"ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფასების დამდგენი კომისიის შექმნისა და მუშაობის მიზანი აპრილის ბოლოს პროდუქტებზე ფასების დაკლება იყო.
ჯერ კიდევ 4 თვის წინ, დეკემბერში პრემიერი აცხადებდა, რომ ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ახლა კი პირიქით აღმოჩნდა - პრემიერი ირწმუნება, რომ საქართველოში პროდუქტებზე ფასი ევროპულთან შედარებით ბევრად დაბალია.
"კლასიკური სახის პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. თავიდან, როცა კობახიძე გამოვიდა, თქვა, ევროპაში უფრო იაფია პროდუქტები, ვიდრე საქართველოშიო და ახლა შემოატრიალეს ფირფიტა და ამბობენ, ჩვენთან ბევრად იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნებშიო. ისე გამოსდით, აი, ჩვენ გავაიაფეთ პროდუქტი 4 თვეშიო. რეალურად, მნიშვნელოვანია შევადაროთ შემოსავლები როგორია ევროპაში, რა ნაწილია საშუალო ევროპული ოჯახის სურსათის ხარჯი და რა ნაწილია საქართველოში. საქართველოში ეს არის თითქმის 40% საშუალო, ხოლო გაჭირვებული ოჯახებისთვის კიდევ უფრო მეტი (ნახევარზე მეტი) ხარჯი და შემოსავალი ამ გაზრდილ ფასს ვერ ეწევა. ცოტა არარელევანტურია, როცა ერთმანეთს ევროპულ ხარჯებს და სურსათის ფასებს ადარებ. ევროპაში, პირობითად, რაღაც შეიძლება იმიტომ ღირდეს უფრო ძვირი, რომ ცხოვრების უფრო მაღალი დონეა და ხალხს მეტი შემოსავალი აქვს, მათი შემოსავლის 10-15% მიდის სურსათზე და არა 40-50%, როგორც ჩვენთან. ეს შედარება არაფერში წერია" - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში ეკონომიკის დოქტორი გიორგი კეპულაძე.
- რა შედეგს გამოიღებს ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა, რომლის მიზანიც, კობახიძის თქმით, აპრილის ბოლოს ფასების დაკლება იყო?
- თავიდანვე ეს ფასების შემსწავლელი კომისია იყო და არა ფასების შემამცირებელი, სახელიდან ცოტა ეშმაკობა გამოსჭვივის. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ კომისიის მუშაობა გამოიღებდა არა პიარულ, არამედ რეალურ შედეგს. მე და სხვა ეკონომისტების დიდი ნაწილიც თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს კომისია ვერ გამოიღებდა შედეგს და მსგავსი ნაბიჯებით ფასების შემცირება, ზოგადად, არ ხდება - რაღაც კომისიებით, რეგულაციებით, სუპერმარკეტებში სუს-ის შეშვებით, ზეწოლით და ა.შ. ეს იყო, ასე ვთქვათ, 4 თვიანი რაღაც სანახაობა, შედეგი, რომ რაღაც ფასები შემცირდა, რაც უნდა გვეგრძნო, სამწუხაროდ, არ ჩანს. რაღაც სანახაობებს ვუყურებთ - რომ ეს განიხილეს, რომ ვიღაც ბიზნესმენები დაიბარეს, რაღაცები დააბრალეს (დისტრიბუტორები სუპერმარკეტებს, სუპერმარკეტები - მომწოდებლებს, თუ მწარმოებლებს), მაგრამ შედეგი პირიქით, უარყოფითია - დეკემბრიდან მოყოლებული, ფასები გაიზარდა, მათ შორის, საქსტატის მონაცემებიც გვაქვს, რომ ფასები გაზრდილია დეკემბერთან შედარებით, მით უმეტეს, სურსათზე, რაც მოსალოდნელიც იყო. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში“ თავადაც იცოდნენ, რომ ეს მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებდა, უბრალოდ, პოლიტიკურად რა მიზანი ჰქონდა „ოცნებას“, შეგვიძლია ვივარაუდოთ.
- თავის დროზე, როცა კობახიძე აღშფოთებული საუბრობდა, რომ ევროპასთან შედარებით მაღალი ფასები გვქონდა, ასეთი რამ თქვა, რომ ფასებს შორის სხვაობას მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების მაღალი ფასნამატი განაპირობებს. ქვეყანაში რა განაპირობებს და ვინ არის ფასების ზრდაზე პასუხისმგებელი?
- ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, რომელსაც პირდაპირ ეხება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და თუ ის ხედავს, ფასები იზრდება, თავისი ბერკეტები უნდა გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ყველაფერი კარგზე და ცუდზეც, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენი ხელისუფლება მარტო იმითაა დაკავებული, რომ ყველაფერი ვიღაც სხვას გადააბრალოს - ხან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, ხან საგარეო შოკებს, ხან ოპოზიციას, ხან ეროვნული ბანკის ყოფილ ხელმძღვანელებს (ვალუტის გაუფასურება) და ა.შ. ამისთვის ხომ არ გვყავს ხელისუფლება, რომ მარტო ის მოვისმინოთ, რომ ჩვენი ბრალი არ არის? რაღაც მოქმედება გვინდა მათგან. თუ ხედავ, რომ მიზეზი, პირობითად, ფასნამატია, გამოიკვლიო ეს მიზეზი, რატომ არის ასე და თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ესეც გვიჩვენოს, მაგრამ ამას კომისია კი არა, მოქმედება და პოლიტიკური და კეთილი ნება სჭირდება. ყველამ კარგად იცის, რომ ხელისუფლების კონტროლის გარეშე არც ოლიგოპოლიური და არც არანაირი გარიგებები არ არსებობს.
ზოგი ბიზნესი ისეთი შეშინებულია, ოპოზიციურად განწყობილ მედიაში რეკლამა ვერ მიაქვს და ხელისუფლების ნებართვის გარეშე რომ ვიღაც რაღაც მსხვილ გარიგებებში იყოს ჩართული, ძალიან მეეჭვება. მით უმეტეს, მთელი სურსათის უდიდეს სექტორს (მაღაზიებია, ბაზრებია, უბნის მარკეტები თუ სხვა, რთულია, ისინი ერთმანეთში რაღაცებზე შეთანხმდნენ ), ხელისუფლება როცა აბრალებს მაღალ ფასნამატს, ვიდრე ეკუთვნით და მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობენო, მაშინ ამას სხვა შედეგი უნდა მოჰყოლოდა, არა რაღაც კომისიის გასართობი სხდომები. დეკემბერში თუ იყო ეს ფასნამატი, ანუ ახლა როცა უფრო გაიზარდა ფასები, ფასნამატს და მარჟას მოუმატეს ამ კომისიის მუშაობის პირობებში? ლოგიკა სადაა?

მაღალი ფასების მიზეზი ჩვენთან არის სისტემა და ის მეთოდები, რითაც იმართება ქვეყანა. ჩვენ ვართ მართვის ჩაკეტილი სისტემა, სადაც გადაწყვეტილებებს ერთი ოჯახი, ერთი ადამიანი და საბოლოო ჯამში ვიწრო პოლიტიკური ელიტა იღებს და შესაბამისად, ეკონომიკურ სარგებელს, ადამიანები ვერ გრძნობენ. ეს იმიტომ, რომ სადაც ასეთი სისტემებია, იქ გარკვეული ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული ფული ელიტების ჯიბეებში ილექება და ის არ მიდის საშუალო ფენამდე, მით უმეტეს, ღარიბებამდე. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო და, შესაბამისად, ბიზნესს არ აქვს მოტივაცია მეტი აწარმოოს, მეტი აკეთოს და მეტი მოგება ნახოს, თუ წარმოებას გაზრდის. ბიზნესი რომ მოგებას ნახულობს, ეს კარგია იმიტომ, რომ ის გადასახადებს იხდის, ადამიანებს ასაქმებს...
სიტყვაზე, ვიღაც თუ იმპორტირებულ ზეთს ძვირად ყიდის, სხვამ შემოიტანოს და გაყიდოს იაფად, თუ არის ამის საშუალება, რატომ არ ყიდის ვინმე იაფად? იმიტომ, რომ ბაზარი ჩაკეტილია, სახელობით ვიცით ვის რა პროდუქცია შემოაქვს ამ ქვეყანაში და ასეთები ცოტანი არიან, ვიწრო წრეა, რომელიც გადაჯაჭვულია ხელისუფლებასთან - ისინი არიან მმართველი პარტიის შემომწირველები, მათ დამოუკიდებელ მედიაში რეკლამა კი არა, ინტერვიუს მიცემის ეშინიათ და ამ მდგომარეობაში არიან. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რა ხდება სუპერმარკეტებში და რით არის ფასები მაღალი განპირობებული? 14 წელია ხელისუფლებაში არიან და ახლა არკვევენ რატომაა სურსათზე მაღალი ფასები?
