გაუმართავ აპარატებთან რამდენიმესაათიანი რიგი, დასაჯდომი ადგილების დეფიციტი და პერსონალის ნაკლებობა - ეს ყველაფერი ევროპის აეროპორტებში ხდებოდა.
აეროპორტების ადმინისტრაციის თქმით, მგზავრებს რიგში დგომა ხშირად სამ საათამდე უწევდათ.

“The Guardian" -ის გამოკითხვას ასობით ადამიანი გამოეხმაურა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთისთვის მგზავრობამ შეფერხების გარეშე ჩაიარა, ბევრმა ადამიანმა ამავე დროს "სერიოზულ დაგვიანებებზე" გამოთქვა საყვედური, რის გამოც მათი ნაწილი რეისებზე საერთოდ ვერ მოხვდა.

მგზავრები ტექნიკურ ხარვეზებზე (მაგალითად, აპარატები თითის ანაბეჭდებს არ კითხულობდა) და ბავშვებთან ერთად მგზავრობის დროს შექმნილ პრობლემებზე საუბრობდნენ. მათი თქმით, თვითმომსახურების "კიოსკების" გამოყენების შესახებ ინსტრუქცია თითქმის არ არსებობდა. ზოგიერთს მგზავრობის თითოეულ ეტაპზე რეგისტრაციის ხელახლა გავლა უწევდა, პერსონალი დასმულ შეკითხვებს პასუხს ვერ სცემდა ან ადგილზე საერთოდ არავინ იყო ვინც დახმარების აღმოჩენას შეძლებდა.

დეივ ჯაილსი (47 წლის, IT მენეჯერი): მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში რამდენიმე საათით ადრე მივიდა, დეივმა კოპენჰაგენიდან შინ დაბრუნებისას რეისზე მაინც დააგვიანა.
“საპასპორტო კონტროლთან 80-დან 100-მდე ადამიანი იდგა რიგში, პასპორტებს კი მხოლოდ სამი აპარატი ამოწმებდა. მალე ერთ-ერთი მათგანიც დაიხურა, პერსონალი რეისის შეჩერებას ეცადა, თვითმფრინავზე მხოლოდ რამდენიმე წამით დავაგვიანე. ამ შემთხვევის გამო მ 2,000 ფუნტამდე ვიზარალე (ახალი ბილეთები, სასტუმრო, პარკინგი). ავიაკომპანიამ და სადაზღვევო კომპანიამ კი პასუხისმგებლობა არ აიღეს" - ჰყვება ჯაილსი.
ჯორჯია ლონდონიდან: ორსულმა მგზავრმა პიზის აეროპორტში, რიგში ოთხი საათი გაატარა
“რიგში ჩვილებიანი მშობლებიც იყვნენ, თუმცა არავითარი დახმარება და დასაჯდომი ადგილები არ იყო. დერეფანში, სადაც ფანჯრებიც კი არ არის, ძალიან დაცხა. იატაკზე დავჯექი, ლამის გული წამივიდა. წყალს მხოლოდ რიგის თავში არიგებდნენ, სადამდე მისვლასაც ოთხი საათი დასჭირდა" - ამბობს ჯორჯია
როგორც მგზავრები აღნიშნავენ, თვითმომსახურების აპარატები ხშირად საერთოდ არ მუშაობდა.

23 წლის დილან თომასმა აღმოაჩინა, რომ ბრიუსელის აეროპორტში დამონტაჟებული 20-მდე აპარატი ყველა ცელოფნებში იყო შეფუთული, შემოწმებას კი მხოლოდ ერთი თანამშრომელი ატარებდა.
პრობლემები ხანდაზმულებისთვის
75 წლის დევიდი ამბობს, რომ ფუერტევენტურას აეროპორტში მგზავრებს შუშის კედლებიან სივრცეში “ერეკებოდნენ“, სადაც არც სკამები იყო და არც საპირფარეშოები.