ავტორი:

სად მდებარეობდა თქვენი სამშობლო 320 მილიონი წლის წინ? - მკვლევარებმა ინოვაციური პლატფორმა შექმნეს, რომელიც კონტინენტების დროში "მოგზაურობას" ასახავს

სად მდებარეობდა თქვენი სამშობლო 320 მილიონი წლის წინ? - მკვლევარებმა ინოვაციური პლატფორმა შექმნეს, რომელიც კონტინენტების დროში "მოგზაურობას" ასახავს

თუ ოდესმე დაინტერესებულხართ, სად იქნებოდა თქვენი მშობლიური ადგილები დინოზავრების ხანაში, მეცნიერებს პასუხი უკვე გააჩნიათ. უტრეხტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ინტერაქტიული ხელსაწყო შექმნეს, რომელიც 320-მილიონი წლის განმავლობაში დედამიწის კონტინენტების “მოგზაურობას“ ასახავს.

პლატფორმას Paleolatitude ეწოდება და იგი ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ისტორიის ყველაზე რთულ და დეტალურ რუკას, “უტრეხტის პალეოგეოლოგიურ მოდელს“ ეფუძნება. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ლოკაცია აირჩიოს და დრო უკან დააბრუნოს, რათა უძველესი სუპერკონტინენტის, პანგეას, დაშლიდან დღემდე მის მიერ გავლილი გზა ნახოს.

როგორ მუშაობს ხელსაწყო?

რუკაზე სასურველი წერტილის მონიშვნის შემდეგ ეკრანზე გრაფიკი ჩნდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კონკრეტული ტექტონიკური ფილის მოძრაობას ასახავს.

გრაფიკი იმ განედს მიუთითებს, რომელზეც ესა თუ ის ადგილი დროის სხვადასხვა მონაკვეთში იმყოფებოდა. მაგალითად:

ლონდონი: 320 მილიონი წლის წინ - იგი სამხრეთ განედის 6°-ზე იმყოფებოდა, ანუ ეკვატორის სამხრეთით.

შრი-ლანკა: დღევანდელი სუბტროპიკული კუნძული ოდესღაც ანტარქტიდის ყინულოვან წყლებში მდებარეობდა.

პროფესორი დუვე ვან ჰინსბერგენის განმარტების თანახმად, ინგლისსა და ნიდერლანდებში ნაპოვნი 250 მილიონი წლის წინანდელი (ტრიასული პერიოდის) ქანები უდაბნოსა და ტროპიკული ზღვის არსებობაზე მიუთითებს. ანუ აქ ისეთივე კლიმატი იყო , როგორიც დღეს არაბეთის ნახევარკუნძულზეა გაბატონებული. ინტერაქტიული რუკა მართლაც ადასტურებს, რომ იმ დროს ეს რეგიონები ჩრდილოეთ განედის 20-30°-ზე მდებარეობდნენ.

დაკარგული კონტინენტების კვალდაკვალ

ეს მოდელი იმითაც არის გამორჩეული, რომ მეცნიერებმა მთის მასივებში “დამალული“ კონტინენტების ( მაგალითად, დიდი ადრია, ტეთისის ჰიმალაი ან არგოლანდი) კვალის აღდგენა შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტინენტები დიდ ხანია გაქრა, ნეპალისა და ესპანეთის მთების ნაოჭებში ჩარჩენილმა მათმა კვალმა დღემდე მოაღწია.

კვლევის თანაავტორის, დოქტორი ბრამ ვაესის თქმით, “ამ აღმოჩენის გაკეთებაში მეცნიერებს დედამიწის მაგნიტური ველი დაეხმარა, რადგან ქანებში არსებული მაგნიტური მინერალები იმ განედის შესახებ “ინახავენ“ ინფორმაციას, სადაც ისინი წარმოიქმნენ.“

რეკორდული გადაადგილებები

მოდელის მიხედვით, ყველაზე დრამატული ცვლილებები ინდოეთმა განიცადა. ისტორიის დიდ ნაწილის განმავლობაში ის ანტარქტიდის მეზობლად, სამხრეთ განედის 60°-ზე მდებარეობდა, თუმცა 65-45 მილიონი წლის წინ ჩრდილოეთისკენ წელიწადში 20 სანტიმეტრის სიჩქარით დაიწყო სვლა, რაც გეოლოგების თქმით “რაკეტის მსგავს სიჩქარეს“ წარმოადგენს.

საპირისპიროდ, კარიბის ზღვის აუზი ბოლო 150 მილიონი წელია თითქმის ერთსა და იმავე ტროპიკულ განედზეა განთავსებული.

"ეს მსოფლიოს უძველესი კურორტია" - ხუმრობს პროფესორი ვან ჰინსბერგენი.

ინტერაქტიული მოდელის შემქმნელების ჩანაფიქრით, ახალი მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება უკეთ გაიგონ, თუ როგორ მოხდა სახეობების მასობრივი გადაშენება, როგორ მიგრირებდნენ დინოზავრები და როგორ ეგუებიან ცხოველები კლიმატის მომავალ ცვლილებებს. მკვლევარები მოდელირების ისტორიული მონაკვეთის გაზრდასაც გეგმავენ, ახალი გეგმებით მან 550 მილიონი წელი, “კამბრიულ აფეთქებამდე“ არსებული პერიოდი უნდა მოიცვას.

წყარო