ავტორი:

გემი ჩაიძირა, იულია შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს - შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი შტურმანი ქალი და 4 მეზღვაური გოგონას ისტორია

გემი ჩაიძირა, იულია შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს - შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი შტურმანი ქალი და 4 მეზღვაური გოგონას ისტორია

"თუ წასვლაა, წასვლა იყოს. მე შორეულ აღმოსავლეთში წავიდოდი, ქვეყანას ვნახავდი, საზღვარგარეთ ვიცურავებდი. მთელი ქვეყანა უნდა მოვიაროთ!“ - იულია ფაილოძე

  • პროლოგი

“ხომ გინახავთ ზღვა - მშვიდი, გარინდული. და თუ მზესაც არ ეფარება ამ დროს ღრუბელი, ცისარტყელას ყველა ფერით ლივლივებს იგი. თეთრაფრიანი ნავი გაისრიალებს მის სარკისებრ ზედაპირზე და სულ მცირე ხნით ტოვებს უკან აქაფებულ ზოლს. შემდეგ ისიც ქრება და ზღვა კვლავ მშვიდია, უწყინარი, ხელუხლებელი.

ზღვის ზედაპირზე საერთოდ არ რჩება ნაკვალევი. სამაგიეროდ, მისი ფსკერი ინახავს უამრავ ისტორიას და როცა ზღვა ღელავს და ბობოქრობს, თავის კანში ვერ ეტევა და გაფოფრილი, ტალღების ქუხილით უტევს ნაპირს, ამ დროს იგი თითქოს გვიყვება იმ იდუმალ ამბებს, რომლებიც მის სიღრმეშია დამარხული” - ასე მხატვრულად იწყება ქართველი დრამატურგის, მწერლის, ჟურნალისტისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, აწ განსვენებული ალექსანდრე ჩხაიძის მონათხრობი ზღვასა და ოთხ ქალიშვილზე.

სიმართლე გითხრათ, წლების განმავლობაში ბათუმშიც ხშირად ვყოფილვარ, ბათუმის საზღვაო სანაოსნოშიც შევხვედრივარ იქ მომუშავე ადამიანებს, მაგრამ ალექსანდრე ჩხაიძის მიერ მოთხრობილ ოთხ ქალიშვილზე არასდროს არაფერი მსმენია, ვიდრე...

ჩემი მოძღვრის, ვერის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურის - დეკანოზ გიორგი ცნობილაძის მიერ აგებული პატარა ეკლესია და პატარა სახლი, კარმიდამოთი - ხეხილითა და სხვადასხვა მცენარეებით დამშვენებული, მის მრევლს გამორჩეულად გვიყვარს, მით უფრო, რომ თბილისს ეკუთვნის და დიდი დროც არ გვჭირდება იქ მისასვლელად. შაბათ-კვირის წირვა-ლოცვის შემდეგ, ჩვენს მოძღვართან სასაუბროდ, მით უფრო - საეკლესიო დღესასწაულებზე, მრევლი სწორედ იქ ავდივართ ხოლმე. ადრე თბილისის იმ ადგილს "აგარაკებს“ ეძახდნენ და ქუჩის სახელწოდებადაც ასევე ეწერა მისამართი. არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ მშვენიერ კვირა დღეს, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან ჩვენს მოძღვართან ავედით. საღამოსკენ, დაღმართზე მანქანით რომ დავეშვით, მისამართის ამსახველ ტრაფარეტზე შევნიშნე, რომ "აგარაკები“ აღარ ეწერა - იმ ადგილისთვის სახელწოდება შეუცვლიათ და იულია ფაილოძის ქუჩა უწოდებიათ. ხმამაღლა ვიკითხე კიდეც, ნეტავ, ვინ არის ეს ფაილოძე-მეთქი? ჩემმა მეგობარმა მითხრა, როგორც ვიცი, შორეული ნაოსნობის მეზღვაური იყო, მგონი, კაპიტანიც კიო. მაშინვე დავინტერესდი, რადგან ზღვა და წყალი სწორედ რომ ჩემი სტიქიაა და რაც და ვინც მას უკავშირდება, გამორჩეულად მაინტერესებს.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოს საზღვაო სანაოსნო აღარც არსებობს, რაც ძლიერ დასანანია, არადა, საქართველოს საზღვაო-სანაოსნო რომ შეექმნა, შორეული ნაოსნობის ლეგენდარულმა კაპიტანმა ანატოლი კაჭარავამ რუსებს ორ წელიწადში 64 გემი ააგებინა და 1967 წლიდან, 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ სანაოსნოს. მართლაც დასანანია და მით უფრო, სტრატეგიულად როგორ აუცილებელი ჩვენნაირი პატარა ზღვისპირა ქვეყნისთვის საკუთარი სანაოსნო, მაგრამ რა?..