- ირაკლი კობახიძემ 10 ლარად რომ უნდა გაყიდვინოს საქონლის რბილი ხორცი, ეს ფასების ცოდნაზე მეტყველებს?
- ვიცით, რომ შეიძლება კობახიძე პირადად არ დადიოდეს მარკეტებში და ბაზარში, მაგრამ პრემიერ მინისტრი რომ გქვია, ინფორმაცია უნდა გქონდეს, საქონლის ხორცზე საშუალო ფასი რა არის ბაზარზე. პირობითად, ჩამოტანილი, გაყინული ხორცი, ან ცარიელი ძვლები შეიძლება ღირდეს კილო 20 ლარი. ან დათვლის რა მეთოდია, ნახევარ კილო ხორცის ფასს რომ ანგარიშობ, 20 ლარი უფრო ცუდად ჟღერს, ვიდრე 10? ნახევარ კილოობით ვინმე ითვლის ხორცის, ან ატმის ფასს? თუ სადმე შეიძლება იყოს ხორცი ამ ფასად, ის არ იქნება კარგი ხარისხის, მით უმეტეს, რბილი ხორცი 35-40 ლარი ღირს, ვინც დავდივართ მაღაზიებში, ვიცით ფასები. ეს განცხადება, ჩემი აზრით, იყო ცოტა ცინიკური, რამაც ცხონებული ნანული შევარდნაძე გამახსენა, 14 ლარი პენსია დიასახლისს როგორ არ უნდა ეყოსო, რომ თქვა. გაჭირვებულ ქვეყანაში იმდენად მტკივნეული და ცინიკური იყო ეს ფრაზა, დღემდე გვახსოვს. დარწმუნებული ვარ, კობახიძის ეს ფრაზაც ძალიან დიდხანს ეხსომებათ საქართველოს მოქალაქეებს. მათ შორის, მან თავის მომხრეებსაც დასცინა, იმ მომხრემაც ხომ იცის, რომ ეს ტყუილია? ქვეყანაში შემაკავებელი ინსტიტუტი აღარ არსებობს, ყველაფერი მოქცეულია ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ და ბოლო ბასტიონი დარჩა დამოუკიდებელი მედია და იმასაც ყველანაირად უზღუდავენ დაფინანსების წყაროებს. ამ სიტუაციაში რასაც უნდა, იმას იტყვიან და ვიღაცები დაიჯერებენ კიდეც. ვიღაცებს ისიც სჯეროდათ, კომისიის შექმნით ფასები შემცირდებოდა, მაგრამ 4 თვის შემდეგ შედეგს ხომ ვხედავთ, რა მივიღეთ?
- საქსტატის მონაცემები როგორია წინა წელთან, ან თვეებთან შედარებით? მართლაც, ფასები მაღლა იწევს და ისე ხომ არ მივიღებთ, როგორც კვერცხის შემთხვევაში მოხდა - ჯერ მისმა ფასმა მოიმატა და მერე ისევ ძველ ფასს დაუბრუნდა და უნდა დავიჯეროთ, რომ ფასმა დაიკლო?
- ეს არის თემა, რომელზეც ხალხს ვერ მოატყუებ. ოქროს და უძრავი ქონების ფასზე შეიძლება მოატყუო, მათ ბევრი ვერ ყიდულობს, მაგრამ სურსათის ფასზე ვერავის მოატყუებ. მნიშვნელოვანია ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის პროგნოზითაც გაზრდილია წლის ბოლომდე, ვიდრე ველოდით. ინფლაციის მიზეზია რა თქმა უნდა, სისტემა, როგორც იმართება ქვეყანა - ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე მიდის ზეწოლა და ბიზნესმენებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაც კი აუკრძალეს, ასევე, კორუფციაა ინფლაციის მიზეზი, თვითონ ქოცები გვიყვებიან, რომ ექსპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა მილიონობით ლარი მოიპარეს. საბოლოო ჯამში, კორუფციული გარიგებები ჩვენს ჯიბეს აკლდება და რისკი იზრდება ქვეყანაში. როცა რისკები იზრდება, ქვეყანა სარისკოა ბიზნესისთვისაც, ცხოვრებისთვისაც და უცხოელი ინვესტორისთვისაც. რისკის ზრდას მოსდევს მარჟების და ფასების ზრდაც, ბიზნესი ცდილობს ეს რისკი ფასების ზრდით დააბალანსოს - ესაა ლოგიკური პროცესი. რისკი რომ ნაკლები იყოს, მაშინ არ იქნებოდა არც ასეთი ფასები, არც ასეთი საპროცენტო განაკვეთები და არც დაბალი ინვესტიციები. ხელისუფლება იმიტომ ხარ, ამ მიზეზებს ებრძოლო, რაღაც ნაბიჯები გადადგა, რაღაც სანახაობები კი არ მოაწყო, საბოლოო ჯამში დადო შედეგი, რომ შენს მოქალაქეებს ცხოვრება კი არ გაუუარესდეს, არამედ გაუმჯობესდეს. ხელისუფლებას იმიტომ ვირჩევთ, ჩვენზე იზრუნოს და ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემო, მოქალაქეებისთვის მეტი შემოსავალი და ნაკლები ხარჯი უზრუნველყოს, მაგრამ საქართველოში ყველაფერი პირიქითაა, სამწუხაროდ. საქსტატის მიხედვით, საშუალოდ, სურსათის წლიური ინფლაციაა 9-10%. საბოლოოდ მივიღებთ შედეგს, რომ ბოლო 5 წელში ფასები თითქმის გაორმაგებულია და ამას ჩვენი ჯიბიდან ვიხდით.
