ავტორი:

ისინი 40 000 წლის შემდეგ დაბრუნდნენ: ალასკაზე გამყინვარების ხანის არსებები გაცოცხლდნენ

ისინი 40 000 წლის შემდეგ დაბრუნდნენ: ალასკაზე გამყინვარების ხანის არსებები გაცოცხლდნენ

გამოცემა Daily Galaxy-ის ცნობით, ალასკაზე უძველესი მიკრობები, რომლებიც მამონტების დროიდან ღრმა გაყინვის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, გალღობის შემდეგ, სიცოცხლეს უბრუნდებიან.

მეცნიერთა ჯგუფმა, ტრისტან კაროს ხელმძღვანელობით, აიღო მარადიული მზრალობის ნიმუშები ცენტრალურ ალასკაზე მდებარე გვირაბიდან, რომლის კედლებშიც დღემდე ჩანს ბიზონების ნაშთები. მკვლევარებმა გაალღვეს ნიადაგი და ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ იმას, რაც მანამდე "მკვდარ" მატერიად მიიჩნეოდა.

არსებული მონაცემებით, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტივობა მინიმალური იყო, თუმცა მოგვიანებით ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

"ეს სულაც არ არის მკვდარი ნიმუშები. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ აქტიური სიცოცხლის შენარჩუნება, რასაც შეუძლია ორგანული ნივთიერებების დაშლა და მათი გამოყოფა ნახშირორჟანგის სახით", - განაცხადა კარომ.

ექსპერიმენტის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი გახდა სპეციფიკური სუნი, რომელიც მეცნიერებმა გვირაბში შესვლისას იგრძნეს.

"პირველი, რასაც იქ შესვლისას ამჩნევ, ძალიან უსიამოვნო სუნია. ძველი სარდაფის სუნი აქვს, რომელიც დიდი ხნით მიატოვეს. მიკრობიოლოგისთვის ეს ძალიან ამაღელვებელია, რადგან საინტერესო სუნები ხშირად მიკრობული წარმოშობისაა", - აღნიშნა ჯგუფის ხელმძღვანელმა.

გეოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა, სებასტიან კოპფმა განმარტა, რომ უძველესი სიცოცხლის ასეთი გამოღვიძება კლიმატისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს. მისი თქმით, გაყინული მიწის ლღობა, სადაც დიდი რაოდენობით ნახშირბადია შენახული, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოცანად რჩება.

ეს მიკრობები აჩქარებენ სათბურის ეფექტს, რადგან საუკუნეების განმავლობაში "დაკონსერვებულ" ნახშირბადს კვლავ ატმოსფეროში აბრუნებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, რეალურია საფრთხე, რომ ასეთმა "გამოღვიძებამ" შესაძლოა კაცობრიობისთვის უცნობი უძველესი დაავადებებიც გაააქტიუროს...