საზღვაო სანაოსნოს ქალი-მეზღვაურების შესახებ ხომ სრულიად არაფერი ვიცოდი, ამიტომ არქივებში დავიწყე ძებნა და... ვიპოვე კიდეც ალექსანდრე ჩხაიძის პატარა მოთხრობა-ამბავი ოთხ მამაც ქალიშვილზე, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ იულია ფაილოძე გახლდათ - შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი მეზღვაური ქალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

  • იულია ფაილოძე - ოცნება ოკეანეზე და იალქნიანი ხომალდი "ტოვარიშჩი“

იულია ფაილოძე 1919 წელს ხონის რაიონის სოფელ დიდღვაბუნაში დაიბადა. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად აფხაზეთში, სოხუმთან მდებარე ზღვისპირა სოფელ აგუძერაში გადავიდა საცხოვრებლად. აგუძერას, თურმე, ნავსადგური არ ჰქონდა, შესაბამისად, მის ნაპირებთან საოკეანო გემებიც ვერ ჩაუშვებდნენ ღუზას. მწერლის მონათხრობით, "ზოგჯერ მეთევზეთა სეინერი და მოტორიანი ნავი თუ ჩაივლიდა შორიახლოს ან სოხუმისკენ გეზაღებული ხომალდი გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე და ბავშვები ერთმანეთს ედავებოდნენ: - ტანკერია! - არა, სატვირთოა! - ჩვენია! საზღვარგარეთულია!“.

7 კლასი რომ დაასრულა, იულია ბათუმის საზღვაო ტექნიკუმში, ჰიდროტექნიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მასთან ერთად კიდევ 3 გოგონა სწავლობდა: ნინო კალანდაძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. იულიას სწავლა თავიდანვე გემთწამყვანობაზე უნდოდა, მაგრამ რადგან გოგონა იყო, არ მიიღეს. თუმცა მოგვიანებით მან თავისი სურვილის ასრულება მაინც მოინდომა და გემთწამყვანობაზე გადავიდა.

იმ დროს, როცა ზღვა მხოლოდ მამაკაცების სტიქიად მიიჩნეოდა, იულია ფაილოძემ სტერეოტიპი დაანგრია და შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი მეზღვაური ქალი გახდა.

იმდენად უყვარდა ზღვა, რომ, თურმე, საღამოობით მეგობრებთან ერთად ნახევრად დანგრეულ შუქურაზე ადიოდა და საათობით გასცქეროდა ჩამავალი მზით ალმოდებულ ჰორიზონტს.

აგუძერელებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ დედამიწაზე კიდევ ბევრი ზღვა და ოკეანე იყო, ასევე, იყო სოხუმზე დიდი ნავსადგურებიც, ხოლო თეთრი და რუხი გემები, აგუძერას რომ ჩაუვლიდნენ მოშორებით, სწორედ იმ შორეულ ქვეყნებსა და ოკეანეებში დადიოდნენ და დაცურავდნენ.

ნინო კალანდაძე

იმ დროს შვიდი კლასის განათლება უკვე აღარ კმაროდა, ამიტომ იულიამ შვიდი კლასი რომ დაამთავრა, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ შვილისათვის აგრონომიული განათლება მიეცათ.

