებს ბეჭდავს.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ამ ინსტალაციით მათ იმის დემონსტრირებას სცადეს თუ რა გავლენას ახდენენ ალგორითმები და ტექნოლოგიური პლატფორმები ადამიანების აღქმაზე.

“წარსულში სამყაროსადმი ჩვენს ხედვას ნაწილობრივ ხელოვანები აყალიბებდნენ. პიკასოს მხატვრობამ სამყაროს აღქმა შეცვალა, ხოლო მომხმარებლური კულტურის მიმართ უორჰოლის დამოკიდებულებამ ჩვეული გარემოში ახალი მოდგომები მოიტანა,“ - განაცხადა Beeple -მა მედიასთან საუბარში.

ხელოვანის აზრით, დღეს ეს ძალაუფლება ტექნოლოგიურ მილიარდერებს აქვთ. მათ ხელშია ის მძლავრი ალგორითმები, რომლებიც წყვეტენ, თუ რას ვხედავთ და რას არა.

“ეს არის კოლოსალური ძალაუფლება... თუ მათ რაიმეს შეცვლა სურთ, კონგრესის ან ევროკავშირის ნებართვა სულაც არ სჭირდებათ, უბრალოდ იღვიძებენ და ალგორითმს ცვლიან,“ - აცხადებს ვინკელმანი.

  • ვინ არის “Beeple“?

წარმოშობით ამერიკელი, გრაფიკული დიზაინერი “Beeple“ -ი ციფრული ხელოვნების ერთ-ერთი პიონერია, რომელიც წლების განმავლობაში ყოველდღიურად ქმნის და აქვეყნებს ახალ ნამუშევარს.

2021 წელს მაიკ ვინკელმანის ციფრული კოლაჟი სახელწოდებით “Everydays: The First 5000 Days“ აუქციონზე 69 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა და ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც მსხვილმა სააუქციონო სახლმა (Christie’s) მხოლოდ ციფრული ხელოვნების ნიმუში გაყიდა, რომლის ავთენტურობა ე. წ. NFT -ით , (ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომლებიც ციფრული კოლექციონირების ობიექტის ნამდვილობას ადასტურებენ) დაადასტურა. გადახდა კი კრიპტოვალუტაში განხორციელდა.

წყარო