- დეკემბერში თუ პირიქით იყო, გუშინ პრემიერმა გვამცნო, რომ ევროპის ქვეყნებში ბევრად ძვირია ფასები, ვიდრე საქართველოში...
- კლასიკური სახის პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. თავიდან, როცა კობახიძე გამოვიდა, თქვა, ევროპაში უფრო იაფია პროდუქტები, ვიდრე საქართველოშიო და ახლა შემოატრიალეს ფირფიტა და ამბობენ, ჩვენთან ბევრად იაფია, ვიდრე ევროპის ქვეყნებშიო. ისე გამოსდით, აი, ჩვენ გავაიაფეთ 4 თვეშიო. რეალურად, მნიშვნელოვანია შევადაროთ შემოსავლები როგორია ევროპაში, რა ნაწილია საშუალო ევროპული ოჯახის სურსათის ხარჯი და რა ნაწილია საქართველოში. საქართველოში ეს არის თითქმის 40% საშუალო, ხოლო გაჭირვებული ოჯახებისთვის კიდევ უფრო მეტი (ნახევარზე მეტი) ხარჯი და შემოსავალი ვერ ეწევა ამ გაზრდილ ფასს. ცოტა არარელევანტურია, როცა ერთმანეთს ევროპულ ხარჯებს და სურსათის ფასებს ადარებ. ევროპაში, პირობითად, რაღაც შეიძლება იმიტომ ღირდეს უფრო ძვირი, რომ ცხოვრების უფრო მაღალი დონეა და ხალხს მეტი შემოსავალი აქვს, მათი შემოსავლის 10-15% მიდის სურსათზე და არა 40-50%, როგორც ჩვენთან. ეს შედარება არაფერში წერია.
- მაინც რას ელით საპარლამენტო კომისიისგან?
- არ ველოდები, რომ კომისიის მუშაობის შედეგად ფასები დაიკლებს, პირიქით, მომავალში შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ამ პროგნოზს აკეთებენ ადგილობრივი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები და ასევე, ეროვნული ბანკი - მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო განცხადებაში ითქვა, რომ აპრილში ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდაა მოსალოდნელი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით არ ველოდები, რომ ქვეყანაში წლის ბოლომდე ფასები შემცირდება, მით უმეტეს, როცა ამას ემატება რაღაც საგარეო შოკები, ტრანსპორტირების, საწვავის გაძვირება და სხვა, რაც ადგილობრივადაც ყველაფერს გააძვირებს. ფერმერს რომ პროდუქტის თბილისამდე ჩამოტანა გაუძვირდება, რას გააკეთებს? - გაზრდის პროდუქციის ფასს (მოხვნა, დათესვა, ტრანსპორტირება, დისტრიბუცია, დიზელის საწვავი, რომელიც 4 ლარს გადასცდა). ამ პირობებში, რანაირი კომისიაც არ უნდა შეიქმნას, როგორ წარმოგვიდგენია, წელს რამეზე ფასი გაიაფდება? ამის მთავარი მიზეზი უნდა ვეძიოთ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში და ქვეყნის არასწორ მართვაში. წარმოუდგენელია, რომ ავტორიტარიზმის პირობებში საქართველოში ხალხი გამდიდრდეს (რაღაც ერთი წრის გარდა).