წარმოიდგინეთ, ყიდულობთ ოცნების სახლს კვებეკში, თლილი ქვის კედლები, სიმშვიდე, თვალწარმტაცი ბუნება და 1.2 მილიონი დოლარის ღირებულების კომფორტი. თუმცა, ამ იდილიის მიღმა იმალება საიდუმლო, რომელიც არცერთ საბუთში არ წერია - აქ ადამიანი მოკლეს.
ექვსი წლის წინ, ამ სახლში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. 52 წლის ნორმან ჯეიმსი, რომელსაც შიზოფრენია ჰქონდა, შენობაში შეიჭრა. სახლის მაშინდელმა მფლობელმა, სამი შვილის დედამ, თავდაცვის მიზნით მას დანით 10 ჭრილობა მიაყენა.
სისხლისგან დაცლილი ჯეიმსი სახლიდან გასვლას ცდილობდა, თუმცა ზღურბლთანვე დაეცა. იგი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ ქალი დაკითხა, თუმცა ბრალი არ წაუყენებია - ეს აშკარა თავდაცვა იყო.
დავა სწორედ იმაზე მიმდინარეობს, თუ როგორ იყო ეს ფაქტი გაფორმებული გაყიდვისას. დოკუმენტებში წერია:
გამყიდველის პოზიცია: მათ მონიშნეს, რომ სახლში მოხდა "შეჭრა / დაპირისპირება“, თუმცა კითხვაზე - "მოხდა თუ არა შენობაში ძალადობრივი სიკვდილი?“ - უპასუხეს: არა. მათი თქმით, ჯეიმსი ტექნიკურად სახლის გარეთ დაეცა და საავადმყოფოში გარდაიცვალა, შესაბამისად, სახლში "სიკვდილი“ არ დაფიქსირებულა.
ახალი მფლობელები კი ამას სიცრუედ მიიჩნევენ. მათი თქმით, ეს რომ სცოდნოდათ, სახლს ან საერთოდ არ იყიდდნენ, ან ფასს მინიმუმ 25%-ით დააკლებინებდნენ.
"თუ ავარიაში მოვყევი და საავადმყოფოში გარდავიცვალე, სად მოვკვდი - პალატაში თუ ავარიაში?“ - ასე ხსნის იურისტი მაქსიმ ლაფლამი იმ სამართლებრივ ლაბირინთს, რომელშიც მხარეები აღმოჩნდნენ.
ახალი მფლობელები ახლა 425,000 დოლარს ითხოვენ კომპენსაციის სახით. გარდა ამისა, ისინი უჩივიან რეალტორსაც, რომელმაც, მათი აზრით, ხელი დააფარა ამ საზარელ ისტორიას.
ექსპერტების თქმით, ასეთი "სისხლიანი ისტორია“ ქონების საბაზრო ღირებულებას ავტომატურად 10-15%-ით აგდებს, რადგან მყიდველების დიდი ნაწილი მსგავსი ენერგეტიკის მქონე სახლებს ერიდება.