საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს კარნახით შედგენილ ჩანაწერს, რომელიც 2017 წლის 24 ნოემბრით თარიღდება.
ჯაღმაიძის თქმით, ჩანაწერი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიო მუჯირის მოსაყდრედ გამორჩევის მეორე დღეს შედგა.

“ურთულესი დრო, პრიორიტეტები იცვლება...
მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები, ადამიანები მუდამ უნდა მიდიოდნენ წინ, მან უნდა გაიკვალოს.
რეალობაში სხვა ძალები, ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი. ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომელიც აქამდე არ ყოფილა. როცა ბუნებრივად ვითარდება, გასაგებია - როდესაც ხელოვნურად ხდება, ამით ცოდვას მიემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ.
რატომ ვაკანონებთ, იმისთვის რომ თითქოს პასუხი არ ვაგოთ, თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვაგებთ პასუხს. მნიშვნელობა არ აქვს კანონებს, პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე სწერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ, ეს მერე იცვლება კიდეც.
როდესაც დაფარული ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას.
არის შემთხვევა როდესაც იკარგება ანდერძი. მაგალითად ჩემს შემთხვევაში დავითმა პატრიარქმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზე დაწერილია ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა მეთქი, არ მინდა... შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა. ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს - გასაღები ვის აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო.
ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის ვინ არის მოსაყდრე. მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს.
შედგება გეგმა, რა უნდა გააკეთოს მოსაყდრემ.
მოსაყდრე დიდი დახმარებაა თუ სათანადოდ გაუძღვა... პატრიარქის და სინოდის დამხმარე. პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე.
პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე. იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილი იქნა მოსაყდრე ფილარეტი.
რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატი.
ურთიერთობა ხალხთან, სამღვდელოებასთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა,“ -აღნიშნულია წერილში.
“27 ნოემბერს სატელევიზიო ეთერი მქონდა “ტვ პირველზე“. პატრიარქმა დამისვა და მიკარნახებდა, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი. რასაც მკარნახობდა ვიწერდი და ეს ფურცელი მოვიტანე“, - აღნიშნა მან.