ავტორი:

7 მცენარე, რომელიც ყველაზე ცუდ ნიადაგშიც კი ხარობს

7 მცენარე, რომელიც ყველაზე ცუდ ნიადაგშიც კი ხარობს

ბევრი მებაღისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ნიადაგი შორს არის იდეალურისგან, ხოლო მუდმივი მოვლისთვის დრო არ გვყოფნის. გამოცდილი მებაღე, რონდა ფლემინგ ჰეისი, გვიზიარებს იმ გამძლე მცენარეების ჩამონათვალს, რომლებიც არამარტო გადარჩებიან რთულ პირობებში, არამედ თვალისმომჭრელ ყვავილნარსაც შექმნიან.

წარმოგიდგენთ 7 "უძლეველ“ მცენარეს თქვენი ბაღისთვის:

  • 1. რუდბეკია (Rudbeckia) - გამძლეობის სიმბოლო

ეს მცენარე პირველ ადგილზეა უპრეტენზიო ყვავილებს შორის. რუდბეკია ადვილად იტანს სიცხეს, გვალვას და ღარიბ ნიადაგს. მისი კაშკაშა ყვითელი ყვავილები წლიდან წლამდე ხარობს და განსაკუთრებით უხდება ზაფხულის მიწურულის ლანდშაფტს.

  • 2. ლანტანა (Lantana) - ფერადი ხალიჩა მზის გულზე

თუ თქვენს ბაღში მზე ჭარბობს, ლანტანა საუკეთესო არჩევანია. ის დაფარულია პატარა, კანფეტივით ფერადი ყვავილების მტევნებით. მცენარე თავს მშვენივრად გრძნობს თითქმის ნებისმიერ ნიადაგში და ყვავილობას ყველაზე პაპანაქება სიცხეშიც კი აგრძელებს.

  • 3. დელოსპერმა (Delosperma) - "ყინულოვანი“ ეფექტი

ეს სუკულენტი გამორჩეულია თავისი ნეონისფერი ყვავილებით და ფოთლებით, რომლებსაც მსუბუქი ბზინვარება აქვთ. მებაღეები მას "უძლეველს“ უწოდებენ - ის იდეალურია ნიადაგის დასაფარად და მცხუნვარე მზესაც არ უშინდება.

4. კორეოფსისი (Coreopsis) - სათუთი, მაგრამ მტკიცე

მიუხედავად იმისა, რომ მისი წვრილი ღეროები და ყვითელი ყვავილები მყიფედ გამოიყურება, კორეოფსისი საოცრად უძლებს გვალვას. ის ყოველწლიურად ბრუნდება და შესანიშნავად ერწყმის სხვა მცენარეებს, მაგალითად, კატაპიტნას.

5. ფეტვი (Switchgrass) - დეკორატიული და ურყევი

მათთვის, ვისაც დეკორატიული ბალახები მოსწონს, ეს ჯიში ნამდვილი აღმოჩენაა. მას აქვს ნაზი, ვარდისფერი თავთავები, რომლებიც ქარში შრიალებენ. მცენარე მდგრადია მავნებლების მიმართ და ხარობს როგორც სველ, ისე მშრალ ან თიხიან ნიადაგზე.

6. კატაპიტნა (Nepeta) - ფუტკრების ფავორიტი

ეს მცენარე პოპულარულია თავისი მოცისფრო-იასამნისფერი ყვავილებითა და ვერცხლისფერი ფოთლებით. გარდა იმისა, რომ ძალიან გამძლეა, ის თქვენს ბაღში სასარგებლო მწერებსა და პეპლებს მოიზიდავს.

7. სედუმი (Sedum) - "ცოცხალი საფარი“

სედუმის უამრავი ფორმა და ფერი არსებობს. ყველა მათგანი უძლებს სიცხეს და ღარიბ ნიადაგს. დაბალმზარდი სახეობები შეგიძლიათ გამოიყენოთ "ცოცხალ საფრად“ - ისინი ხელს უშლიან სარეველების ზრდას და ნიადაგს ტენიანობას უნარჩუნებენ.

რჩევა: თუ კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება გსურთ, ყურადღება მიაქციეთ ეხინაცეას, კოსმეასა და ლავანდას. ეს მცენარეები მინიმალურ მოვლას საჭიროებენ, თუმცა ბაღს საოცარ არომატსა და ფერებს მატებენ.