მაგრამ ამ დროს ბათუმიდან უფროსი ქალიშვილის მეუღლე ლევან წილოსანი ჩამოსულა და იულიასთვის სასიხარულო ამბავიც ჩამოუტანია: იულიას გატაცებაზე ბათუმის საზღვაო ტექნიკუმის დირექტორისთვის - სიმონ ალანიასთვის უთქვამს, ალანიას კი ურჩევია, ჩვენთან შემოიყვანეთო. ლევან წილოსანს ოჯახის უფროსები კი დაუმშვიდებია - ტექნიკუმში ჰიდროტექნიკური განყოფილება არის და იულია ნავსადგურების მშენებლობაზე იმუშავებსო. ხეირიანად თვითონ იულიამაც არ იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა "ჰიდროტექნიკური“, მაგრამ მაინც დაინტერესებულა და სიხარულით გამგზავრებულა ბათუმისკენ. ეს ამბავი 1936 წელს მომხდარა, მაშინ იულია მხოლოდ 16 წლის იყო.

გამოცდების ჩასაბარებლად თავდაპირველად ბევრი ახალგაზრდა მისულა, მაგრამ მისაღებ გამოცდებსა და პირველ კურსზე თანდათანობით დაფანტულან.

საბოლოოდ 4 ქალიშვილი შემორჩენილა - იულია ფაილოძე, ნინო კალანდაძე, ვაიდე გვარიშვილი და შუშანა თუმანიშვილი. რამდენიმე დღეში გოგონები დამეგობრებულან კიდეც.

ვაიდე გვარიშვილი

ერთხელ, თურმე, საზღვაო პრაქტიკიდან გემთწამყვანი განყოფილების მე-4 კურსის მოსწავლეები რომ ჩამოვიდნენ, მათ შორის ერთი ქალიშვილიც ყოფილა. ამან 4 მეგობარს იმედი მისცა და მათ მეორე დღესვე მიმართეს დირექციას, გადაეყვანათ გემთწამყვან განყოფილებაზე. თავდაპირველად უარი უთქვამთ, გოგონების ბავშვური გატაცება ეგონათ, მით უფრო, რომ ქალ-მეზღვაურებს დიდად არ წყალობდნენ, მაგრამ "შესანიშნავი ოთხეული“ ისე გაჯიუტებულა, დირექციას უარი ვეღარ უთქვამს. იულია გემთწამყვანობის ფაკულტეტზე კარგად სწავლობდა. დირექციის პატივისცემაც დაიმსახურა, თუმცა როცა პრაქტიკის დრო დადგა, მას კიდევ ერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა. ტექნიკუმის ხელმძღვანელობამ გემზე გაშვებამდე მის მშობლებთან პირისპირ შეხვედრა მოისურვა, თუმცა გოგონამ გამოსავალს მალევე მიაგნო: ნაცნობ-მეზობლებს მოელაპარაკა და დედ-მამის ნაცვლად ტექნიკუმის ხელმძღვანელობას ისინი შეახვედრა. იულია ფაილოძემ სწავლა 1940 წელს დაასრულა. სწავლის დასრულების შემდეგ კი იგი შორეული ნაოსნობის შტურმანი გახდა.

მართალია, დირექცია დათანხმდა იულიას და მისი 3 მეგობარი გოგონას პრაქტიკაზე გაშვებას, მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ გოგონები პირველივე საზღვაო პრაქტიკაზე დაჰყრიდნენ ფარ-ხმალს. მეგობრები მოუთმენლად ელოდნენ პირველ პრაქტიკას როსტოვში, სადაც ოცი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი გაემგზავრნენ. გოგონებმა ზღვის ღელვასაც გაუძლეს და ზღვის ავადმყოფობასაც. ისინი რიგით მეზღვაურებად მიიღეს "ვოლგა-დონზე“. ქვანახშირი და ცემენტი დაჰქონდათ როსტოვსა და აზოვის ზღვის ნავსადგურებს შორის. მძიმე იყო მეზღვაურის ცხოვრება, მაგრამ ოთხმა ქალიშვილმა შეჰფიცა ერთმანეთს, არაფერში დაედოთ ტოლი ვაჟებისთვის. ორ თვე-ნახევრის შემდეგ გოგონებმა პრაქტიკის წარმატებით დამთავრების საბუთები წარუდგინეს დირექციას და შექებაც დაიმსახურეს. სანერვიულო კი ჰქონდათ, რადგან ერთი საგანიც რომ დარჩენოდათ ჩაუბარებელი, პრაქტიკაზე არ გაუშვებდნენ. თანაც იცოდნენ, იალქნიან ხომალდ "ტოვარიშზე“ პრაქტიკის გაუვლელად ნამდვილ მეზღვაურად არავინ ჩაითვლებოდა.

