ასპირინი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გამოყენებადი წამალია, რომელსაც ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად იყენებდნენ. მისი ისტორია დაახლოებით 4000 წლის წინ იწყება. დღეს კი მეცნიერები ამ წამლის ახალ, ბევრად უფრო სერიოზულ ეფექტზე საუბრობენ: ბოლო წლებში ჩატარებულმა რამდენიმე დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ ასპირინი შესაძლოა ამცირებდეს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების და გავრცელების რისკს.
აღნიშნულის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს BBC.

ასპირინი დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ წამლად ითვლება, მაგრამ მისი ისტორია ათასობით წელს ითვლის.
არქეოლოგებმა მე-19 საუკუნის ბოლოს, მესოპოტამიაში, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4400 წლის თიხის ფირფიტები აღმოაჩინეს. მათზე აღწერილი იყო მცენარეული, ცხოველური და მინერალური ნაერთებით დამზადებული სამკურნალო საშუალებები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ტირიფის ხისგან მიღებულ ნივთიერებებს.
ცნობილია, რომ ტირიფის ქერქი შეიცავს სალიცინს, რომელიც ორგანიზმში სალიცილის მჟავად გარდაიქმნება - ნივთიერებად, რომელიც ტკივილს ამცირებს და ანთებას ებრძვის. სწორედ ეს ნაერთი გახდა თანამედროვე ასპირინის ქიმიური საფუძველი.
მსგავსი სამკურნალო მეთოდები გამოიყენებოდა სხვა უძველეს ცივილიზაციებშიც - ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომშიც.
მეცნიერული შესწავლა ბევრად გვიან, 1763 წელს დაიწყეს, როცა ინგლისელმა სასულიერო პირმა ედვარდ სტოუნმა ტირიფის ქერქის სიცხის დამწევ ეფექტზე დაიწყო საუბარი. მოგვიანებით მეცნიერებმა სალიცილის მჟავას უფრო სტაბილურ და ნაკლებად გამაღიზიანებელ ფორმად გარდაქმნას შეძლეს. ასე შეიქმნა თანამედროვე ასპირინი.

ასპირინის შესაძლო როლი კიბოს პრევენციაში პირველად 1970-იან წლებში განიხილეს - ამერიკელმა მეცნიერებმა კიბოთი დაავადებული თაგვების წყალში ასპირინი შეურიეს. შედეგად, მეტასტაზების გავრცელების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მნიშვნელოვანი გარდატეხა 2010 წელს მოხდა, როდესაც პიტერ როტველმა ხელახლა გააანალიზა მონაცემები და აღმოაჩინა, რომ ასპირინის რეგულარული მიღება შესაძლოა, ამცირებდეს როგორც კიბოს განვითარების, ისე მისი გავრცელების რისკს.
სწორედ ამ მიზეზით, მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს კონკრეტულ ჯგუფებზე - ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ კიბო ან გენეტიკური მიდრეკილება.

ასპირინის შესაძლო როლი კიბოს პრევენციაში კიდევ უფრო მკაფიო გახდა ჯონ ბერნის მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ. მისი გუნდი ლინჩის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს სწავლობდა - მდგომარეობა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მსხვილი ნაწლავის და სხვა ტიპის კიბოს განვითარების რისკს.
2020 წელს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომელშიც 861 პაციენტი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ ასპირინის მაღალ დოზას, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი დაახლოებით 50%-ით შემცირდა.
სამწლიან კვლევაში 2980 პაციენტი მონაწილეობდა. ერთ ჯგუფს ოპერაციის შემდეგ სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად აძლევდნენ 160 მგ ასპირინს. შედეგებმა აჩვენა, რომ ასპირინის მიმღებ ჯგუფში დაავადების დაბრუნების რისკი ნახევარზე ნაკლები იყო, რაც ძალიან ძლიერი ეფექტია.