ავტორი:

რობოტი საოპერაციოში - პაციენტის ისტორია, რომელმაც მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში პანკრეასის ოპერაცია რობოტული ქირურგიით ჩაიტარა

რობოტი საოპერაციოში - პაციენტის ისტორია, რომელმაც მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში პანკრეასის ოპერაცია რობოტული ქირურგიით ჩაიტარა

საქართველოში რობოტული ქირურგიის აქტიური განვითარების პროცესი დაიწყო. ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში უკვე სამი რობოტული სისტემა ფუნქციონირებს, რაც ქართული მედიცინის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. ერთ-ერთი მათგანი კი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრშია, სადაც უკვე წარმატებით ჩატარდა ათობით რობოტული ოპერაცია.

ქალბატონო ნანული დავითური ექიმი ემზარ ნადირაძის პაციენტია, რომელიც პირველი ონკოქირურგია საქართველოში, ვინც აბდომინური ოპერაციები რობოტული ტექნიკის გამოყენებით განახორციელა. პანკრეასის თავის ავთვისებიანი წარმონაქმნი - ეს არის დიაგნოზი, რომლითაც ქალბატონმა ნანული დავითურმა კლინიკას მიმართა. სიმპტომები სტანდარტული, თუმცა საყურადღებო იყო: ტკივილი მუცლის არეში და კანის სიყვითლე. კონსილიუმისა და ონკობორდის დეტალური მსჯელობის შემდეგ, გადაწყდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა ერთი სიახლით - პაციენტს რობოტული ქირურგია შესთავაზეს.

რატომ რობოტული ქირურგია?

როგორც ქირურგი ემზარ ნადირაძე განმარტავს, მუცლის ღრუს ოპერაციები სამი გზით ხორციელდება: ტრადიციული (ღია), ლაპაროსკოპიული და რობოტული მეთოდით. შერჩევა ყოველთვის ინდივიდუალურია, თუმცა პანკრეასის შემთხვევაში რობოტს გადამწყვეტი უპირატესობა აქვს.

„პანკრეასზე ჩარევა მასშტაბური და პაციენტისთვის საკმაოდ ტრავმული პროცესია. ის მოითხოვს უდიდეს სიზუსტეს ანატომიურად ვიწრო სტრუქტურებში. აქ უმნიშვნელოვანესია სისხლძარღვებისგან ლიმფური კვანძების მაქსიმალური სიფრთხილით განცალკევება. რობოტული სისტემა სწორედ ამით გამოირჩევა: ქსოვილების მინიმალური ტრავმატიზაცია, გაძლიერებული 3D ვიზუალური კონტროლი და ორი კამერა, რაც ლაპაროსკოპიასთან შედარებით გაზრდილი შესაძლებლობაა. ქირურგი ყველა წვრილმანს აკონტროლებს, რაც პოსტოპერაციულ პერიოდზე პირდაპირ აისახება,“ - აღნიშნავს ექიმი.

პაციენტის გამოცდილება

როგორც ნანული დავითური გვიყვება, მას მანამდე ოპერაცია არასდროს ჰქონია გაკეთებული. რობოტული მეთოდის შესახებაც პირველად გაიგო, გადაწყვეტილება კი ექიმის ნდობაზე დაყრდნობით მიიღო.

„ბატონ ემზარს თავიდანვე ვენდე და ამ ნდობამ გაამართლა. პირველად მოვხვდი კლინიკაში და გაოცებული ვარ იმ სიმარტივით, რომლითაც ეს ყველაფერი გავიარე. მესამე დღეს უკვე წამომაჯინეს, მეოთხე დღეს კი პალატაში საკუთარი ფეხით გავიარე. ჩემი შვილებიც გაოცებულები იყვნენ. მზრუნველი გარემო და პროფესიონალთა გუნდი დამეხმარა, რომ თავი კარგად მეგრძნო. ისეთი ექიმია, ბოლომდე რომ ენდობი. მან გადამარჩინა,“ — იხსენებს ნანული დავითური.

მითები რობოტის შესახებ

ოპერაციას მართლა რობოტი აკეთებს? - ეს არის პირველი კითხვა, რომელიც რობოტული ქირურგიის შესახებ ნებისმიერ პაციენტს უჩნდება და სწორედ ამაზე არასრული ინფორმაცია უჩენს ეჭვს უახლესი ტექნოლოგიის მიმართ. ემზარ ნადირაძე პარალელს ავლებს წლების წინანდელ პერიოდთან, როდესაც ლაპაროსკოპიის მიმართაც არსებობდა სკეპტიციზმი. დღეს პაციენტების თითქმის 100% თავად ითხოვს ლაპაროსკოპიულ ჩარევას ღია წესით ჩატარებული ოპერაციის ნაცვლად.

„რობოტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლაპაროსკოპიის განვითარება. მეთოდის მთავარი ტექნიკური მახასიათებელი ისაა, რომ ქირურგი უშუალოდ პაციენტთან კი არ დგას, არამედ იმავე ოთახში, სპეციალურ კონსოლთან ზის. რობოტის ინსტრუმენტებს აქვთ სახსრული მოძრაობის უნარი და ადამიანის ხელის მოძრაობის მსგავსი ქმედება შეუძლია. ექიმი მისი კონსოლიდან მართავს რობოტის ხელს, რომელსაც მუცლის ზედაპირზე ზეწოლა არ აქვს, ხანგრძლივი ოპერაციის დროსაც გამორიცხულია ტრემორი და საოპერაციო ზონასთან მაქსიმალური მიახლოება შეუძლია. სისტემა იმდენად დახვეწილია, რომ ვიზუალური ხედვის არიდან გასვლის შემთხვევაში რობოტი წყვეტს მოქმედებას. საბოლოოდ, ვიღებთ მაქსიმალური სიზუსტით ჩატარებულ ოპერაციას, რომელიც პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმულია და მინიმუმამდე შემცირებულ სარეაბილიტაციო პერიოდს”, - განმარტავს ქირურგი.

მომავლის პერსპექტივა

ექიმები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 10 წლის შემდეგ რობოტული ქირურგია ისეთივე დამკვიდრებული ტრადიცია იქნება, როგორც დღეს ლაპაროსკოპიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სისტემა თავის თავში დისტანციურად ჩატარებულ ოპერაციებს გულისხმობს. ამ ეტაპზე, ექიმის კონსოლი საოპერაციოში, პაციენტის გვერდით არის განთავსებული. თუმცა რეალურად მთავარი ქირურგს პაციენტთან ფიზიკური შეხება არ აქვს. უშუალოდ საოპერაციო მაგიდასთან საოპერაციოს ექიმი და ექთანი მუშაობენ. მათ შორის კომუნიკაცია მიკროფონის საშუალებით ხდება. შესაბამისად, ძლიერი ინტერნეტკავშირის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ექიმი საოპერაციოში იქნება, თუ სხვა კონტინენტზე.

რობოტული ქირურგია ნამდვილად მედიცინის განვითარების მწვერვალია. ქალბატონი ნანული კი ჩვენთან საუბარს ამ წინადადებით ასრულებს: „ერთი თვე გავიდა და მგონია, რომ ოპერაცია არც გამიკეთებია“.