"ტოვარიშჩი“ ოდესაში ელოდა ბათუმელ კურსანტებს. იქ დახვდნენ მათ ოდესელები და ხერსონელები. ზღვაში გასვლამდე არემონტებდნენ ხომალდს, ხეხავდნენ გემბანს, სწავლობდნენ საზღვაო ნასკვების გაკეთებას, იზეპირებდნენ იალქნებისა და ანძების უამრავ ძნელად დასამახსოვრებელ სახელწოდებას. ბოლოს გავიდნენ გაშლილ ზღვაში...

შუშანა თუმანიშვილი

  • შეუპოვარი ოთხეული

"ტოვარიშჩის“ შემდეგ ქალიშვილებისადმი დამოკიდებულება შეუცვლიათ - ოთხივე გულმოდგინედ განაგრძობდა სწავლას. ისინი მუდამ ერთად იყვნენ და არც კი ფიქრობდნენ, რომ ოდესმე ერთმანეთს დაშორდებოდნენ. ტანკერებზე მესამე კურსის საზღვაო პრაქტიკაც ჩამოიტოვეს, გამოცდებიც წარმატებით ჩააბარეს და ერთხელ კიდევ გავიდნენ ზღვაში, ამჯერად უკვე საშტურმანო პრაქტიკაზე.

იდგა ზამთარი, ზღვაც ცივი იყო, ცაც - აქოჩრილი და მოქუფრული. ქართველი მებრძოლები შორეულ ფინეთში ომობდნენ და შავ ზღვამდე აღწევდა ბრძოლის გამოძახილი. გადაჰყავდათ დაჭრილები, გადაჰქონდათ საომარი საჭურველი. ნინო კალანდაძის ძმა ვახტანგ კალანდაძე ფინეთის ომში იყო და მისგან ბოლო ხანებში არაფერი ისმოდა. ოთხი ქალიშვილი გემზე ეწეოდა საშტურმანო ვახტს, საწვიმარმოსხმულნი იდგნენ ხიდურაზე და სექსტანით გაჰყურებდნენ ცას ან ჯიხურში გაჰყავდათ კურსი. პრაქტიკაც რომ დამთავრდა, სახელმწიფო გამოცდებიც ჩააბარეს და გოგონებს განშორების დღეც დაუდგათ. ვაიდე გვარიშვილი და შუშანა თუმანიშვილი "კასპიაზე“ გაანაწილეს, ნინო კალანდაძე და იულია ფაილოძე - შორეულ აღმოსავლეთში. ნინო და იულია 1941 წლის იანვრის დამდეგს გაემგზავრნენ მოსკოვში, ხოლო იქიდან - შორეულ აღმოსავლეთში. ოცი წლის გოგონები შტურმანის დიპლომებით მივიდნენ ვლადივოსტოკის სანაოსნო სამმართველოში. ამ საზღვაო ქალაქშიც კი გაუკვირდათ ქართველი ქალების ასეთი გაბედული ნაბიჯი. ორიოდე დღეში გამოცხადდნენ თავიანთ გემებზე, რომლებიც ჯერჯერობით ნავსადგურში იდგნენ, ყინულებში ჩაჭედილები. მწერალ ალექსანდრე ჩხაიძის მონათხრობით, "როგორც კი ყინული გადნა, პირველად იულიას გემი გავიდა რეისში, სახალინისკენ. ნინომ გააცილა იგი. შემდეგ იულიამ რადიოგრამა მიიღო მისგან - საზღვარგარეთ მივდივართო. ივნისის დამდეგს იულიას გემიც გავიდა საზღვარგარეთულ რეისში. 21 ივნისს, ღამით, შორეული ამერიკის ნაპირებთან შეიტყო გოგონამ ომის დაწყება. სან-ფრანცისკოში ორ თვეს იდგნენ სარემონტოდ და სამშობლოდან შორს მყოფნი, რადიოთი ისმენდნენ ომის ამბებს. ვლადივოსტოკში დაბრუნებულებმა, დაწვრილებით შეიტყვეს ყოველივე. ფრონტის ხაზი მათგან ათასობით კილომეტრით იყო დაშორებული, მაგრამ იულია ფაილოძე და მისი გემის ეკიპაჟი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ დიდ საქმეში - საომარი საჭურველი და სურსათი ჩამოჰქონდათ ამერიკიდან. ვაიდე და შუშანა იწერებოდნენ კასპიიდან, რომ მათ ირანის მხრიდან გადმოჰქონდათ თავიანთი გემებით ფრონტისთვის საჭირო ტვირთი.

