ავტორი:

“საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია, ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში“ - მაკა ბოჭორიშვილი

“საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია, ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში“ - მაკა ბოჭორიშვილი

“საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

  • მინისტრის განცხადებით, წინააღმდეგობრივია დიალოგის აღდგენაზე საუბარი და პარალელურად საქართველოს მიმართ ზეწოლის მექანიზმების გამოყენება.

“ერთი მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება აღდგეს დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის და, მეორეს მხრივ, როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შანტაჟის მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგის აღდგენაზე, რა თქმა უნდა, იმაზე აღარ უნდა ვსაუბრობდეთ, როგორ უნდა დააშანტაჟო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ზეწოლის მცდელობები მართლაც შეინიშნება, თუმცა მათი რეალიზების შესაძლებლობა შეზღუდულია.

“თქვენ გახსოვთ, ალბათ, ყულევის თემა სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენ ბევრი უსამართლო ნაბიჯი ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით, გამორიცხვით ალბათ არაფერი არ უნდა გამორიცხო, თუმცა ძალიან რთულია დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იპოვო ის კონსენსუსი, რაც სჭირდება ამ საკითხის გატანას“, -აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა განმარტა, რომ მიუხედავად ცალკეული აქტორების სურვილისა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს.

  • მისივე თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტია ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე უნდა მოხდეს.

“ისევ და ისევ სჯობს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაბრუნდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ნორმალურ ჩარჩოში, ამას შანტაჟის ენით ვერაფრით ვერ მოვახერხებთ“, - განმარტა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დეკლარირებულ პრინციპებსა და რიტორიკას შორის წინააღმდეგობა არსებობს.

“ევროკავშირის მისიის განცხადება მიდევს წინ: “ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს“... - ასეთი მუქარებით საუბარი ცოტა სხვა რეალობას ხატავს და სხვა აღქმას ტოვებს ჩვენს საზოგადოებაში და ჩვენს პოლიტიკურ წრეებში.

არაფერი გვაქვს დასაძალებელი, ნებაყოფლობით შეგვიძლია დავსხდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ჭირდება ჩვენს ურთიერთობებს...

ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცხადი - ჩვენ არ შეგვიჩერებია დიალოგი, ჩვენ არანაირი საფუძველი არ ჩაგვიყრია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ევროკავშირის მხრიდან მიღებული. არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2024 წლის ივნისი - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ევროკავშირის ელჩმა განგვიმარტა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება სიტყვებით, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან დიალოგი და შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. მოგვიანებით გაკეთდა განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელშიც ვერ ნახავთ ვერცერთ წინადადებას, რომლის საფუძველზეც შეიძლება გამოიტანო დასკვნა, რომ ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი. ეს განცხადება ითარგმნა ამგვარად და დღემდე ასეთი სპეკულაცია ხდება, თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი, როცა ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ევროკავშირს ჰქონდა დასკვნები გამოქვეყნებული და ეს დასკვნები ევროკავშირის ელჩმა გვითარგმნა, როგორც დიალოგის შეჩერება და იმავდროულად ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ასე რომ, ეს დიალოგი, ეს ურთიერთობები შეჩერებული არის ევროკავშირის ბიუროკრატიის მიერ“, - განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.

გადაცემა “დღის თემაში“ სტუმრობისას, მან ისაუბრა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზეც და ელჩის განცხადებაზე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა.

“ბრიუსელიდან გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, მათ შორის ისიც, რომ თავად ევროკავშირის ელჩი იყო აღნიშნული ღონისძიების მონაწილე, იწვევს სამართლიან შეშფოთებას როგორც საქართველოს პოლიტიკური წრეების, ისე ქართული საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელსაც კარგად გვახსოვს, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. ამიტომ ასეთი განცხადებები ჩვენი საზოგადოების, პოლიტიკური წრეების მხრიდან აღქმული იყო, როგორც პირდაპირი მუქარა, რაზეც სრულიად სამართლიანი შეშფოთება გამოიხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, ცინიკურია ბრალდებები ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, როდესაც ქართული მხარის სამართლიან რეაქციას ანტიევროპულ რიტორიკად მოიხსენიებენ.

“დღეს ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის ბრალდებები, თითქოს საქართველოს ან ქართულ პოლიტიკურ ელიტას აქვს ანტიევროპული რიტორიკა. ხშირად სწორედ რიტორიკაზე აპელირებენ, როდესაც საუბარია იმ გარემოებებზე, რომლებიც ერთგვარად აფერხებს დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ცინიკურია ასეთი ბრალდებები მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იდგმება კონკრეტული აქტორების მხრიდან, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იღებენ თავად ამ ღონისძიებებში მონაწილეობას და შემდგომ ჩვენი სამართლიანი რეაქცია არის შეფუთული, როგორც ანტიევროპული რიტორიკა“, - აღნიშნა მინისტრმა.