ბრიტანელი მყვინთავების გუნდმა 108 წლის ჩაძირული გემი USCGC Tampa იპოვა.
გემის პოვნა მარტივი არ ყოფილა. მყვინთავებმა ძებნა სამი წლის წინ დაიწყეს და სულ 10 უშედეგო ჩაყვინთვა განახორციელეს. თუმცა საბოლოოდ „ტამპას“ ნამსხვრევების აღმოჩენა და ისტორიული საიდუმლოს ამოხსნა მაინც შეძლეს.

54 წლის დომ რობინსონი გუნდის ერთ-ერთი წევრია. მისი თქმით, გემს ზღვის ფსკერზე, დაახლოებით 95 მეტრის სიღრმეში მიაგნეს. ეს აღმოჩენა მრავალწლიანი შრომისა და მცდელობების შედეგი იყო.
„ეს უზარმაზარი შრომის კულმინაციაა, ეს ის მომენტი იყო, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდით. თითქმის დანებება გვინდოდა... ეს ბოლო ჩაყვინთვა იყო“ — იხსენებს დომ რობინსონი.

USCGC Tampa 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომი დროს, ირლანდიის ზღვაში კოლონას აცილებდა. მოგვიანებით გემი ბრისტოლის სრუტისკენ გაემართა საწვავის შესავსებად, თუმცა გზაში გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედო ესროლა. დარტყმის შემდეგ „ტამპა“ სულ სამ წუთში ჩაიძირა.

ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 131 ადამიანი: 111 სანაპირო დაცვის თანამშრომელი, აშშ-ის საზღვაო ძალების ოთხი წევრი და 16 სამეფო საზღვაო ფლოტის მეზღვაური და მშვიდობიანი პირი.

გემის ზუსტი ადგილმდებარეობა ათწლეულების განმავლობაში უცნობი რჩებოდა. მკვლევრებს მხოლოდ სავარაუდო კოორდინატები ჰქონდათ, რომლებიც გერმანული და ბრიტანული სამხედრო ჩანაწერებისა და ჰიდროგრაფიული მონაცემების შედარებით იყო განსაზღვრული.
მყვინთავებს მიაწოდეს ისტორიული ჩანაწერები და ტექნიკური მონაცემები, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩაძირული ხომალდის ზუსტი მდებარეობის დადასტურებაში. ეს მოიცავდა გემბანის დეტალებს, გემის ბორბალს, ზარს, შეიარაღებას და USCGC Tampa-ს საარქივო ფოტოებს.