იულია ნინოს კიდევ ერთხელ შეხვდა ვლადივოსტოკში, ხოლო შემდეგ... როცა ლოს-ანჟელესიდან ბრუნდებოდნენ, შტურმანი იულია ფაილოძე კაპიტანმა იხმო და აცნობა: ღამით რადისტმა ტანკერ "დონბასიდან“, რომელზეც ცურავდა ნინო კალანდაძე, რადიოსიგნალები მიიღო. ტანკერი შველას ითხოვდა. შემდეგ სიგნალები შეწყდაო.

იულიას უხმოდ მოუსმენია ეს საზარელი ამბავი, შემდეგ თავის კაიუტაში ჩაკეტილა და პატარა ბავშვივით ატირებულა. ვერაფრით იჯერებდა ნინოს დაღუპვას. ყოველდღე მოუთმენლად ელოდა ახალ ცნობას, მაგრამ "დონბასი“ დუმდა. ვლადივოსტოკში იულია სასწაულებრივად გადარჩენილ "დონბასის“ კაპიტნის თანაშემწეს შეხვედა და მან დაუდასტურა გემის და თითქმის მთელი ეკიპაჟის დაღუპვა: პირადად არ დამინახავს, მაგრამ შტურმანი კალანდაძეც მათთან ერთად დაიღუპაო. ასე გამოაკლდა მეზღვაურ ქალიშვილთა ოთხეულს ერთი მეგობარი.

ნინოს დაღუპვამ გული დასწყვიტა მეგობრებს, მაგრამ ისინი ნინოს მაინც ცოცხლად თვლიდნენ, ისევე, როგორც არ სჯეროდათ ნინოს დაღუპვა მის მშობლებს.

არსებობს ნინო კალანდაძის ომის დროინდელი წერილი ძმასთან, რომელშიც წერს: "სანაპიროზე ვდგავართ და ლოდინი ზღვიდან მძიმეს ხდის, მაგრამ ხომალდი მიდის და მეც მივყვები მას, ხმაურითა და დუმილით ერთდროულად“.

ნინო კალანდაძე ბარენცის ზღვაში დაიღუპა, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული ტორპედოს შეტევის შედეგად. იულია ფაილოძემ ომი გააგრძელა გემ "ვოიკოვზე“, როგორც მეორე ასისტენტმა კაპიტანმა. ვაიდე გვარიშვილი და შუშანა თუმანიშვილი წარმატებით მსახურობდნენ კასპიის ფლოტში. მათ თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ გემზე ქალი შეიძლება იყოს არა როგორც გამონაკლისი, არამედ - როგორც ძლიერი და ღირსეული მეზღვაური.

იულია ფაილოძემ შორეულ აღმოსავლეთში დიდხან დაჰყო. ვინ იცის, რამდენი რეისი ჩაატარა გემმა მის მიერ გავლებული კურსით, რამდენი ღამე გაათენა ვახტზე მდგომმა, ამერიკის, ავსტრალიისა და აზიის რამდენ ნავსადგურში ჩაუშვა ღუზა! შორეული აღმოსავლეთის იმდროინდელ გაზეთებში, საშტურმანო წიგნაკში მრავალგზისაა აღნიშნული ახალგაზრდა შტურმანი ქალის თავდადებული და მამაცური შრომა.

