ავტორი:

ზეითუნის ზეთი - წნევის წამალი თქვენს სამზარეულოში: როგორ არ შევცდეთ არჩევისას?

ზეითუნის ზეთი - წნევის წამალი თქვენს სამზარეულოში: როგორ არ შევცდეთ არჩევისას?

ჯანსაღი კვება მხოლოდ ტრენდი არ არის, ის ჩვენი ორგანიზმისთვის გრძელვადიანი ინვესტიციაა. დიეტოლოგების ბოლო დროინდელი რეკომენდაციით, არსებობს ერთი მარტივი ჩვევა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე საოცრებებს ახდენს: დღეში ერთი კოვზი უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი.

გამოცემა Verywell Health-ის ინფორმაციით, ზეითუნის ზეთი არა მხოლოდ გულს ეხმარება, არამედ აქტიურად უწყობს ხელს არტერიული წნევის დაწევას.

ზეითუნის ზეთის ეფექტურობის საიდუმლო მის შემადგენლობაში არსებულ გაჯერებულ ცხიმებსა და მძლავრ პოლიფენოლებშია. ამერიკის გულის ასოციაციის მონაცემებით, მასში შემავალი მონოგაჯერებული ცხიმები ორგანიზმიდან ე.წ. „ცუდ“ ქოლესტერინს (LDL) გამოდევნის, რაც ავტომატურად ამცირებს დატვირთვას არტერიებზე.

ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ზეთში არსებული პოლიფენოლები ებრძვიან ოქსიდაციურ სტრესს და ხელს უშლიან ანთებით პროცესებს. პროდუქტი აუმჯობესებს ენდოთელიუმის (სისხლძარღვების შიდა გარსის) ფუნქციას, რაც სისხლძარღვებს უკეთ გაფართოების საშუალებას აძლევს.

  • რომელი ზეთია საუკეთესო?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა ზეთი ერთნაირად სასარგებლო არ არის. წნევის დასაწევად დიეტოლოგები მხოლოდ Extra Virgin (EVOO) მარკირების პროდუქტს გვირჩევენ. იგი მიიღება ზეთისხილის ცივი დაწურვით, ყოველგვარი ქიმიური და თერმული დამუშავების გარეშე, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ყველა სასიცოცხლო ნივთიერება.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ზეითუნის ზეთი არ არის 'სწრაფი მოქმედების წამალი“. ეს არის ჯანსაღი დანამატი, რომლის შედეგიც რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება თვალსაჩინო. კლინიკური მონაცემებით, არტერიული წნევის სტაბილიზაცია რეგულარული მოხმარებიდან დაახლოებით 3-4 კვირაში ფიქსირდება.

  • მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:

აირჩიეთ მხოლოდ მუქი შუშის ბოთლში ჩამოსხმული ზეთი. ყოველთვის შეამოწმეთ მოსავლის აღების თარიღი - რაც უფრო ახალია, მით უკეთესი. დაამატეთ სალათებს, მზა სუპებს ან მიიღეთ სუფთა სახით. გარდა წნევის დარეგულირებისა, ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას და ხელს უწყობს ნაწლავების გამართულ მუშაობას.