ფაშისტურ გერმანიაზე ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ ომის ასპარეზმა შორეულ აღმოსავლეთში გადაინაცვლა. იაპონიასთან ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის ფრონტი. შტურმან იულია ფაილოძეს სადესანტო ჯარები გადაჰყავდა იაპონიის კუნძულებზე. მტრის წყალქვეშა ნავები და ბომბდამშენები გზას უღობავდნენ, მაგრამ საბჭოთა არმიის ძლიერი დარტყმების შედეგად იმპერიალისტურმა იაპონიამაც დაყარა იარაღი. ომი საბოლოოდ დამთავრდა.

1946 წლის დამლევს იულია ფაილოძე გამოეთხოვა შორეულ აღმოსავლეთს და 6 წლის განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. აქვე დახვდნენ კასპიიდან ჩამოსული ვაიდე და შუშანა.

  • ეპილოგად

პირველი აჭარელი მეზღვაური ქალი - ვაიდე გვარიშვილი მძიმე სენით დაავადდა და 1950 წელს გარდაიცვალა. შუშანა თუმანიშვილი დიდხანს იყო "კასპიაზე“, ბოლოს კი აღარ ცურავდა. იგი ცოლად გაჰყვა თავის მებრძოლ მეგობარს - გემის კაპიტანს და, ასე თუ ისე, დიდხანს იყო ზღვასთან დაკავშირებული.

იულია ფაილოძემაც ვერ დააღწია თავი "ზღვის ავადმყოფობას“. 1945 წელს იულია უდიდეს გემ "ვოიკოვზე“, კაპიტნის მეორე თანაშემწად დაინიშნა. ომის დასრულების შემდეგ ოდესაში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა ყველაზე მეტად კუთვნილი შვებულების მიღება და რამდენიმე წლის უნახავ ოჯახთან ჩასვლა სურდა. ვლადივოსტოკში დაბრუნებულმა შეიტყო, რომ "დონბასზე“ კაპიტნის უფროს თანაშემწედ გადაჰყავდათ, საქართველოშიც არ უშვებდნენ. იულიამ ჩვეული პრინციპულობა გამოიჩინა და მიუხედავად იმისა, რომ დაუმორჩილებლობის გამო საყვედური ელოდა, "დონბასზე“ არ გადავიდა. მოგვიანებით ყვითელ ზღვაში შეიტყო, რომ ამ უარმა დაღუპვას გადაარჩინა: "დონბასი“ უკვე მეორედ, ამჯერად ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა. საბოლოოდ იულია ოდესის სანაოსნოში მაინც გადავიდა. მეგობრებს შორის ზღვას ყველაზე დიდხანს შემორჩა.

1948 წელს ხელისუფლების განკარგულებით, ქალებს ფლოტში სამსახური აეკრძალათ. იულია საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ კაპიტანი ვერ გახდა. "რომ არა ეს ბრძანება და ქალებისთვის მეზღვაურობის აკრძალვა, იულია 3-4 წელიწადში კაპიტანი აუცილებლად გახდებოდა და იქნებოდა არა მარტო შორეული ნაოსნობის პირველი ქართველი შტურმანი ქალი, არამედ პირველი ქართველი ქალი-კაპიტანიც“.

იგი მიიჩნევა პიონერად, რომელმაც დაამსხვრია სტერეოტიპები და გზა გაუკვალა ქართველ ქალებს საზღვაო სფეროში. იულია ფაილოძეს პროფესიასთან კავშირი ბოლომდე არ გაუწყვეტია. 1949 წლიდან იგი ბათუმის საზღვაო სასწავლებელში ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, მუშაობდა ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის გამგედ.

იულია ფაილოძე გარდაიცვალა ბათუმში, 2000 წელს, 80 წლის ასაკში.

იგი დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

  • (ფოტოები დამუშავებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით)

ირმა ხარშილაძე